არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 4

რას განასახიერებენ ხილვაში ნანახი „ოთხსახიანი ცოცხალი არსებები“?

რას განასახიერებენ ხილვაში ნანახი „ოთხსახიანი ცოცხალი არსებები“?

ეზეკიელი 1:15

თემა: რას განასახიერებს ოთხი ცოცხალი არსება და რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან?

1, 2. რატომ ახილვინებდა იეჰოვა ხილვებსა და სიზმრებს თავის მსახურებს?

წარმოიდგინეთ ოჯახი. მშობლები თავიანთ პატარებთან ერთად სასადილოში მაგიდას შემოსხდომიან და ბიბლიას სწავლობენ. პატარებმა უკეთ რომ გაიგონ ნასწავლი, მამა ნახატებს იშველიებს. ბავშვების სხარტი და ხალისიანი პასუხები იმაზე მოწმობს, რომ მშობელმა მიზანს მიაღწია. ნახატების მეშვეობით მამა ეხმარება შვილებს, რომ იეჰოვას შესახებ ისეთ საკითხებს ჩასწვდნენ, რომლებიც სხვაგვარად მათთვის რთული გასაგები იქნებოდა.

2 მსგავსადვე, იეჰოვა თავის მიწიერ შვილებს ხილვებისა და სიზმრების მეშვეობით ეხმარებოდა, მეტი გაეგოთ ზეციერი სამყოფლის შესახებ. მაგალითად, მან ეზეკიელს შთამბეჭდავი ხილვით უკეთ გააცნო საკუთარი თავი. წინა თავში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მისი ზეციერი ეტლის შესახებ. მოდი ახლა გავიგოთ, რას განასახიერებენ ხილვაში ნანახი სულიერი ქმნილებები და ვნახოთ, თუ როგორ გვეხმარება ხილვის ამ მონაკვეთის მნიშვნელობის გაგება იეჰოვასთან დაახლოებაში.

„დავინახე . . . ცოცხალი ქმნილების მსგავსი ოთხი არსება“

3. ა) რა იხილა წინასწარმეტყველმა ეზეკიელის 1:4-ისა და 5-ის თანახმად? (იხილეთ სურათი 42-ე გვერდზე) ბ) რა სახის სიტყვებს იყენებს ეზეკიელი ხილვის აღწერისას?

3 წაიკითხეთ ეზეკიელის 1:4, 5. ეზეკიელი აღწერს „ცოცხალი ქმნილების მსგავს ოთხ არსებას“, რომელთაც ჰქონდათ როგორც ანგელოზის, ისე ადამიანისა და ცხოველის გარეგნობა. ყურადსაღებია, რომ ეზეკიელმა ზედმიწევნით აღწერა ნანახი და აღნიშნა, რომ რაც ნახა, ცოცხალ ქმნილებებს ჰგავდა. წიგნ „ეზეკიელის“ პირველ თავში ჩაწერილი ხილვის კითხვისას, ალბათ, შენიშნავთ, რომ წინასწარმეტყველი ხშირად იყენებს შედარების გამომხატველ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ჰგავდა“ და „მაგვარი“ (ეზეკ. 1:13, 24, 26). ფაქტია, ეზეკიელი მიხვდა, რომ ხილვაში ნანახით სულიერ სამყაროში არსებული სინამდვილე იყო წარმოდგენილი.

4. ა) რა შთაბეჭდილება მოახდინა ხილვამ ეზეკიელზე? ბ) რა ეცოდინებოდა ეზეკიელს ქერუბიმების შესახებ?

4 ნანახი და მოსმენილი უდავოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეზეკიელზე. ცოცხალი ქმნილებები „მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ“; მათი მოძრაობა „ელვას ჰგავდა“, ფრთების ხმა — „წყლის ხმაურს“, გადაადგილების ხმა კი — „ჯარის გადაადგილების ხმას“ (ეზეკ. 1:13, 14, 24—28; იხილეთ ჩარჩო „ცოცხალ არსებებს შევყურებდი“). მოგვიანებით ნანახ ხილვაში ეზეკიელმა ეს ოთხი ცოცხალი არსება „ქერუბიმებად“ მოიხსენია (ეზეკ. 10:2). ვინაიდან ეზეკიელის მამა მღვდელი იყო, მას უდავოდ ეცოდინებოდა, რომ ქერუბიმები ღვთის ამალაში შედიოდნენ და მუდამ მას ემსახურებოდნენ (1 მატ. 28:18; ფსალმ. 18:10).

