არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

ღმერთმა მოიწონა მათი ძღვენი

ღმერთმა მოიწონა მათი ძღვენი

ებრაელები 11:4

თემა: როგორ თაყვანისცემას იწონებს იეჰოვა?

1—3. ა) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ რომელ ოთხ ძირითად მოთხოვნას განვიხილავთ?

აბელი გულდასმით ათვალიერებს თავის ცხვრებს. მათი მოგების დღიდან ის თითოეულს თავს ევლებოდა. ახლა კი ფარიდან რამდენიმეს არჩევს, რომ დაკლას და ღმერთს ძღვნად შესწიროს. მოიწონა იეჰოვამ ცოდვილი კაცის, აბელის მიერ ღვთის თაყვანისცემის მიზნით გაღებული მსხვერპლი?

2 ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ აბელზე დაწერა: „ღმერთმა მოიწონა მისი ძღვენი“. თუმცა იეჰოვამ კაენის შესაწირავი დაიწუნა (წაიკითხეთ ებრაელების 11:4). ამიტომ წამოიჭრება შემდეგი კითხვები: რატომ მოიწონა ღმერთმა აბელის შესაწირავი, კაენისა კი — არა? რას ვსწავლობთ კაენის, აბელისა და ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ღვთის მსახურების მაგალითებიდან? ამ კითხვებზე პასუხები უკეთ დაგვანახვებს, რა იგულისხმება წმინდა თაყვანისმცემლობაში.

3 ამ თავში ვისაუბრებთ, თუ როგორ სცემდნენ ღმერთს თაყვანს მისი მსახურები აბელის დროიდან მოყოლებული ეზეკიელის დრომდე. განხილვის დროს ყურადღება მიაქციეთ ოთხ მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომელთა გათვალისწინებაც გვმართებს, თუკი გვინდა, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა მოსაწონი იყოს ღვთისთვის: 1) მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი; 2) მისთვის საუკეთესო უნდა გავიღოთ; 3) მას ისე უნდა ვემსახუროთ, როგორც თავად იწონებს, დაბოლოს, 4) ეს სწორი მოტივით უნდა ვაკეთოთ.

რატომ დაიწუნა ღმერთმა კაენის მსხვერპლი?

4, 5. საიდან ეცოდინებოდა კაენს, ვის სწირავდა მსხვერპლს?

4 წაიკითხეთ დაბადების 4:2—5. კაენმა იცოდა, ვის სწირავდა ძღვენს; შესაბამისად, მან დააკმაყოფილა პირველი მოთხოვნა. მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა ექნებოდა საიმისოდ, რომ ესწავლა იეჰოვას შესახებ. ის და მისი ძმა აბელი, სავარაუდოდ, 100 წელს მიტანებულნი იყვნენ, როცა მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას. * მათ პატარაობიდანვე ეცოდინებოდათ ედემის ბაღის არსებობის შესახებ და შორიდან დანახულიც ექნებოდათ როგორც ეს თვალწარმტაცი ბაღი, ისე ქერუბიმები, რომლებიც იცავდნენ ბაღის შესასვლელს (დაბ. 3:24). მშობლები უსათუოდ მოუთხრობდნენ შვილებს, რომ სიცოცხლე იეჰოვამ შექმნა. მათ იმაზეც მოუყვებოდნენ, რომ რასაც ირგვლივ ხედავდნენ, საერთო არაფერი ჰქონდა იეჰოვას თავდაპირველ განზრახვასთან, რადგან ისინი თანდათანობით სიკვდილს უახლოვდებოდნენ (დაბ. 1:24—28). შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის ცოდნამ უბიძგა კაენს, რომ შესაწირავი მიეტანა იეჰოვასთვის.

5 კიდევ რამ აღძრა კაენი, მსხვერპლი შეეწირა იეჰოვასთვის? იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, მოვიდოდა შთამომავალი; ის თავს გაუჭეჭყავდა გველს, რომელმაც აცდუნა ევა და მომაკვდინებელი ცოდვა ჩაადენინა (დაბ. 3:4—6, 14, 15). ვინაიდან კაენი პირმშო იყო, შესაძლოა ფიქრობდა, რომ თავად იყო აღთქმული შთამომავალი (დაბ. 4:1). გარდა ამისა, მან იცოდა, რომ ღმერთს არ გაუწყვეტია ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობა. მაგალითად, ადამის შეცოდების შემდეგ ღმერთი, როგორც ჩანს, ანგელოზის მეშვეობით ესაუბრა პირველ მამაკაცს (დაბ. 3:8—10). მას შემდეგ, რაც კაენმა მსხვერპლი შესწირა, ღმერთი მასაც ესაუბრა (დაბ. 4:6). ეჭვგარეშეა, კაენმა იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა თაყვანისცემა.

