არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძმები კონგრესებს საქორწილო წვეულებების დროს ატარებდნენ

ინდონეზია

მათ არ შეუწყვეტიათ კრების შეხვედრების ჩატარება

მათ არ შეუწყვეტიათ კრების შეხვედრების ჩატარება

აკრძალვის დროს კრებების უმეტესობა შეხვედრების ჩასატარებლად და-ძმების სახლში იკრიბებოდა. თუმცა ზედმეტი ყურადღება რომ არ მიეპყროთ, ბევრმა კრებამ გადაწყვიტა, არ ემღერა სამეფოს სიმღერები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პოლიცია ჩხრეკდა შეხვედრების ჩატარების ადგილებს, ხშირ შემთხვევაში ძმები საფრთხეს თავს აღწევდნენ.

აკრძალვის მიუხედავად, ძმები კონგრესებსაც კი ატარებდნენ, თანაც ძალიან მოხერხებულად. მაგალითად, ისინი კონგრესს ოჯახურ წვეულებებსა და ქორწილებს ამთხვევდნენ. აი, რას გვიყვება ძმა ტაგორ ჰუტასოიტი: „მას შემდეგ, რაც წყვილი ქორწინებას რეგისტრაციაში გაატარებდა, პოლიცია მათ დიდი საქორწილო წვეულების გამართვის ნებას რთავდა. წვეულების დროს ძმა ბიბლიურ მოხსენებას კითხულობდა, ოღონდ ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო, ამ დროს ახალდაქორწინებულებიც სცენაზე ისხდნენ“.

ერთხელ კონგრესის დროს ძმა ტაგორს პოლიციელი მიუახლოვდა და ჰკითხა:

„როგორც წესი, ქორწილი ორ-სამ საათს გრძელდება; თქვენმა ლხინმა რატომ გასტანა დილიდან საღამომდე?“.

ამაზე ძმა ტაგორმა მიუგო: „ზოგი ახალდაქორწინებული სიძნელეებს ხვდება, ამიტომ მათ ბევრი ბიბლიური რჩევა-დარიგება სჭირდებათ“.

„მაშინ გასაგებია“, — მიუგო პოლიციელმა და ძმას თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

ერთხელ, თითქოსდა მრავალრიცხოვან ქორწილს მართავდნენ, ძმებმა ჯაკარტის დიდ სტადიონზე 1983 წლის რეგიონული კონგრესის პროგრამის ნაწილი წარმოადგინეს, რომლის სახელწოდებაც იყო „სამეფოს ერთობა“. კონგრესს დაახლოებით 4 000 კაცი დაესწრო, მათ შორის დაინტერესებულებიც, ხოლო ნათლობის 125 მსურველი კონგრესამდე მოინათლა, თანაც მალულად. მოგვიანებით, როცა მოწმეების შევიწროება შედარებით შესუსტდა, ძმები უფრო დიდი კონგრესების ჩატარებასაც ახერხებდნენ. ერთ-ერთ ასეთ კონგრესზე დამსწრეთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა.

აკრძალვის მიუხედავად ფილიალი შენდება

1980—1990-იან წლებში ფილიალმა არაერთხელ გაუგზავნა მთავრობას წერილობითი მოთხოვნა აკრძალვის მოხსნის თაობაზე. გარდა ამისა, ინდონეზიის მთავრობას და ელჩებს ძმებმა სხვა ქვეყნებიდანაც მისწერეს წერილები, რათა გაეგოთ, რატომ ითვლებოდა უკანონოდ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ინდონეზიაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ბევრი წარმომადგენელი თანახმა იყო, კანონიერად ეცნო იეჰოვას მოწმეების საქმიანობა, სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.

1990 წელს ძმებმა ახალი ფილიალის აშენებაზე დაიწყეს ფიქრი. მათ სურდათ, რომ ის ნაკლებად თვალში საცემ ადგილას ყოფილიყო. იმავე წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ადგილობრივ ძმებს ნება დართო, ჯაკარტის სამხრეთით დაახლოებით 40 კმ-ში მდებარე პატარა ქალაქ ბოგორთან ახლოს უძრავი ქონება შეეძინათ. მაგრამ, როგორ უნდა აეშენებინათ ახალი ფილიალი, როცა მშენებლობის გამოცდილება ადგილობრივი ძმებიდან ცოტას თუ ჰქონდა?