„მათ ოთხ-ოთხი სახე . . . ჰქონდათ“

5. ა) როგორაა წარმოდგენილი იეჰოვას სიდიადე, ძალა და ძლევამოსილება ოთხსახიანი ქერუბიმებით? ბ) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტახტის ქვემოთ მყოფი ოთხსახიანი ქერუბიმები ღვთის სახელის მნიშვნელობას შეგვახსენებენ? (იხილეთ სქოლიო)

5 წაიკითხეთ ეზეკიელის 1:6, 10. ეზეკიელმა აგრეთვე შენიშნა, რომ თითოეულ ქერუბიმს ოთხი სახე ჰქონდა — ადამიანის, ლომის, ხარის და არწივის. ხილვაში ნანახი ოთხი სახე ეზეკიელს ბევრ რამეს ეტყოდა იეჰოვას შეუდარებელ სიდიადეზე, ძალასა და ძლევამოსილებაზე. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იმ ქმნილებებს, რომელთა სახეებიც თითოეულ ქერუბიმს აქვს, გააჩნიათ სიდიადე, ძალა და ძლევამოსილება; ლომი დიდებული შესახედაობის გარეული ცხოველია, ხარი — ძლიერი შინაური ცხოველი, არწივი — ღონიერი ფრინველი, ადამიანი კი — ღვთის შემოქმედების გვირგვინი, ყველა მიწიერი ქმნილების ბატონ-პატრონი (ფსალმ. 8:4—6). ხილვაში ნანახი ძლევამოსილი ოთხსახიანი ქმნილებები იეჰოვას, უზენაესი მმართველის, ტახტის ქვემოთ იმყოფებოდნენ. ეს გარემოება იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი ქმნილებები საკუთარი განზრახვის განსახორციელებლად გამოიყენოს. * მართლაც, როგორც ფსალმუნმომღერალმა დაწერა იეჰოვაზე, „ცასა და დედამიწას სცდება მისი სიდიადე“ (ფსალმ. 148:13).

რას ვიგებთ ოთხი ცოცხალი არსებისა და მათი სახეების მაგალითზე იეჰოვას ძლევამოსილების, სიდიადისა თუ სხვა თვისებების შესახებ? (იხილეთ მე-5 და მე-13 აბზაცები)

6. რა დაეხმარებოდა ეზეკიელს იმის გაგებაში, თუ რა იყო წარმოდგენილი ქერუბიმების სახეებით?

6 ალბათ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ ეზეკიელი დაფიქრდებოდა ხილვაში ნანახზე; შესაძლოა მას გახსენებოდა ღვთის ძველი დროის მსახურები, რომლებსაც შედარებისთვის ცხოველები მოჰყავდათ. მაგალითად, პატრიარქმა იაკობმა იუდა ლომს შეადარა, ბენიამინი კი — მგელს (დაბ. 49:9, 27). რატომ გამოიყენა მან ეს შედარებები? იმიტომ რომ, მისი ვაჟები ლომისა და მგლისთვის ჩვეულ თვისებებს გამოავლენდნენ. ამ ბიბლიური მაგალითების საფუძველზე ეზეკიელს შეეძლო დაესკვნა, რომ ქერუბიმების სახეებით კონკრეტული თვისებები იყო წარმოდგენილი. რომელია ეს თვისებები?

იეჰოვასა და მისი ზეციერი ოჯახისთვის დამახასიათებელი თვისებები

7, 8. რომელი თვისებები მიესადაგება ქერუბიმების ოთხ სახეს?

7 რა თვისებები მიუსადაგეს ეზეკიელამდე მცხოვრებმა ბიბლიის დამწერებმა ლომს, არწივსა და ხარს? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ბიბლიურ ფრაზებს: „მართალი ლომივით გულადია“ (იგავ. 28:1; 2 სამ. 17:10), „არწივი სივრცეში . . . იჭრება . . . მისი თვალი შორიდან ჭვრეტს“ (იობ. 39:27, 29), „უხვ მოსავალს ხარის ძალის გარეშე ვერ მოიყვან“ (იგავ. 14:4). ამ და მსგავს მუხლებზე დაყრდნობით, ჩვენს პუბლიკაციებში იხსნება, რომ ლომის სახე განასახიერებს სამართლიანობას, არწივის სახე — სიბრძნეს, ხარის სახე კი — ძალას.

8 რას განასახიერებს „ადამიანის სახე“? (ეზეკ. 10:14). ეს უნდა მიუთითებდეს ისეთ თვისებაზე, რომელიც მხოლოდ „ღვთის მსგავსებად“ შექმნილ ადამიანს გააჩნია (დაბ. 1:27). ამ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანთათვის მიცემული ღვთის ორი მცნება: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ და „მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (კან. 6:5; ლევ. 19:18). თუ ამ მცნებებს დავიცავთ და უანგარო სიყვარულს გამოვავლენთ, იეჰოვას მივბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში. როგორც მოციქულმა იოანემ თქვა, „ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:8, 19). მაშასადამე, „ადამიანის სახე“ განასახიერებს სიყვარულს.

9. ვინ ავლენს ქერუბიმების სახეებით წარმოდგენილ თვისებებს?

9 ვინ ავლენს ამ თვისებებს? ოთხი სახე ქერუბიმებს აქვთ, ამიტომ ამ თვისებებს ქერუბიმებით წარმოდგენილი იეჰოვას ზეციერი ოჯახის ერთგული წევრები ავლენენ (გამოცხ. 5:11). მეტიც, ვინაიდან ქერუბიმებს სიცოცხლე იეჰოვამ მისცა, ეს თვისებებიც მან უბოძა (ფსალმ. 36:9). ამგვარად, ქერუბიმების სახეებით წარმოდგენილი თვისებები თავად იეჰოვას ახასიათებს (იობ. 37:23; ფსალმ. 99:4; იგავ. 2:6; მიქ. 7:18). როგორ ავლენს იეჰოვა ამ შესანიშნავ თვისებებს? მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

10, 11. როგორ ავლენს იეჰოვა თავის ოთხ ძირითად თვისებას ჩვენდა სასიკეთოდ?

10 სამართლიანობა: იეჰოვა „სამართლიანობის მოყვარული“ ღმერთია, ამიტომ იგი მიუკერძოებელია (ფსალმ. 37:28; კან. 10:17). აქედან გამომდინარე, სოციალური მდგომარეობის, წარმომავლობისა თუ აღზრდის მიუხედავად, ყველას გვეძლევა შესაძლებლობა, გავხდეთ მისი მსახურები და გავიხაროთ მარადიული კურთხევებით. სიბრძნე: ვინაიდან იეჰოვა ბრძენი ღმერთია, მისი სიტყვა ბიბლია სიბრძნის წყაროა (იობ. 9:4; იგავ. 2:7). ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები გვეხმარება, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სირთულეებს და აზრიანად ვიცხოვროთ. ძალა: იეჰოვა „ძლევამოსილი“ ღმერთიცაა, ამიტომ იგი წმინდა სულის მეშვეობით გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. ამის წყალობით შეგვიძლია ნებისმიერ განსაცდელს გავუძლოთ (ნაუმ. 1:3; 2 კორ. 4:7; ფსალმ. 46:1).

