არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საქართველო

ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!

ნათელა გრიგორიადისი

ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!
  • დაიბადა: 1960 წ.

  • მოინათლა: 1987 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მისმა პროფესიულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩვენი ლიტერატურის ბეჭდვას, რომელიც იმ წლებში ფარულად მიმდინარეობდა.

1980-იანი წლების მიწურულს კრებაში „საგუშაგო კოშკის“ მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გვქონდა და ისიც წამყვანს ეჭირა, თანაც ხელით გადაწერილი. ერთხელაც გენადი გუდაძესთან მივედი, რომელიც უხუცესი იყო, და ვუთხარი, რომ იქნებ რამენაირად გვეცადა, ჩვენი ძალებით დაგვებეჭდა ჟურნალები.

მანამდე ძმები ლიტერატურას მცირე რაოდენობით თვითნაკეთი მიმეოგრაფით ამზადებდნენ. მაგრამ ჟურნალები რეგულარულად რომ გვქონოდა, გვჭირდებოდა გამოცდილი მბეჭდავი, საბეჭდი მანქანა და სპეციალური საბეჭდი ქაღალდი. რამდენადაც იმ დროს ყველაფერს სახელმწიფო უშიშრობის სამსახური აკონტროლებდა, მათი მეთვალყურეობის გარეშე ქაღალდსაც კი ვერ იყიდდი, რომ აღარაფერი ვთქვათ საბეჭდ მოწყობილობაზე.

საბეჭდი მანქანა ერთმა ძველმა ნაცნობმა მაშოვნინა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა მთავრობის მიერ ჩამოწერილ საბეჭდ მანქანებზე. ჩემი და მბეჭდავი იყო და შეეძლო დაგვხმარებოდა. ძმებმა სპეციალური საბეჭდი ქაღალდიც მოიმარაგეს. ყველაფერი მშვენივრად აეწყო და მალე „საგუშაგო კოშკის“ პირველი ეგზემპლარიც დაიბეჭდა ქართულ ენაზე!

თუმცა ცოტა ხანში კიდევ ერთ დაბრკოლებას წავაწყდით; ერთ დღეს გენადიმ მითხრა, რომ ქაღალდი გამოგველია და როგორმე უნდა გვეშოვა. როგორც მან თქვა, საბეჭდი ქაღალდი მბეჭდავთა ბიუროში უნახავს, მაგრამ თავად ვერ იყიდდა, რადგან იმ პერიოდში უთვალთვალებდნენ. რა უნდა გვექნა? როცა გენადიმ მითხრა, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა, გაკვირვებულმა რამდენჯერმე გავიმეორე: „ეს შეუძლებელია!“. ამაზე პირდაპირ მითხრა: „ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო, რადგან ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!“ (მათ. 19:26).

მეორე დღეს მბეჭდავთა ბიუროში წავედი. მთელი გზა ვნერვიულობდი და თავში სულ გენადის სიტყვები მიტრიალებდა: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!“. იქ ერთ მბეჭდავ ქალთან მივედი, რომელმაც თბილად მიმიღო და შემპირდა, რომ ჩემს სათხოვარს დაწესებულების დირექტორს გადასცემდა. აღმოჩნდა, რომ დირექტორი მისი ქმარი ყოფილა. იეჰოვამ ზუსტად იმ ადამიანთან მიმიყვანა, რომელმაც საჭირო დახმარება აღმოგვიჩინა! მას შემდეგ სულ იქ ვყიდულობდი საბეჭდ ქაღალდს.