6, 7. ჰქონდა რაიმე წუნი კაენის შესაწირავს ან ღვთისთვის მიუღებელი სახით ხომ არ იყო შეწირული? ახსენით.

6 მაშ, რატომ დაიწუნა იეჰოვამ კაენის მიერ შეწირული მსხვერპლი? იქნებ ვერ აკმაყოფილებდა ზემოთ მოხსენიებულ მეორე მოთხოვნას? ჰქონდა რაიმე წუნი მის ძღვენს? ბიბლიაში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ კაენმა მიწის ნაყოფი შესწირა ღმერთს, თუმცა მოგვიანებით მოსეს კანონმა ცხადყო, რომ ამგვარ შესაწირავსაც იწონებდა ღმერთი (რიცხ. 15:8, 9). ისიც საგულისხმოა, რომ ადამიანები მაშინ მხოლოდ მცენარეულობით იკვებებოდნენ (დაბ. 1:29). ედემის ბაღის გარდა მიწა ყველგან დაწყევლილი იყო, რის გამოც კაენი ოფლით მოიწევდა მოსავალს (დაბ. 3:17—19). და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ კაენმა დიდი ჯაფის შედეგად მოწეული საზრდო შესწირა ღმერთს, იეჰოვამ დაიწუნა მისი ძღვენი.

7 თუკი ძღვენს წუნი არ ჰქონდა, მაშ, რატომ დაიწუნა იეჰოვამ კაენის შესაწირავი? ის ხომ არ იყო მიზეზი, რომ მან ძღვენი ღვთისთვის მიუღებელი სახით შესწირა და ვერ დააკმაყოფილა მესამე მოთხოვნა? ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, როდესაც იეჰოვამ არ მიიღო კაენის შესაწირავი, მას არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. ბიბლიაში არსად წერია, თუ როგორ შესწირეს კაენმა და აბელმა თავიანთი მსხვერპლი. მაშ, რა გახდა მიზეზი?

კაენმა ძღვენი არასწორი მოტივით შესწირა. (იხილეთ მე-8 და მე-9 აბზაცები)

8, 9. ა) რატომ დაიწუნა იეჰოვამ კაენი და მისი მსხვერპლი? ბ) რა იყო თქვენთვის საინტერესო ბიბლიური მონათხრობიდან აბელსა და კაენზე?

8 პავლეს მიერ ებრაელებისთვის ღვთის შთაგონებით მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ კაენს მსხვერპლი სწორი მოტივით არ შეუწირავს, ანუ ვერ დააკმაყოფილა მეოთხე მოთხოვნა; მას აკლდა რწმენა (ებრ. 11:4; 1 იოან. 3:11, 12). იეჰოვამ დაიწუნა არა მხოლოდ გაღებული შესაწირავი, არამედ თავად კაენიც (დაბ. 4:5—8). ვინაიდან იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, ის საკუთარი შვილის გამოსწორებას შეეცადა. თუმცა კაენმა არ მიიღო ღვთისგან დახმარება. მის გულში ხორცის საქმეებს — მტრობას, დავასა და ეჭვიანობას — გაედგა ფესვი (გალ. 5:19, 20). კაენმა თავისი ბოროტი გულით ღვთისთვის შეწირულ მსხვერპლს მთლიანად გადაუსვა ხაზი. მისი მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში ფორმალურ თაყვანისცემაზე მეტი იგულისხმება.

9 ბიბლიაში ბევრ რამეს ვკითხულობთ კაენის შესახებ. მაგალითად იმას, თუ როგორ ელაპარაკებოდა იეჰოვა, რას პასუხობდა კაენი, რა ერქვა მის ზოგ შთამომავალს და რას საქმიანობდნენ ისინი (დაბ. 4:17—24). თუმცა ბიბლიაში ბევრი არაფერია ნათქვამი აბელზე — არც მისი სიტყვებია შემონახული და არც იმის შესახებ ვიცით რამე, ჰყავდა თუ არა შვილები. მიუხედავად ამისა, აბელი კვლავაც „გველაპარაკება“ თავისი საქმეებით.

აბელი წმინდა თაყვანისმცემლობის ნიმუშს გვაძლევს

10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ აბელი წმინდა თაყვანისმცემლობის ნიმუშს გვაძლევს?

10 აბელმა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მან იეჰოვას შესწირა მსხვერპლი, რადგან ესმოდა, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებდა თაყვანისცემას. რაც შეეხება შესაწირავს, ის მართლაც საუკეთესო იყო — „ფარის პირველმოგებული ბატკნები“. ღვთის სიტყვაში არაფერია ნათქვამი, აბელმა შესაწირავი სამსხვერპლოზე შესწირა თუ არა, მაგრამ ფაქტია, მან მსხვერპლი ღვთისთვის მოსაწონი სახით აღავლინა. ათასწლეულების გასვლის შემდეგაც მისი მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ სწორედ შესაწირავის გაღების მოტივი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რის გამოც ღმერთმა მოიწონა მისი მსხვერპლი, რომლის შეწირვისკენაც ის ღვთისადმი რწმენამ და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარულმა აღძრა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

აბელმა ცხადყო, რომ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ოთხივე მოთხოვნა გაითვალისწინა. (იხილეთ მე-10 აბზაცი)

11. რატომ მოიხსენია იესომ აბელი „მართლად“?

11 მოდი გავიხსენოთ, რა თქვა იესომ აბელზე, რომელსაც კარგად იცნობდა, რადგან ჯერ კიდევ ზეციდან იგი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მას და ხედავდა, რას აკეთებდა დედამიწაზე (იგავ. 8:22, 30, 31; იოან. 8:58; კოლ. 1:15, 16). ამიტომ იესოს თავისუფლად შეეძლო აბელისთვის „მართალი“ ეწოდებინა (მათ. 23:35). „მართლად“ შეიძლება მოვიხსენიოთ ის, ვინც აღიარებს, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. მეტიც, ასეთი ადამიანი სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებს ამას (შეადარეთ ლუკას 1:5, 6). ვინაიდან დროა საჭირო მართალი ადამიანის სახელის მოსაპოვებლად, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ვიდრე აბელი ღმერთს მსხვერპლს შესწირავდა, მანამდე უკვე ცხოვრობდა მისი ნორმების თანახმად. თუმცა იეჰოვას სამართლიანი ნორმების აღიარება არცთუ ისე ადვილი იქნებოდა. აბელის უფროსი ძმა კაენი მასზე კეთილისმყოფელ გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენდა, რადგან კაენს ბოროტი გული ჰქონდა (1 იოან. 3:12). რაც შეეხება მის მშობლებს, დედამისმა ღვთის ბრძანება არაფრად ჩააგდო, მამამისი კი იეჰოვას აუმხედრდა და მოინდომა, თავად დაედგინა, რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბ. 2:16, 17; 3:6). ასე რომ, აბელს დიდი სიმტკიცე დასჭირდებოდა, რომ ოჯახისგან განსხვავებული ცხოვრების გზა აერჩია.

12. რით განსხვავდებოდნენ კაენი და აბელი?

12 ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ მოციქულმა პავლემ რწმენა სიმართლესთან დააკავშირა. მან დაწერა: „რწმენით აბელმა კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა ღმერთს და სწორედ რწმენის გამო დაუდასტურა ღმერთმა, რომ მართალი იყო“ (ებრ. 11:4). პავლეს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ კაენისგან განსხვავებით აბელის საქციელს საფუძვლად ძლიერი რწმენა ედო, რომელიც მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა — ის ყოველთვის აღიარებდა ღვთის სამართლიან მოთხოვნებს და სრულად ენდობოდა მას.

13. რას ვსწავლობთ აბელის მაგალითზე?

13 აბელის მაგალითიდან ვიგებთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობას სწორი მოტივი უნდა ედოს საფუძვლად. სწორი მოტივი კი იბადება ისეთი ადამიანის გულში, რომელსაც იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა აქვს და ზედმიწევნით იცავს მის სამართლიან ნორმებს. აბელის მაგალითიდან აგრეთვე ვსწავლობთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე ერთხელ თაყვანისცემა; წმინდა თაყვანისმცემლობა მთელ ჩვენს ცხოვრებას უნდა მოიცავდეს.