11 სიყვარული: იეჰოვას სიყვარული ურყევია, ამიტომ იგი არასოდეს შეაქცევს ზურგს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს (ფსალმ. 103:8; 2 სამ. 22:26). მაგალითად, თუ სუსტი ჯანმრთელობის ან ასაკის გამო იეჰოვას მსახურებაში უწინდებურად ვეღარ ვიხარჯებით და ეს გულს გვიტეხს, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას კვლავაც ახსოვს ჩვენი „შრომა და სიყვარული“, რომელსაც ადრე ვავლენდით (ებრ. 6:10). უდავოდ, არაერთხელ გვიგრძნია ჩვენს ცხოვრებაში სამართლიანი, ბრძენი, ძლევამოსილი და მოსიყვარულე ღვთის ხელი და გვახარებს, რომ იგი მომავალშიც გამოავლენს ამ თვისებებს ჩვენდა სასიკეთოდ.

12. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როდესაც იეჰოვას პიროვნებაზე ვსაუბრობთ?

12 ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან: ადამიანები ბოლომდე ვერ ვწვდებით იეჰოვას პიროვნებას; ცოდნა, რომელიც მისი თვისებების შესახებ გვაქვს, „მხოლოდ მისი გზების კიდეებია“ (იობ. 26:14). ბიბლიაში ღმერთზე ვკითხულობთ: „ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები“ და „ჩაუწვდომელია მისი სიდიადე“ (იობ. 37:23; ფსალმ. 145:3). ამიტომ კარგად გვესმის, რომ იეჰოვას უამრავი თვისება აქვს, რომელთა დათვლა ან კლასიფიცირება შეუძლებელია (ფსალმ. 139:17, 18; წაიკითხეთ რომაელების 11:33, 34). ეს ეზეკიელის ხილვიდანაც კარგად გამოჩნდა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

ოთხი სახე, ოთხი ფრთა, ოთხი მხარე

13, 14. რას განასახიერებს ქერუბიმების ოთხი სახე და რის საფუძველზე ვასკვნით ამას?

13 ეზეკიელმა ხილვაში ნახა, რომ თითოეულ ქერუბიმს ოთხი სახე ჰქონდა. რაზე მიუთითებს ეს? როგორც ვიცით, ღვთის სიტყვაში რიცხვი „ოთხი“ ხშირად სისრულისა და ყოვლისმომცველობის სიმბოლოდ გამოიყენება (ეს. 11:12; მათ. 24:31; გამოცხ. 7:1). აღსანიშნავია, რომ ამ ხილვაში რიცხვი „ოთხი“ 10-ჯერ გვხვდება (ეზეკ. 1:5—18). ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც ოთხი ქერუბიმი განასახიერებს ღვთის ყველა ერთგულ სულიერ ქმნილებას, ისე ქერუბიმების ოთხი სახეც იეჰოვას ყველა თვისებას განასახიერებს. *

14 იმის უკეთ დასანახვებლად, რომ ქერუბიმის ოთხი სახით ოთხ თვისებაზე მეტია წარმოდგენილი, ვიმსჯელოთ ხილვაში ნანახ ოთხ ბორბალზე. მართალია, თითოეული ბორბალი შთამბეჭდავია, მაგრამ ერთად აღებული ოთხი ბორბალი, რომლებიც ეტლის საყრდენს წარმოადგენენ, კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მსგავსადვე, ოთხი სახე მხოლოდ ოთხ შთამბეჭდავ თვისებას როდი განასახიერებს; მათით იეჰოვას დიადი პიროვნებაა წარმოდგენილი.

იეჰოვა ახლოსაა თავის ერთგულ მსახურებთან

15. რა ისწავლა ეზეკიელმა პირველი ხილვიდან?

