სიერა-ლეონე და გვინეა
1945—1990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 1)
ქვეყანაში მისიონერები ჩადიან
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ სამი კურსდამთავრებული ჩარლზ ფიცპატრიკი, ჯორჯ რიჩარდსონი და ჰუბერტ გრეშამი 1947 წლის ივნისში ფრიტაუნში ჩავიდნენ. ეს ძმები პირველები იყვნენ იმ უამრავ მისიონერთა შორის, რომლებიც ქვეყანაში ჩავიდნენ.
მათ დაინახეს, რომ ადგილობრივი მაუწყებლები დიდი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ, მაგრამ ერთ რამეში სჭირდებოდათ დახმარება — ქადაგების მეთოდების დახვეწას საჭიროებდნენ (მათ. 28:20). ამიტომ მისიონერებმა დაიწყეს მაუწყებლების მომზადება — ასწავლიდნენ, როგორ გაეღვივებინათ ხალხისთვის ჭეშმარიტებისადმი ინტერესი და როგორ ჩაეტარებინათ ბიბლიის შესწავლები. ამასთანავე, უხსნიდნენ, როგორ წარემართათ კრების შეხვედრები თეოკრატიული მითითებების შესაბამისად. ერთხელ მისიონერებმა საჯარო შეხვედრა გამართეს „ვილბერფორსის მემორიალ-ჰოლში“. შეხვედრას 450 კაცი დაესწრო. ცოტა ხანში მისიონერებმა გამოაცხადეს, რომ კვირაში ერთი დღე ჟურნალების გავრცელებას დაეთმობოდა. ამან კრებაში ერთგვარი მუხტი შეიტანა და მომავალი ზრდის წინაპირობა შექმნა.
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად მისიონერებს ძალიან უჭირდათ იქაურ კლიმატთან შეგუება. 1948 წელს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო იტყობინებოდა: „სიერა-ლეონეში გაუსაძლისი კლიმატური პირობებია. წვიმის სეზონი ექვსი თვე გრძელდება. წვიმს კოკისპირულად და გადაუღებლად, ზოგჯერ ორი კვირის განმავლობაშიც კი. მშრალ სეზონზე ძლიერი სიცხე და მაღალი ტენიანობაა“. ძველად ამ ქვეყანაში ევროპელ სტუმრებზე ამბობდნენ, ჩვენი ქვეყანა თეთრკანიანების სასაფლაოაო. მალარია, ყვითელი ცხელება და სხვა ტროპიკული დაავადებები ყველგან იყო მოდებული. ამ დაავადებებს ვერც ჩვენმა მისიონერებმა დააღწიეს
თავი. ისინი ერთიმეორეს მიყოლებით ავადდებოდნენ და სამწუხაროდ, ქვეყნის დატოვებაც კი უწევდათ.ბუნებრივია, ადგილობრივი მაუწყებლები ძალიან წუხდნენ ამ ყველაფერზე, მაგრამ სულით ნამდვილად არ დაცემულან. 1947—1952 წლებში მაუწყებელთა რიცხვი 38-დან 73-მდე გაიზარდა. ფრიტაუნთან ახლოს, პატარა ქალაქ ვატერლოოში, გულმოდგინე პიონერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ახალი კრება ჩამოეყალიბებინათ. ფრიტაუნის გარეუბნებში, კისისა და უელინგტონში, ბიბლიის შემსწავლელთა ახალი ჯგუფები შეიქნა. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ სიერა-ლეონეს წინ უდიდესი თეოკრატიული ზრდა ელოდა. საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
ძალების მომცემი შეხვედრა
1952 წლის ნოემბერში ფრიტაუნის ნავსადგურს გემი მოადგა. გემიდან დაახლოებით 35 წლის წარმოსადეგი ამერიკელი მამაკაცი გადმოვიდა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი მილტონ ჰენშელი გახლდათ. მან მალე აუწყო ფეხი ფრიტაუნის ცხოვრების თავისებურ რიტმს. ის ყვებოდა: „ეს თანამედროვე ქალაქი მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქზე გაცილებით სუფთა იყო, რამაც სასიამოვნოდ გამაოცა . . . არანაკლებ გამაოცა ქალაქის ლამაზად მოკირწყლულმა და ახალი მანქანებით გადატვირთულმა ქუჩებმა და ხალხით გადაჭედილმა მაღაზიებმა“.
ჩასვლისთანავე ძმა ჰენშელი პირდაპირ ფრიტაუნის მისიონერთა სახლისკენ გაემართა, რომელიც ორი ქუჩით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ისტორიული მნიშვნელობის მატყლის ხე იდგა. მან მისიონერთა სახლში შეკრებილ ძმებს აცნობა, რომ მალე სიერა-ლეონეში ახალი დამხმარე ძალა ჩამოვიდოდა. მომდევნო კვირას 253 ადამიანი შეიკრიბა „ვილბერფორსის მემორიალ-ჰოლში“, სადაც ძმა ჰენშელის მიერ წარმოთქმული ამაღელვებელი განცხადებები მოისმინეს. მან თქვა, რომ სიერა-ლეონეში მალე გაიხსნებოდა ოფისი, დაინიშნებოდა სარაიონო ზედამხედველი, ჩატარდებოდა სარაიონო კონგრესები, კისიში ჩამოყალიბდებოდა ახალი კრება და პროვინციებში სამქადაგებლო საქმე არნახული მასშტაბით გაფართოვდებოდა. ამის მოსმენაზე მსმენელები სიხარულით ცას ეწივნენ.
ძმა ჰენშელი იხსენებდა: «აღფრთოვანებული აუდიტორია ერთსა და იმავე სიტყვას იმეორებდა: „ქუშე! ქუშე!“, რაც საკმაოდ ძლიერი გრძნობის გამომხატველი სიტყვაა და დაახლოებით ასე ითარგმნება: „დიდებულია! დიდებულია!“. ყველას ამაღლებული განწყობა ჰქონდა. ხალხი დარბაზში გვიანობამდე დარჩა . . . ზოგი ემოციებს ვერ იკავებდა და ღვთის სადიდებელ სიმღერებს მღეროდა».
ახალჩამოყალიბებული ოფისის ზედამხედველად მისიონერი უილიამ ნუშე დაინიშნა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის ჩასული იყო სიერა-ლეონეში. უილიამი ერთ დროს შეერთებულ შტატებში კრუპიედ მუშაობდა კაზინოში. მას შემდეგ, რაც ქრისტიანი გახდა, უყოყმანოდ დატოვა სამუშაო და გადაწყვიტა, სამართლიანი ნორმებით ეცხოვრა. ასეთი მტკიცე ხასიათის გამო სიერა-ლეონეში ბევრი და-ძმის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.