პატრიარქები მიჰყვებიან დატოვებულ ნიმუშს

14. რატომ მოიწონა იეჰოვამ ნოეს, აბრაამისა და იაკობის თაყვანისცემა?

14 აბელი იყო პირველი ცოდვილი კაცი, რომლის თაყვანისცემაც მისაღები აღმოჩნდა იეჰოვასთვის. მოციქული პავლე ღვთისთვის მოსაწონ სხვა თაყვანისმცემლებსაც მოიხსენიებს. მათ შორის იყვნენ ნოე, აბრაამი და იაკობი (წაიკითხეთ ებრაელების 11:7, 8, 17—21). თითოეულმა მათგანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც შესწირა მსხვერპლი იეჰოვას და იეჰოვამაც მოიწონა შენაწირი, რადგან ისინი ამას ფორმალურად კი არ აკეთებდნენ, არამედ ითვალისწინებდნენ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ოთხ ძირითად მოთხოვნას. მოდი ვიმსჯელოთ ამ პატრიარქების მაგალითებზე.

ნოეს მიერ გაღებული შესაწირავი ნიმუშად იქცა სხვებისთვის. (იხილეთ მე-15 და მე-16 აბზაცები)

15, 16. საიდან ჩანს, რომ ნოე ითვალისწინებდა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს?

15 ნოე ადამის სიკვდილიდან 126 წლის შემდეგ დაიბადა. იმდროინდელ მსოფლიოში უკვე ყვაოდა ცრუ თაყვანისმცემლობა * (დაბ. 6:11). წარღვნის წინა პერიოდში მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი სცემდნენ იეჰოვას თაყვანს ისე, როგორც ამას ღმერთი მოითხოვდა (2 პეტ. 2:5). კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ სამსხვერპლო * აუგო იეჰოვას მისთვის შესაწირავის აღსავლენად, რითაც ნიმუში დაუტოვა არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ მთელ თავის შთამომავლობას, რომ მხოლოდ იეჰოვა იყო თაყვანისცემის ღირსი. ნოემ ცხოველებიდან შესაწირად შეარჩია „ზოგი წმინდა ცხოველი და წმინდა ფრინველი“ (დაბ. 8:20). ეს მართლაც საუკეთესო შესაწირავი იყო, რადგან შესაწირად არჩეულ ცხოველებსა და ფრინველებს თავად იეჰოვა თვლიდა წმინდად (დაბ. 7:2).

16 ნოემ თავისივე აგებულ სამსხვერპლოზე შესწირა დასაწვავი მსხვერპლი. მოიწონა ღმერთმა ამგვარად აღვლენილი მსხვერპლი? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ესიამოვნა საამო სურნელება იეჰოვას“ და აკურთხა ნოე და მისი ვაჟები (დაბ. 8:21; 9:1). თუმცა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც იეჰოვამ ნოეს მსხვერპლი მოიწონა, მისი სწორი მოტივი იყო. ნოეს მიერ აღვლენილი შესაწირავები კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ მას ძლიერი რწმენა ჰქონდა — იგი აღიარებდა ღვთის სამართლიან მოთხოვნებს და ბოლომდე ენდობოდა მას. ვინაიდან ნოე გამუდმებით ემორჩილებოდა იეჰოვას და ზედმიწევნით იცავდა მის მოთხოვნებს, ბიბლია ამბობს, რომ „იგი ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა“, რის გამოც მან მართალი კაცის სახელი მოიპოვა (დაბ. 6:9; ეზეკ. 14:14; ებრ. 11:7).

17, 18. საიდან ჩანს, რომ აბრაამი ითვალისწინებდა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს?

17 აბრაამი ცრუთაყვანისმცემელთა შორის ცხოვრობდა. მის მშობლიურ ქალაქ ურში ყველა მხრიდან შენიშნავდით უზარმაზარ ტაძარს, რომელიც მთვარის ღვთაების, ნანას, * თაყვანსაცემად იყო აგებული. ერთ დროს აბრაამის მამა თერახიც ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს (იეს. 24:2). თუმცა აბრაამმა იეჰოვას თაყვანისცემა აირჩია. როგორც ჩანს, მან ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ნოეს ვაჟისგან, თავისი წინაპარი სემისგან, შეიტყო, რომელმაც აბრაამის დაბადების შემდეგ კიდევ 150 წელი იცოცხლა.

18 აბრაამს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ შეუწირავს მსხვერპლი, თანაც ყოველ ჯერზე მსხვერპლს იეჰოვას აღუვლენდა, რადგან ესმოდა, რომ თაყვანისცემის ღირსი მხოლოდ იეჰოვა იყო (დაბ. 12:8; 13:18; 15:8—10). ამასთანავე, აბრაამი ყოველთვის საუკეთესო მსხვერპლს სწირავდა. ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ მას არც თავისი ვაჟი ისაკი დანანებია. აღსანიშნავია ისიც, რომ, როცა ღმერთმა აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა, თან დაწვრილებით აუხსნა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს (დაბ. 22:1, 2). აბრაამიც მზად იყო, ზედმიწევნით მიჰყოლოდა ღვთის ყველა მითითებას. თუმცა საბოლოოდ ისევ იეჰოვამ შეაჩერა აბრაამი, როცა მან დანა აღმართა შვილის მოსაკლავად (დაბ. 22:9—12). იეჰოვა ყოველთვის იწონებდა აბრაამის მიერ გაღებულ მსხვერპლს, რადგან იგი ყოველთვის სწორი მოტივით აკეთებდა ამას. მოციქულმა პავლემ დაწერა: „აბრაამი ერწმუნა იეჰოვას და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“ (რომ. 4:3).

იაკობმა თავის სახლეულობას კარგი მაგალითი დაუტოვა. (იხილეთ მე-19 და მე-20 აბზაცები)

19, 20. საიდან ჩანს, რომ იაკობი ითვალისწინებდა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს?

19 იაკობმა სიცოცხლის დიდი ნაწილი ქანაანში გაატარა, მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ აბრაამსა და მის შთამომავლობას აღუთქვა (დაბ. 17:1, 8). ქანაანის მკვიდრნი ისეთ უკუღმართ თაყვანისცემაში იყვნენ ჩაფლულნი, რომ იეჰოვამ მათზე თქვა: „ამოიძირკვებიან იმ მიწიდან“ (ლევ. 18:24, 25). იაკობი 77 წლის იყო, როცა ქანაანი დატოვა, წლების შემდეგ კი დიდი სახლეულობით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში (დაბ. 28:1, 2; 33:18). მართალია, იაკობის დიდი ოჯახიდან ზოგი ცრუთაყვანისმცემლობაში იყო გარეული, მაგრამ, როცა მას იეჰოვამ ბეთელში წასვლა და სამსხვერპლოს აგება დაავალა, იგი დაჰყვა ღვთის ნებას, წასვლამდე კი გააფრთხილა თავისი სახლეულობა: „მოიშორეთ კერპები, განიწმინდეთ და ტანსაცმელი გამოიცვალეთ“, და შემდეგ განუხრელად მიჰყვა ღვთისგან მიღებულ მითითებებს (დაბ. 35:1—7).

20 იაკობმა აღთქმულ მიწაზე არაერთი სამსხვერპლო აუგო იეჰოვას, რადგან ესმოდა, რომ თაყვანისცემის ღირსი მხოლოდ იეჰოვა იყო (დაბ. 35:14; 46:1). ვინაიდან იგი ყოველთვის საუკეთესო მსხვერპლს სწირავდა ღმერთს და ამას მისთვის მოსაწონი სახით და სწორი მოტივით აკეთებდა, ღვთის სიტყვაში ის „მართლადაა“ მოხსენიებული. ბიბლია ამ სიტყვით ღვთისთვის მოსაწონ ადამიანებს ახასიათებს (დაბ. 25:27). თავისი ცხოვრებით იაკობმა შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა მისგან წარმოშობილ ისრაელ ერს (დაბ. 35:9—12).

21. რას ვსწავლობთ პატრიარქების მაგალითებიდან?

21 რას ვსწავლობთ პატრიარქების მაგალითებიდან? მათ მსგავსად, ჩვენ ირგვლივაც არიან ადამიანები, შესაძლოა ოჯახის წევრებიც კი, რომელთა გავლენაშიც შეიძლება მოვექცეთ და ბოლომდე ვეღარ ვუერთგულოთ იეჰოვას. ეს რომ ასე არ მოხდეს, აუცილებელია, განვივითაროთ ღვთისადმი მტკიცე რწმენა და დავრწმუნდეთ იმაში, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანია. თუ ვემორჩილებით იეჰოვას და ჩვენს დროს, ენერგიასა თუ რესურსებს მის მსახურებას ვახმართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ასეთი რწმენა (მათ. 22:37—40; 1 კორ. 10:31). ნამდვილად გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ, როცა იეჰოვასთვის საუკეთესოს ვიღებთ და ამას მისთვის მოსაწონი სახით და სწორი მოტივით ვაკეთებთ, ის მართლებად გვთვლის (წაიკითხეთ იაკობის 2:18—24).

წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მიძღვნილი ერი

22—24. როგორ ესმებოდა კანონში ხაზი წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ პირველ სამ მოთხოვნას?

22 იეჰოვამ იაკობის შთამომავლებს მისცა კანონები, რომლებიდანაც ისინი მის მოთხოვნებს გაეცნობოდნენ. თუ ისრაელები დაემორჩილებოდნენ იეჰოვას, „მისი საკუთრება“ და „წმინდა ერი“ გახდებოდნენ (გამ. 19:5, 6). ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ესმება ხაზი კანონში წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ოთხ ძირითად მოთხოვნას.

23 იეჰოვამ არაორაზროვნად უთხრა ისრაელებს, თუ ვინ იყო თაყვანისცემის ღირსი: „არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა“ (გამ. 20:3—5). ამასთანავე, ისრაელებს მხოლოდ საუკეთესო უნდა შეეწირათ ღვთისთვის. მაგალითად, ცხოველური შესაწირავები საღი და უნაკლო უნდა ყოფილიყო (ლევ. 1:3; კან. 15:21; შეადარეთ მალაქიას 1:6—8). მართალია, ლევიანები იეჰოვასთვის გაღებული შესაწირავებიდან წილს იღებდნენ, მაგრამ, თავის მხრივ, მათაც მოეთხოვებოდათ შესაწირავის გაღება. ლევიანებს მათთვის მიტანილი „ყოველი წმინდა ძღვნიდან“ საუკეთესო უნდა შეეწირათ (რიცხ. 18:29). ისრაელებს კონკრეტული მითითებები იმის თაობაზეც მიეცათ, თუ რა, სად და როგორ უნდა შეეწირათ. მთლიანობაში ღმერთმა მათ 600-ზე მეტი კანონი მისცა და მოსეს პირით გააფრთხილა: „გულდასმით დაიცავით ის, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. არც მარჯვნივ გადაუხვიოთ და არც მარცხნივ“ (კან. 5:32).

24 მართლა ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ სად აღავლენდნენ ისრაელები შესაწირავს? რასაკვირველია! იეჰოვამ თავის ხალხს კარვის აგება დაავალა, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად იქცა (გამ. 40:1—3, 29, 34). სწორედ ამ ადგილას უნდა შეეწირათ მსხვერპლი ისრაელებს, თუკი სურდათ, რომ ის მოსაწონი ყოფილიყო იეჰოვასთვის * (კან. 12:17, 18).

25. რატომ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე მოთხოვნის გათვალისწინება? ახსენით.

25 და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო, მეოთხე მოთხოვნის გათვალისწინება იყო — შემწირველს სწორი მოტივით უნდა შეეწირა მსხვერპლი. სწორი მოტივი კი მას იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ეყვარებოდა იეჰოვა და მისი ნორმები (წაიკითხეთ კანონის 6:4—6). როცა ისრაელების თაყვანისცემა ფორმალური ხდებოდა, იეჰოვა უარყოფდა მათ შესაწირავებს (ეს. 1:10—13). წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ უთხრა მათ, რომ თვალს ვერ აუხვევდნენ მოჩვენებითი ერთგულებით; მან თქვა, რომ ისინი ბაგით ადიდებდნენ, გულით კი შორს იყვნენ მისგან (ეს. 29:13).

ტაძარში მსახურება

26. რა მიზნით ააგო სოლომონმა ტაძარი?

