არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე: კრისტალს გზას უჩვენებენ

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აფრიკა

აფრიკა
  • ქვეყნები 58

  • მოსახლეობა 1 109 511 431

  • მაუწყებლები 1 538 897

  • ბიბლიის შესწავლები 4 089 110

ის სმენადაკარგულ ადამიანებს ეძებდა

სიერა-ლეონეში კრისტალმა, რომელიც ჟესტებისენოვან ტერიტორიაზე მისიონერად მსახურობს, ერთხელ იეჰოვას სთხოვა, სმენადაკარგულ ადამიანს შეხვედროდა. იმ დილით ის განმეორებით მონახულებაზე წავიდა, მაგრამ ამჯერად სხვა გზით. გზად მეზობლებს ეკითხებოდა, ვინმე სმენადაკარგულ ადამიანს ხომ არ იცნობდნენ; მათ ერთი სახლი მიასწავლეს. იქ კრისტალს ახალგაზრდა ქალი დახვდა, რომელმაც თბილად მიიღო და სურვილი გამოთქვა, ჟესტებისენოვან კრებას დასწრებოდა. ცოტა ხანში მეზობლებმა თავად სთხოვეს კრისტალს, კიდევ ერთი სმენადაკარგული მოენახულებინა. ასე რომ, მან კიდევ ერთი სულიერს მოწყურებული ადამიანი გაიცნო. მართალია, კრისტალს ამ ქუჩაზე არაერთხელ უქადაგია, მაგრამ არასდროს შეხვედრია ამ ორ ადამიანს. ის დარწმუნდა, რომ სწორედ იეჰოვას დახმარებით იპოვა ისინი.

„ეს მოხსენება ზუსტად ჩემთვის იყო!“

ერთხელ ემანუელი, რომელიც ლიბერიაში ცხოვრობს, მანქანით კრებაზე მიდიოდა. გზად შენიშნა კარგად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაღონებული იყო. ემანუელმა გააჩერა მანქანა და დახმარება შესთავაზა. როგორც გაირკვა, წინა საღამოს ამ მამაკაცს, რომელსაც მოზესი ერქვა, მთელი ფული მოჰპარეს და ახლა თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ემანუელმა მას უთანაგრძნო და სამეფო დარბაზში დაპატიჟა, რაზეც უარი არ უთქვამს. საჯარო მოხსენების მოსმენის დროს მოზესს თვალზე ცრემლი მოადგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ძმებს უთხრა: „ეს მოხსენება ზუსტად ჩემთვის იყო! იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებული ხალხი ხართ!“. ძმებმა მოზესს ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. ამჟამად იგი რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს.

„მე წარმართი არა ვარ!“

ამინატა, 15 წლის მოსწავლე, გვინეა-ბისაუში ცხოვრობს. მას ორი წლის წინ საინტერესო შემთხვევა ჰქონდა. ერთხელ ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელმა კლასს სთხოვა, დაეხატათ ნიღბები და სხვა საკარნავალო აქსესუარები, რომელიც წარმართულ დღესასწაულს უკავშირდებოდა. მაგრამ ამინატამ ცხოველები და მცენარეები დახატა და თავის ნახატს „სამოთხე“ დაარქვა. როცა მასწავლებელმა შეაგროვა ნახატები, ამინატას ნული ქულა დაუწერა, რადგან ის არ დახატა, რაც დაავალა. გაკვეთილის ბოლოს ამინატა მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა: „მასწავლებელო, ვისთვის ეწყობა კარნავალები?“.

„წარმართებისთვის“, — უპასუხა მასწავლებელმა.

გვინეა-ბისაუ: ამინატა სამოთხეს ხატავს

ამაზე ამინატამ მიუგო: „მე წარმართი არა ვარ! ამიტომ არ ვმონაწილეობ მსგავს დღესასწაულებში. მე მწამს, რომ ღმერთი მალე სამოთხედ გადააქცევს დედამიწას და სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა ჩემი ნახატი“. მასწავლებელი დაჰპირდა ამინატას, რომ სხვა დავალებას მისცემდა, სადაც ტესტის შევსება მოუწევდა. ამჯერად ამინატამ 20-დან 18 ქულა აიღო.

საკმაოდ ბევრი დაესწრო

მალავის ერთ შორეულ სოფელში შვიდი მაუწყებლისგან შემდგარი პატარა ჯგუფია. ის ადგილი, სადაც კრების შეხვედრებს ატარებენ, ჩალითაა გადახურული. სარაიონო ზედამხედველისგან წახალისებულმა და-ძმებმა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დიდი მონდომებით დაპატიჟეს ხალხი. ამ დღეს მომხსენებელმა ლამპის შუქზე წაიკითხა მოხსენება. დამსწრეთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს იგრძნობდა ის შვიდი მაუწყებელი, როცა გაიგებდნენ, რომ ამ საღამოს 120 ადამიანი დაესწრო.

მალავი: გახსენების საღამოს 120 კაცი დაესწრო

ბროშურა მას ოჯახური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას ხშირად კარგი შედეგები მოჰყვება, რაც მაშინვე აშკარად არ ჩანს. ტოგოს დედაქალაქ ლომეში ერთი ქალი ყოყმანობდა სტენდთან მისვლას, მაგრამ ბოლოს მაინც მივიდა და აიღო ბროშურა „თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!“. მოწმეებმა მასთან მოკლედ იმსჯელეს ეფესოელების 5:3-ზე. საუბრის დასასრულს ტელეფონის ნომრები გაცვალეს. ორი კვირის შემდეგ ქალმა დაურეკა მათ და უთხრა: „იეჰოვას მოწმეები თვალში არ მომდიოდნენ, მაგრამ, როცა ეს ბროშურა წავიკითხე, აზრი შევიცვალე. აქ მოცემული რჩევები არა მარტო მე დამეხმარა ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, არამედ ორ სხვა წყვილსაც. ახლა მივხვდი, რომ არასწორი წარმოდგენა მქონია თქვენზე. ძალიან გთხოვთ, შემასწავლეთ ბიბლია!“. შესწავლა ამ ქალმაც დაიწყო და ერთმა წყვილმაც, რომელსაც ის დაეხმარა.

მან ბროშურა გადათარგმნა

ანკასია განას ერთი პატარა ქალაქია, რომლის მთავარ ქუჩაზეც ხშირად ვაჭრობენ ხოლმე, ყოველ ორშაბათს კი იეჰოვას მოწმეები სტენდით ქადაგებენ. ერთხელ ერთმა მამაკაცმა, სახელად ენოქმა, სამუელს, რომელიც სტენდთან იდგა, გამოართვა ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“ და ჰკითხა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე ლიტერატურა კუსალე ენაზე.

განა: მან თარგმნა ბროშურა კუსალე ენაზე

სამუელმა უთხრა, რომ სამწუხაროდ არ ჰქონდათ, მაგრამ შესთავაზა ბროშურა მის მონათესავე, ფრაფრა ენაზე. მოგვიანებით, სანამ ენოქი უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებოდა, კიდევ აიღო ჩვენი ლიტერატურა ნათესავებისთვის.

როცა ისევ ანკასიაში ჩავიდა, სამუელთან მივიდა და რაღაც ფურცლები მიაწოდა. როგორც აღმოჩნდა, ენოქს თურმე მთელი ბროშურა უთარგმნია კუსალე ენაზე! ის დღეს ბიბლიას სწავლობს და რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს.