არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძმების შეხვედრა თბილისში (1992 წ.)

საქართველო | 1991—1997

ღმერთმა გაზარდა (1 კორ. 3:6).

ღმერთმა გაზარდა (1 კორ. 3:6).

გენადი გუდაძე 1990-იანი წლების დასაწყისში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ასეთმა პოლიტიკურმა ძვრებმა სამოქალაქო არეულობა გამოიწვია. ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო. გენადი გუდაძე, რომელიც იმ წლებში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, იხსენებს, რომ ხალხი საათობით იდგა პურის რიგში.

მოწმეები ხელიდან არ უშვებდნენ ასეთ ხალხმრავალ ადგილებში ქადაგების შესაძლებლობას. გენადი გვიყვება: „ამ მეტად მძიმე პერიოდში ბევრი ისმენდა ჭეშმარიტებას და ასობით ბიბლიის შესწავლის მსურველი გვაძლევდა თავის მისამართს“.

ძმები ყოველი კრების შეხვედრის ბოლოს ხმამაღლა კითხულობდნენ მათ მისამართებს, რომლებიც ბიბლიის შესწავლას ითხოვდნენ, რათა მაუწყებლებს მოენახულებინათ.

პურის რიგში ქადაგება (1990-იანი წწ.)

ლევან საბაშვილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, გვიყვება ერთ წყვილზე, რომელმაც ბიბლიის შესწავლა მოითხოვა: „ერთხელ მაუწყებლებმა თითქმის ყველა მისამართი აიღეს, მაგრამ ამ წყვილის მისამართს არავინ ეკარებოდა, რადგან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, თანაც ყველას გვქონდა უკვე რამდენიმე შესწავლა“.

რამდენიმე თვის შემდეგ ამ წყვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა შესწავლა. მათ მესამედაც მოუწიათ ამის გაკეთება, მაგრამ ამჯერად მისამართს მიაწერეს, რომ, თუ არ მივაკითხავდით, მათი სისხლი ჩვენ დაგვედებოდა (საქ. 20:26, 27). ლევანი იხსენებს: „ახალი წლის პერიოდი იყო. ჩვეულებრივ, ამ დროს ვერიდებოდით ხალხთან მისვლას, მაგრამ უკვე აღარ შეიძლებოდა ამ საქმის გადადება, ამიტომ მე და ერთი ძმა მათ მოსანახულებლად წავედით“.

სულიერს მოწყურებული როინ და ნანა გრიგალაშვილები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ზამთრის სუსხიან დილას კართან მდგომი ორი ძმა დაინახეს. მათ იმ დღესვე დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ამჟამად როინი და ნანა შვილებთან ერთად პიონერებად მსახურობენ.

და-ძმების დაუღალავი შრომა

ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ბევრი იმდენად მადლიერი იყო, რომ თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებდა სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გასაზიარებლად. ოჯახური პასუხისმგებლობების მიუხედავად, ბადრი და მარინა კოპალიანები მათ შორის იყვნენ, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ სამეფოს შესახებ ცნობა დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ყურამდე მიეწვდინათ.

უქმეებზე ისინი თავიანთ მოზარდ ვაჟებთან, გოჩასთან და ლევანთან ერთად მთიან რეგიონში, დუშეთში, ჩადიოდნენ ხოლმე. ზოგჯერ შორეულ სოფლებამდე რომ მიეღწიათ, 150 კილომეტრის გავლა უწევდათ მიხვეულ-მოხვეულ და ოღროჩოღრო გზებზე.

ერთხელ ერთმა ქალმა ბადრის და მარინას სთხოვა, მასთან სამუშაოზე მისულიყვნენ. ბადრი იხსენებს: «მან დიდ დარბაზში შეგვიყვანა, სადაც 50-მდე ადამიანი გველოდა. თავიდან, ცოტა არ იყოს, შევცბუნდი, მაგრამ გულში ვილოცე და იეჰოვას დახმარება ვთხოვე. შემდეგ მათეს 24-ე თავიდან რამდენიმე მუხლი ამოვიკითხე და ბოლო დღეებზე ვისაუბრე. ამის მოსმენაზე ერთმა მათგანმა გაკვირვებულმა იკითხა: „ჩვენი მღვდლები რატომ არ გვასწავლიან ამას?!“».

გახსენების საღამო ბევრის ყურადღებას იპყრობს

გახსენების საღამოს აღნიშვნის პერიოდში ბევრს ეძლეოდა ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობა. მაგალითად, 1990 წელს თბილისში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ია ბადრიძის ბინაში ჩატარდა. ამან მეზობლების ყურადღება მიიპყრო, რის შედეგადაც ბევრმა გაიგო ჭეშმარიტება.

ია ბადრიძის ბინაში გახსენების საღამო აღინიშნა, რომელსაც 200 ადამიანი დაესწრო

გახსენების საღამოს ჩასატარებლად და იამ შვილებთან ერთად მისაღები ოთახი მთლიანად გაათავისუფლა. მაგრამ სად იშოვიდა სტუმრებისთვის სამყოფ სკამებს? იმ დროს საქართველოში დიდი თავშეყრის დროს მაგიდებსა და სკამებს ქირაობდნენ ხოლმე. როცა იამ მხოლოდ სკამები იქირავა, გამქირავებელ პუნქტში ჰკითხეს: „კი მაგრამ, მაგიდები არ გჭირდებათ, რაზე უნდა ჭამოთ?“.