15 ეზეკიელმა პირველი ხილვიდან მართლაც მნიშვნელოვანი და მანუგეშებელი რამ ისწავლა. ამას მისი წინასწარმეტყველური წიგნის შესავალი სიტყვებიდან ვიგებთ. მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ „ქალდეველთა მიწაზე“ იყო, ეზეკიელმა დასძინა, რომ „იქ იეჰოვას სულმა მოიცვა“ (ეზეკ. 1:3). ყურადღება მიაქციეთ, რომ, როგორც თავად წინასწარმეტყველმა თქვა, ხილვა იერუსალიმში კი არა, იქ, ბაბილონში, ნახა. * რაზე მიანიშნებდა ეს გარემოება? მართალია, გადასახლებულ ეზეკიელს დიდი მანძილი აშორებდა იერუსალიმსა და მის ტაძარს, მაგრამ მას კვლავაც შეეძლო, ეგრძნო იეჰოვას მზრუნველი ხელი და თაყვანი ეცა მისთვის. ის ფაქტი, რომ იეჰოვა ეზეკიელს ბაბილონში გამოეცხადა, იმაზე მეტყველებდა, რომ, სადაც ან რა ვითარებაშიც არ უნდა ყოფილიყო იგი, ყველგან შეეძლო ღვთისთვის ეცა თაყვანი. მთავარი იყო, რომ ეზეკიელს ღვთის მსახურების ძლიერი სურვილი და სწორი მოტივი ჰქონოდა.

16. ა) რაში გვარწმუნებს ეზეკიელის ხილვა? ბ) რა აღგძრავთ, მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას?

16 რატომ არის ამის ცოდნა ჩვენთვისაც მანუგეშებელი? ეს იმაში გვარწმუნებს, რომ, თუ იეჰოვას მთელი გულით ვემსახურებით, ისიც ჩვენ გვერდით იქნება იმის მიუხედავად, თუ სად ვიცხოვრებთ, როგორ ვიგრძნობთ თავს ან რა ვითარებაში ვიქნებით (ფსალმ. 25:14; საქ. 17:27). ვინაიდან იეჰოვას სიყვარული მისი თითოეული მსახურისადმი ურყევია, იგი ადვილად არ იქნევს მათზე ხელს (გამ. 34:6). ამიტომაც არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი მის ურყევ სიყვარულში (ფსალმ. 100:5; რომ. 8:35—39). გარდა ამისა, ეს შთამბეჭდავი ხილვა, სადაც ხაზი იეჰოვას სიწმინდესა და აღმატებულ სიდიადეს ესმება, შეგვახსენებს, რომ მხოლოდ იეჰოვაა თაყვანისცემის ღირსი (გამოცხ. 4:9—11). რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ღმერთი თავის სიტყვაში ჩაწერილი ხილვების მეშვეობით გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ მის პიროვნებას და გავეცნოთ მის თვისებებს. ნამდვილად, იეჰოვას საოცარი თვისებების სიღრმისეულად შესწავლა გვაახლოებს მასთან, აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ მას და მთელი გულითა და მთელი ძალით ვემსახუროთ (ლუკ. 10:27).

არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი იეჰოვას ურყევ სიყვარულში. (იხილეთ მე-16 აბზაცი)

17. რა კითხვებს გაეცემა პასუხი მომდევნო თავებში?

17 სამწუხაროდ, ეზეკიელის დროს წმინდა თაყვანისმცემლობა შეიბღალა. რა გახდა ამის მიზეზი? რა რეაქცია ჰქონდა თავად იეჰოვას? ჩვენ რას ვსწავლობთ მაშინ განვითარებული მოვლენებიდან? ამ კითხვებს პასუხი მომდევნო თავებში გაეცემა.

^ აბზ. 5 იმ ქმნილებათა აღწერილობა, რომელთაც ეზეკიელის ხილვაში ვხვდებით, შეგვახსენებს ღვთის სახელ „იეჰოვას“ მნიშვნელობას — „აქცევინებს“. ღვთის სახელი იმ აზრსაც ატარებს, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი ქმნილებები აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად (იხილეთ დანართი ა4, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

^ აბზ. 13 წლების მანძილზე ჩვენს პუბლიკაციებში იეჰოვას 40-მდე თვისება გარჩეულა (იხილეთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ სათაურის, „იეჰოვა“, ქვეშ მოცემული ქვესათაური „ცალკეული თვისებები“).

^ აბზ. 15 ერთი ბიბლეისტის თქმით, «ადგილის გამომხატველი ზმნიზედა „იქ“ საუკეთესოდ აღწერს წამიერ გაკვირვებას . . . ღმერთი იქ, ბაბილონშიც, იყო. მართლაც, რა მანუგეშებელი იქნებოდა ამის ცოდნა!».