26 აღთქმულ მიწაზე დასახლებიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ მეფე სოლომონმა ააგო ტაძარი, რომელიც კარავზე ბევრად დიდებული იყო. კარვის შემდეგ სწორედ ეს ნაგებობა იქცა წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად (1 მეფ. 7:51; 2 მატ. 3:1, 6, 7). თავიდან ტაძარში მხოლოდ იეჰოვას აღუვლენდნენ მსხვერპლს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სოლომონი და მისი ქვეშევრდომები დიდი რაოდენობით სწირავდნენ ღმერთს საუკეთესო მსხვერპლს და ამას ზუსტად ისე აკეთებდნენ, როგორც კანონი მოითხოვდა (1 მეფ. 8:63). შემწირველის მოტივი განსაზღვრავდა, რამდენად მოსაწონი იყო ღვთისთვის ტაძარში შესრულებული მსახურება და არა ტაძრის დიდებულება ან შესაწირავის რაოდენობა. სწორედ ამას გაუსვა სოლომონმა ხაზი ტაძრის მიძღვნისას. მეფემ ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს: „მთელი გულით იყავით იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან, და დაიცავით მისი წესები და მცნებები, როგორც აკეთებთ კიდეც!“ (1 მეფ. 8:57—61).

27. რატომ გახდა ღვთისთვის მიუღებელი ისრაელის მეფეებისა და მთლიანად ერის თაყვანისცემა, და რას აკეთებდა იეჰოვა მათ დასახმარებლად?

27 სამწუხაროდ, ისრაელებმა მალე წაუყრუეს მეფე სოლომონის ბრძნულ რჩევას. წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნებიდან მათ ერთ-ერთი მაინც რჩებოდათ გაუთვალისწინებელი. ისრაელის მეფეები და მთლიანად ერი „აჰყვნენ თავიანთი ბოროტი გულის ზრახვებს“, დაკარგეს იეჰოვასადმი რწმენა და ზურგი აქციეს მის სამართლიან ნორმებს. ღმერთი გამუდმებით უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველებს, რომ გამოესწორებინა და გაეფრთხილებინა ისინი თავიანთი ცუდი საქციელის სავალალო შედეგების შესახებ (იერ. 7:13—15, 23—26). ამ წინასწარმეტყველებს შორის იყო ღვთის ერთგული მსახური ეზეკიელიც. მას იმ დროს მოუწია ცხოვრება, როდესაც წმინდა თაყვანისმცემლობას მძიმე ხანა ედგა.

წმინდა თაყვანისმცემლობა იბღალება

28, 29. რა ვიცით წინასწარმეტყველ ეზეკიელზე? (იხილეთ ჩარჩო „ეზეკიელი და მისი თანამედროვეები“)

28 ეზეკიელმა კარგად იცოდა, როგორ სრულდებოდა მსახურება სოლომონის მიერ აგებულ ტაძარში. მამამისი მღვდელი იყო, რომელსაც დროდადრო ტაძარში მსახურება მოუწევდა (ეზეკ. 1:3). ეზეკიელს, ალბათ, ბედნიერი ბავშვობა ექნებოდა. იგი მამისგან უდავოდ ბევრ რამეს გაიგებდა იეჰოვასა და მისი კანონების შესახებ. იგი ერთი წლისა იქნებოდა, როცა ტაძარში კანონის წიგნი იპოვეს. * კანონის წიგნიდან ამოკითხულმა მეფე იოშია აღძრა, მეტი შემართებით შესდგომოდა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას (2 მეფ. 22:8—13).

ეზეკიელი მამისგან უდავოდ ბევრ რამეს გაიგებდა იეჰოვასა და მისი კანონების შესახებ. (იხილეთ 28-ე აბზაცი)

29 ძველი დროის ღვთის ერთგულ მსახურთა მსგავსად, ეზეკიელიც ითვალისწინებდა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ოთხ მოთხოვნას. როგორც წიგნ „ეზეკიელიდან“ ვხედავთ, იგი მხოლოდ იეჰოვას სცემდა თაყვანს, მისთვის საუკეთესოს იღებდა და ზედმიწევნით ასრულებდა იეჰოვას მოთხოვნებს. ამისკენ მას ძლიერი რწმენა აღძრავდა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მის ბევრ თანამედროვეზე. ეზეკიელს ბავშვობიდან ესმოდა იერემიას წინასწარმეტყველებები, რომელმაც მსახურება ძვ. წ. 647 წელს დაიწყო და მას შემდეგ მოყოლებული გაბედულად უცხადებდა ხალხს იეჰოვას განაჩენს.

