არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

ისინი ერთმანეთს უზიარებენ ინტერნეტიდან ჩამოტვირთულ მასალას

მიუხედავად იმისა, რომ კუბაში ინტერნეტი ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, მისი გამოყენება შესაძლებელია სატელეფონო კომპანიების მიერ გახსნილ ინტერნეტ კაფეებში. მაგრამ მომსახურების ფასი, მაინც ძალიან მაღალია. იმისათვის, რომ და-ძმებს შეძლებოდათ სულიერი საზრდოს მიღება ვებ-გვერდ jw.org-ის მეშვეობით, ფილიალმა ადგილობრივ კრებებს მოუწოდა, გამოეყოთ ერთი ძმა, რომელიც ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთავდა პუბლიკაციებს, აუდიო ჩანაწერებს და ვიდეორგოლებს და კრების წევრებს გაუზიარებდა. ამგვარად, კუბელი და-ძმები სულიერი საზრდოს ნაკლებობას არ განიცდიან.

სამეფო დარბაზი მობილურის სანაცვლოდ

ათი წლის თეონა და მისი რვა წლის და, თამუნა, საქართველოში ცხოვრობენ. გოგონებს ძალიან უნდოდათ მობილური ტელეფონი. ფულის შეგროვებაში რომ დახმარებოდა, ბებია შეპირდა, რომ ყოველთვიურად პენსიიდან გარკვეულ თანხას მისცემდა. სამწუხაროდ, ბებია მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბებიის ბოლო პენსია მთლიანად ბავშვებისთვის მიეცათ, რათა მათ ტელეფონი ეყიდათ. მაგრამ ცოტა ფიქრის შემდეგ გოგონებმა თავიანთ კრებას შემდეგი შინაარსის წერილი მისწერეს: „ვიცით, რომ ორ კვირაში ჩვენს ქალაქში, თერჯოლაში, სამეფო დარბაზის მშენებლობა იწყება. ბებიას ძალიან სურდა, თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. ამიტომ გვინდა, მისი ბოლო პენსიით ტელეფონი კი არ ვიყიდოთ, არამედ ეს ფული თქვენ მოგცეთ. გთხოვთ, ლამაზი სამეფო დარბაზი აგვიშენეთ“.

ბერძნული წერილები ტეტუმ ენაზე

2014 წლის 17 იანვარს აღმოსავლეთ ტიმორში, ქალაქ დილიში შეკრებილ მსმენელებს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, სიხარულით აუწყა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტეტუმ ენაზე, რომელზეც მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს. ამ დრომდე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთადერთ თარგმანს კათოლიკური ეკლესია ბეჭდავდა. ისინი უარს ამბობდნენ იმაზე, რომ ეს ბიბლიები მიეყიდათ იეჰოვას მოწმეებისთვის და მათთვის, ვისზეც ეჭვობდნენ, რომ მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკური თარგმანი ბევრ უზუსტობას შეიცავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ამოღებულ მონაკვეთებზე, არქაულ სიტყვებსა და ბეჭდვის ხარისხზე. „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით ძმა დარენი, რომელიც ტიმორში მისიონერად მსახურობს, ამბობს: «ბევრი ტიმორელი, ვინც „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ კითხულობს, გაოცებული რჩება მისი სიზუსტით და სურვილი უჩნდებათ, რომ პირადი ეგზემპლარი ჰქონდეთ. მათ უადვილდებათ მისი კითხვა. განსაკუთრებით, დიდი შრიფტი მოსწონთ, რადგან უმრავლესობას სახლში ცუდი განათება აქვს. ბევრმა, ვინც ამ თარგმანის პირადი ეგზემპლარი მიიღო, ბიბლიის შესწავლა დაიწყო».

„იეჰოვა ღირსად მთვლის“

მაკედონია: ქადაგება ბოშურ ენაზე გამოსული პუბლიკაციებით

2014 წლის იანვარი განსაკუთრებული თვე იყო იმ მთარგმნელებისთვის, რომლებიც მაკედონიაში ბოშურ ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს. ჩამოყალიბდა მუდმივი მთარგმნელობითი ჯგუფი ბოშურ ენაზე, რომელმაც ნებართვა მიიღო, პუბლიკაციები ლათინური შრიფტის გარდა, კირილიცაზეც გამოეცა. ეს ძალიან დიდი დახმარებაა ბოშურ ენაზე მოსაუბრე ხალხისთვის, რომლებიც კირილიცას უფრო ადვილად კითხულობენ, რადგანაც იგი მაკედონიაში ოფიციალურ დამწერლობად ითვლება.

ბევრი ბოშის გულს ძალიან შეეხო ის ფაქტი, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მათ ენაზე ბეჭდავს პუბლიკაციებს. ერთმა დამ შემდეგი სიტყვები თქვა: „იმის გამო, რომ ბოშა ვარ, ხშირად ვგრძნობ, რომ სხვა ეროვნების ადამიანები ზემოდან მიყურებენ. იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ღირსად მთვლის, ბიბლიური ლიტერატურა ჩემს ენაზე წავიკითხო, რაც მასთან კიდევ უფრო მაახლოებს“.

„იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ღირსად მთვლის, ბიბლიური ლიტერატურა ჩემს ენაზე წავიკითხო“

იცვლება ზედამხედველობის არეალი

2014 წლის 1 თებერვლიდან სამქადაგებლო ტერიტორიებსა და კრებებს იამაიკასა და კაიმანის კუნძულებზე ზედამხედველობას შეერთებული შტატების ფილიალი უწევს. მართლაც რომ საოცარი ერთობა სუფევს შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1 200 000-ზე მეტ მაუწყებელს შორის. ეს ტერიტორია მოიცავს შეერთებული შტატების 50 შტატს, ბაჰამის, ბერმუდის, ვირჯინის, პუერტო-რიკოს, ტურკისა და კაიკოს კუნძულებს.

პიონერები იაპონიაში

იაპონელ და-ძმებში დღემდე არ ქრება პიონერული სული. ეს ქვეყანა პიონერების რიცხვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. 2014 სამსახურებრივი წლის დასაწყისში პიონერთა რიგებს 2 646 და-ძმა შეუერთდა. შედეგად, პიონერების რიცხვმა 65 668-ს მიაღწია. 2014 წლის მარტში მაუწყებლების ნახევარზე მეტი ამა თუ იმ სახის პიონერულ მსახურებაში იყო ჩაბმული.