გაგიკვირდებათ და, იმ საღამოს ბადრიძეებმა, რომლებიც მე-13 სართულზე ცხოვრობენ, თავის ბინაში 200 კაცი მიიღეს! ამ ამბის შემდეგ ბევრი მეზობელი დაინტერესდა, ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები.

დაუვიწყარი გახსენების საღამო

1992 წელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გახსენების საღამოს აღსანიშნავად ძმებმა დიდი დარბაზები დაიქირავეს. მაგალითად, როგორც დავით სამხარაძე გვიყვება, ქალაქ გორში სარაიონო ზედამხედველი დაინტერესდა, სად აპირებდნენ იქაური ძმები გახსენების საღამოს ჩატარებას.

როცა გაიგო, რომ შეხვედრის ჩატარებას ერთი ძმის სახლში აპირებდნენ, იკითხა: „არ შეგიძლიათ დარბაზი დაიქირაოთ?“. ძმები ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, რადგან იმ დროს გორში მაუწყებლების რაოდენობა 100-ს ცოტათი აჭარბებდა, დარბაზი კი 1 000 კაცზე მეტს იტევდა.

სარაიონო ზედამხედველმა ძმებს ასეთი რამ ურჩია: „თუ თითოეული მაუწყებელი ათ კაცს დაპატიჟებს, დარბაზი შეივსება“. მართალია, იქაური და-ძმებისთვის თავიდან ეს დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ მაინც გაითვალისწინეს მისი რჩევა. მათდა გასაკვირად, ამ საღამოს 1 036 ადამიანი დაესწრო, რამაც ისინი უსაზღვროდ გაახარა! a

გულანთებული პიონერები ახალ ტერიტორიებზე ქადაგებენ

1992 წლისთვის საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ არ იყო ნაქადაგები სასიხარულო ცნობა. როგორ შეძლებდნენ და-ძმები ახალ ტერიტორიებზე გადასვლას მაშინ, როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო?!

თამაზ ბიბლაია ყვება: „ერთხელ სარაიონო ზედამხედველი რამდენიმე ძმას შეგვხვდა, რათა ამ საკითხზე გვემსჯელა. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცოდით, როგორ ინიშნებოდნენ სპეციალური პიონერები, მაგრამ ის კი გვესმოდა, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მალე უნდა გავრცელებულიყო მთელ საქართველოში“ (2 ტიმ. 4:2). ამიტომ შეირჩა 16 პიონერი, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხუთი თვით დაინიშნენ (იხილეთ თანდართული რუკა).

ტერიტორიები, სადაც პიონერები ხუთი თვით გაიგზავნენ

1992 წლის მაისში, სანამ ეს პიონერები საქმეს შეუდგებოდნენ, მათ წასახალისებლად თბილისში გაიმართა სამსაათიანი შეხვედრა. მას შემდეგ უხუცესები ყოველთვე აკითხავდნენ დაშორებულ ტერიტორიაზე გადასულ პიონერებს, რათა გაემხნევებინათ და საჭიროების შემთხვევაში მატერიალური დახმარება აღმოეჩინათ.

ორი პიონერი და მანია ადუაშვილი და ნაზი ჟვანია ოზურგეთში გაგზავნეს. მანია, რომელიც იმ დროს 60 წლის იყო, ყვება: „ვიცოდით, რომ ოზურგეთთან ახლოს ერთი დაინტერესებული ცხოვრობდა. ამიტომ ჩასვლისთანავე მივაკითხეთ. იქ მისულებს 30-მდე კაცი დაგვხვდა, რომლებიც ამ ქალს ჩვენ მოსასმენად დაუპატიჟებია. რამდენიმე მათგანთან ბიბლიის შესწავლა იმავე დღეს დავიწყეთ“.

მომდევნო თვეებიც არანაკლებ ნაყოფიერი იყო. სულ რაღაც, 5 თვეში 12 ადამიანი მოინათლა.

მათ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია

ორი პიონერი ძმა პავლე აბდუშელიშვილი და პაატა მორბედაძე ცაგერში გაგზავნეს. ამ რეგიონში ტრადიციების დამცველი და ღრმადმორწმუნე ხალხი ცხოვრობს.

ცაგერის ლანდშაფტი

ზამთარი ახლოვდებოდა, თანაც პავლეს და პაატას ხუთთვიანი ვადა ეწურებოდათ. ამ პერიოდში ძმებმა პაატას მთარგმნელობით საქმეში სთხოვეს დახმარება, ამიტომ ის თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. პავლე არჩევანის წინაშე დადგა. ის გვიყვება: „ვიცოდი, რომ წინ მკაცრი ზამთარი მელოდა, მაგრამ ბიბლიის შემსწავლელებს დახმარება სჭირდებოდათ, ამიტომ იქ დარჩენა გადავწყვიტე“.

პავლე განაგრძობს: „ერთ ოჯახში ვცხოვრობდი. მთელ დღეს ვქადაგებდი, საღამოობით კი ყველანი შეშის ღუმელს შემოვუსხდებოდით ხოლმე და ვთბებოდით. ძილი რომ მომერეოდა, მაღლა ჩემს გაყინულ ოთახში ავდიოდი, თავზე ქუდს ვიხურავდი და სქელ საბანში გახვეული ვიძინებდი“.

როდესაც გაზაფხულზე პავლე უხუცესებმა მოინახულეს, იქ უკვე 11 ადამიანი იყო მზად, მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო. მალე ყველა მათგანი მოინათლა.

a 1992 წელს საქართველოში 1 869 მაუწყებელი მსახურობდა, ხოლო გახსენების საღამოს 10 332 ადამიანი დაესწრო.