არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული არასოდეს მთავრდება!

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული არასოდეს მთავრდება!

იგორი: მე და გიზო აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში, ვცხოვრობდით. ჩვენი ჯგუფი მიეკუთვნებოდა ქალაქ ჯვარში არსებულ კრებას, რომელიც ჩვენგან 85 კილომეტრით იყო დაშორებული. იქ თვეში ერთხელ ჩავდიოდი, რათა ჯგუფისთვის ლიტერატურა წამომეღო. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვება მოისურვა, რასაც სეპარატისტებსა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვა.

გიზო ნარმანია და იგორ ოჩიგავა

ეს ძმები აფხაზეთის ომის დროს თანამორწმუნეებზე ზრუნავდნენ.

გიზო: მოვინათლე 21 წლის ასაკში, კონფლიქტის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. თავიდან ომმა ძალიან შეგვაშინა; არ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ქადაგება. მაგრამ იგორი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა და-ძმებს, ასეთი სიტყვებით გვამხნევებდა: „ახლა სჭირდება ხალხს ნუგეში. თუ გვინდა, სულიერად ძლიერები დავრჩეთ, უნდა ვიქადაგოთ!“. ასეც მოვიქეცით! მართალია, დიდი სიფრთხილით, მაგრამ ყოველდღე ვუზიარებდით ადამიანებს ღვთის სიტყვიდან მანუგეშებელ ცნობას.

იგორი: კონფლიქტის გამო ჯვარში ლიტერატურის წამოსაღებად ჩვეულებრივი გზით ვეღარ ჩავიდოდით, ამიტომ რაღაც უნდა გვეღონა. ვინაიდან ტყვარჩელში გავიზარდე და ადგილობრივ ტერიტორიას კარგად ვიცნობდი, უსაფრთხო გზას მივაგენი, რომელიც ჩაის პლანტაციებსა და მთებზე გადიოდა. თუმცა მაინც არსებობდა საფრთხე, სამხედროებს გადავყროდით ან ნაღმზე ავფეთქებულიყავით. ძმების სიცოცხლე საფრთხეში რომ არ ჩამეგდო, გადავწყვიტე, თვეში ერთხელ მარტოს მევლო. იეჰოვას მფარველობის წყალობით და-ძმებისთვის ყოველთვის დროულად ჩამქონდა სულიერი საზრდო, რაც რწმენის მტკიცედ შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტყვარჩელში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა, ქალაქი მალე ბლოკადაში მოექცა. ზამთარი კარს იყო მომდგარი. საკვების მარაგიც გვეწურებოდა. არ ვიცოდით, რა გველოდა წინ. ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ ჯვარიდან ძმები ჩვენთვის დახმარების გამოგზავნას აპირებდნენ.

გიზო: იგორმა გვითხრა, რომ დახმარების ჩამოტანას თავად აპირებდა და გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა, საკვების მარაგი ჩვენს სახლში შეგვენახა და შემდეგ გაგვენაწილებინა. მასზე ძალიან ვნერვიულობდით, რადგან გზად რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი უნდა გაევლო, თანაც შეიძლებოდა სამხედროებს ან მძარცველებს გადაჰყროდა (იოან. 15:13).

შვებით ამოვისუნთქეთ, როცა იგორი რამდენიმე დღის შემდეგ საღსალამათი დაგვიბრუნდა. ის მთელი ზამთრის სამყოფი პროდუქტებით სავსე მანქანით ჩამოვიდა! იმ უმძიმეს პერიოდში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული არასოდეს მთავრდება! (1 კორ. 13:8).