რა თქმა უნდა, მსოფლიო საძმოს დახმარებით! ბრუკლინის სამშენებლო განყოფილებამ და ავსტრალიის რეგიონულმა საინჟინრო ოფისმა შენობის პროექტი შეადგინეს და ძმებს გაუგზავნეს. ორწლიანი სამშენებლო პროექტის განხორციელებაში ადგილობრივ ძმებს 100-მდე საერთაშორისო მოხალისე ეხმარებოდა.

ინდონეზიელი ძმა, ჰოსია მანსური, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებთან უწევდა შეხვედრა, გვიყვება: «როდესაც მუსლიმმა ჩინოვნიკებმა ჩემს კასკაზე ინიციალები H და M შენიშნეს, დიდი პატივისცემით მომეპყრნენ, რადგან იფიქრეს, რომ ასო H „ჰაჯის“, საპატიო წოდების, აბრევიატურა იყო, რომელსაც მექაში ჩასულ პილიგრიმებს ანიჭებენ. ამ პატარა გაუგებრობამ უფრო გაგვიადვილა საქმის ორგანიზება».

აკრძალვის დროს აშენებული ფილიალი

ფილიალის ახალი შენობის მიძღვნა 1996 წლის 19 ივლისს მოხდა. მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯონ ბარმა, წაიკითხა. პროგრამას 285 ადამიანი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ ყოფილი მისიონერები, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 118 ბეთელელი და ადგილობრივი ბეთელის ოჯახის 59 წევრი. მიძღვნიდან ორ დღეში ჯაკარტაში გაიმართა რეგიონული კონგრესი, სახელწოდებით „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“, რომელსაც 8 793 დელეგატი დაესწრო.

იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი

1998 წელს ინდონეზიის პრეზიდენტი სუჰარტო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი მართავდა ქვეყანას, თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკური ასპარეზი ახალ მთავრობას დაუთმო. ამის შემდეგ ძმები მეტი შემართებით შეუდგნენ რელიგიური თავისუფლებისთვის ბრძოლას.

2001 წელს ნიუ-იორკში ვიზიტის დროს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ეფენდი, ბრუკლინის ბეთელს ეწვია, სადაც ხელმძღვანელი საბჭოს სამ წევრს შეხვდა. ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ამის შემდეგ იგი დათანხმდა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიური თავისუფლება მიენიჭებინათ, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვა იუსტიციის მინისტრს, მარზუკი დარუსმანს, ეკუთვნოდა.

აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგი არც იუსტიციის მინისტრი იყო, მაგრამ მოწმეებისადმი მტრულად განწყობილი მისი გუნდის წევრები აჯანჯლებდნენ საქმეს იმ იმედით, რომ მალე მის თანამდებობას სხვა დაიკავებდა და ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. საბოლოოდ, 2001 წლის 1 ივნისს, ტაგორ ჰუტასოიტი იუსტიციის მინისტრის კაბინეტში დაიბარეს. ძმა ტაგორი გვიამბობს: „დაახლოებით 25 წლის წინ სწორედ ამ კაბინეტში მომცეს საბუთი, რომლის თანახმადაც ჩვენი საქმიანობა იკრძალებოდა. მაგრამ ამჯერად იუსტიციის მინისტრმა თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეს გადმომცა საბუთი იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მოხსნის შესახებ“.

2002 წლის 22 მარტს ინდონეზიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ოფიციალურად დაარეგისტრირა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია. ამ სააგენტოს თავმჯდომარემ ფილიალის წარმომადგენელს ასეთი სიტყვები უთხრა: „რეგისტრაციის ეს საბუთი თაყვანისცემის თავისუფლების გარანტია არ არის, რადგან ასეთი თავისუფლების მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ეს საბუთი უბრალოდ იმის დასტურია, რომ თქვენს საქმიანობას მთავრობა კანონიერად ცნობს. თქვენ ახლა ისეთივე უფლებებით სარგებლობთ, როგორითაც სხვა რელიგიები. იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენს სამსახურშია“.