30. ა) რას ვიგებთ წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიდან? ბ) რა იგულისხმება წინასწარმეტყველებაში და როგორ უნდა გავიგოთ წიგნ „ეზეკიელში“ მოთხრობილი? (იხილეთ ჩარჩო „ეზეკიელის წინასწარმეტყველება“)

30 ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, თუ რაოდენ ჩამოშორდა ღვთის ხალხი წმინდა თაყვანისმცემლობას (წაიკითხეთ ეზეკიელის 8:6). როდესაც იეჰოვამ იუდას დასჯა გადაწყვიტა, ეზეკიელიც ბაბილონში გადასახლებულთა შორის აღმოჩნდა (2 მეფ. 24:11—17). მართალია, ის ტყვეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ეს ღვთის სასჯელი არ ყოფილა. პირიქით, იეჰოვას სურდა, რომ ეზეკიელს გადასახლებული ხალხისთვის თავისი სიტყვები გადაეცა. წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილი შთამბეჭდავი ხილვებიდან და წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, თუ როგორ აღდგებოდა წმინდა თაყვანისმცემლობა იერუსალიმში. მეტიც, ეს წინასწარმეტყველებები და ხილვები იმასაც გვიმჟღავნებს, თუ საბოლოოდ როგორ აღდგება წმინდა თაყვანისმცემლობა მთელ დედამიწაზე.

31. რაზე შეგვიქმნის წარმოდგენას წინამდებარე სახელმძღვანელო?

31 შემდეგ თავებში მოგვეცემა შესაძლებლობა, თვალი შევავლოთ იეჰოვას სამყოფელს, გავიგოთ, თუ რაოდენ შეიბღალა წმინდა თაყვანისმცემლობა, როგორ აღადგინა ღმერთმა ძველად წმინდა თაყვანისმცემლობა და როგორ დაიცვა თავისი ხალხი; დაბოლოს, იმ დროზეც შევიტყობთ, როცა ყველა ღვთის თაყვანისმცემელი იქნება. მომდევნო თავში ეზეკიელის პირველ ხილვაზე ვიმსჯელებთ. ხილვა დაგვეხმარება, წარმოვისახოთ იეჰოვას სიდიადე და მისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი; გავიგებთ იმასაც, თუ რატომ არის თაყვანისცემის ღირსი მხოლოდ იეჰოვა.

^ აბზ. 4 როდესაც აბელი დაიბადა, არც ისე დიდი დრო იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ღმერთმა ედემის ბაღიდან გამოყარა მისი მშობლები (დაბ. 4:1, 2). დაბადების 4:25-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამსა და ევას აბელის ნაცვლად შეთი მისცა. კაენის მიერ აბელის ვერაგულად მოკვლის შემდეგ 130 წლის ადამს შეთი შეეძინა (დაბ. 5:3). ასე რომ, აბელი დაახლოებით 100 წლისა იქნებოდა, როცა კაენმა მოკლა.

^ აბზ. 15 დაბადების 4:26-ში ნათქვამია, რომ ადამის შვილიშვილის, ენოშის, „დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება“. თუმცა, როგორც ჩანს, ამაში ის იგულისხმება, რომ ხალხი ღვთის სახელს უპატივცემულოდ იხსენიებდა; შესაძლოა ისინი თავიანთ კერპებს ღვთის სახელით მიმართავდნენ.

^ აბზ. 15 ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბიბლიაში მოხსენიებულია სამსხვერპლო.

^ აბზ. 17 ღვთაება ნანა სინის სახელითაც იყო ცნობილი. მართალია, ურის მკვიდრნი უამრავ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, მაგრამ ტაძრებისა და სამსხვერპლოების უმეტესობა ღვთაება ნანასადმი იყო მიძღვნილი.

^ აბზ. 24 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, კარვიდან შეთანხმების კიდობნის წაღების შემდეგ იეჰოვა სხვა ადგილას აღვლენილ მსხვერპლსაც იწონებდა (1 სამ. 4:3, 11; 7:7—9; 10:8; 11:14, 15; 16:4, 5; 1 მატ. 21:26—30).

^ აბზ. 28 ეზეკიელმა წინასწარმეტყველება ძვ. წ. 613 წელს დაიწყო. ის ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 30 წლის იყო. აქედან გამომდინარე, ის დაახლოებით ძვ. წ. 643 წელს დაიბადებოდა (ეზეკ. 1:1). მეფე იოშია ძვ. წ. 659 წელს გამეფდა, ხოლო კანონის წიგნი, როგორც ჩანს, დედანი, მისი მეფობის მე-18 წელს, ძვ. წ. 642-641 წწ., იპოვეს.