არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

იეჰოვას მოყვარულნო:

იდგა 1971 წელი. მათ, ვინც მაშინ დაესწრნენ ინგლისურ ენაზე ჩატარებულ საოლქო კონგრესს სახელწოდებით „ღვთის სახელი“, დიდად გაიხარეს, როცა შეიტყვეს არაერთი ახალი პუბლიკაციის გამოცემის შესახებ. ამ პუბლიკაციებმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დელეგატებზე. დამსწრეთაგან ერთმა ძმამ ახალგამოცემული წიგნის შესახებ ასეთი რამ თქვა: „ამ წიგნმა ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა მომავალში მოსახდენ მოვლენებზე, რომლებზეც მეტად მწირ ინფორმაციას ვფლობდით“. რომელი წიგნი ჰქონდა ამ ძმას მხედველობაში? რამ აღაფრთოვანა იგი ასე? ეს იყო წიგნი, „გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა — როგორ?“. მასში ახლებურად იყო ახსნილი წიგნ „ეზეკიელში“ მოცემული წინასწარმეტყველებები, რომელთა შესრულებასაც მთელი კაცობრიობა იხილავდა.

ზემოხსენებული წიგნის გამოცემის შემდეგ ღვთის ხალხის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა; თუ მაშინ ღვთის მსახურთა რიცხვი 1, 5 მილიონი იყო, დღეს მათმა რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა (ეს. 60:22). დღესდღეობით იეჰოვას ხალხი 1 000-ზე მეტ ენაზე საუბრობს (ზაქ. 8:23). ბევრს არ მისცემია შესაძლებლობა, შეესწავლათ სახელმძღვანელო, რომელშიც ეზეკიელის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული წინასწარმეტყველებები დაწვრილებით განიხილებოდა.

ამასთანავე, 1971 წლის შემდეგ ბევრ ბიბლიურ მოძღვრებას მოეფინა ნათელი (იგავ. 4:18). მაგალითად, 1985 წლიდან მოყოლებული ნათლად ვხედავთ, როგორ ჩაითვალნენ მიწიერი ცხოვრების მოიმედენი მართლებად და ეწოდათ ღვთის მეგობრები (იოან. 10:16; რომ. 5:18; იაკ. 2:23). გარდა ამისა, 1995 წელს გავიგეთ, რომ „ცხვრების“ „თხებისგან“ გარჩევა „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება (მათ. 24:21; 25:31, 32). მსგავსი საკითხების განახლებულმა ახსნამ განაპირობა, რომ წიგნ „ეზეკიელში“ მოცემული ზოგი წინასწარმეტყველებაც ახლებურად ახსნილიყო.

„კაცის ძეო, ყურადღებით იყავი, კარგად დააკვირდი ყველაფერს, რასაც გიჩვენებ, და გულისყურით მომისმინე, რადგან აქ ამიტომ ხარ“ (ეზეკიელი 40:4).

ბოლო წლებში კვლავ არაერთ ბიბლიურ საკითხს მოეფინა ნათელი. მაგალითად, დღეს ზუსტად გვესმის იესოს ბევრი იგავის მნიშვნელობა. ეს იგავები ბევრ რამეს გვატყობინებს იმ მოვლენებზე, რომლებიც კარსმომდგარი „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება. ამასთანავე, უკეთ ჩავწვდით წიგნ „ეზეკიელში“ მოცემული ზოგი წინასწარმეტყველების მნიშვნელობას. მაგალითად, ნათელი მოეფინა წინასწარმეტყველებებს „გოგის“ შესახებ (38-ე და 39-ე თავები), სამელნიან კაცზე (მე-9 თავი), გამხმარი ძვლებით სავსე ველსა და ორი ჯოხის შეერთებაზე (37-ე თავი). 1971 წელს გამოცემულ წიგნში ეს საკითხები სხვაგვარად იხსნებოდა.

ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ იეჰოვას მსახურებს აინტერესებდათ, თუ როდის გამოიცემოდა წიგნი, რომელშიც ეზეკიელის წინასწარმეტყველებები ახლებურად აიხსნებოდა. წინამდებარე სახელმძღვანელოში „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“, სწორედ განახლებული ახსნებია მოცემული. როდესაც გაეცნობით ამ წიგნის 22-ვე თავს და თანდართულ ილუსტრაციებს, მიხვდებით, რომ ამ პუბლიკაციის გამოცემას სიღრმისეული კვლევა უძღოდა წინ. ამიტომ ბევრს ვფიქრობდით და ვლოცულობდით, რომ დაგვენახვებინა, რისი თქმა სურდა იეჰოვას ბიბლიის წიგნ „ეზეკიელით“. შევეცადეთ, პასუხი გაგვეცა კითხვებისთვის: რისი სწავლა შეეძლოთ წიგნ „ეზეკიელიდან“ როგორც მის თანამედროვეთ, ისე დღეს მცხოვრებთ? რომელი წინასწარმეტყველებების შესრულებას ველით მომავალშიც? უნდა ვეძებოთ ტიპები და ანტიტიპები ეზეკიელის წინასწარმეტყველებებში? ამ კითხვებზე მიღებული პასუხები დაგანახვებთ, რა ცნობას შეიცავს ეს მართლაც შეუფასებელი წიგნი.

როდესაც წიგნ „ეზეკიელს“ თავიდან ბოლომდე წაიკითხავთ, კრძალვას მოგგვრით იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის გაცნობა. გარდა ამისა, უდავოდ აღგაფრთოვანებთ ის მაღალზნეობრივი ნორმები, რომლებიც იეჰოვამ დაუდგინა თავის მსახურებს ზეცაში თუ დედამიწაზე, რათა მისთვის მოსაწონი სახით ეცათ თაყვანი. წიგნი „წმინდა თაყვანისმცემლობა“ კიდევ უფრო გაგიღრმავებთ მადლიერებას იმ ყოველივეს მიმართ, რაც იეჰოვას გაუკეთებია თავისი მსახურებისთვის და რასაც მომავალში გააკეთებს. იმასაც შენიშნავთ, რომ წიგნს ორი ძირითადი თემა გასდევს: 1) იეჰოვას კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, უნდა გავიცნოთ იგი და ჩვენს უზენაეს მმართველად ვაღიაროთ, და 2) მისთვის მოსაწონი სახით უნდა ვცეთ თაყვანი და მისი მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ.

დიდი სურვილი გვაქვს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესწავლის შედეგად კიდევ უფრო მტკიცედ გადაწყვიტოთ, თაყვანი სცეთ იეჰოვას და საკადრისი პატივი მიაგოთ მის დიდებულ და წმინდა სახელს. ამასთანავე, გვსურს, რომ ეს წიგნი დაგეხმაროთ, მოუთმენლად ელოდოთ იმ დღეს, როცა ხალხები გაიგებენ, თუ ვინაა იეჰოვა (ეზეკ. 36:23; 38:23).

დაე ჩვენმა მოსიყვარულე მამამ იეჰოვამ გაკურთხოთ, რომ ჩასწვდეთ იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მან ეზეკიელს დააწერინა.

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო