არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფიჯი

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ოკეანეთი

ოკეანეთი
  • ქვეყნები 29

  • მოსახლეობა 41 051 379

  • მაუწყებლები 98 574

  • ბიბლიის შესწავლები 67 609

ცხრა წლის შემდეგ მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო

ავსტრალიაში ოლივია ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა, როცა თავისი მასწავლებელი გახსენების საღამოზე დაპატიჟა. ის მომდევნო რვა წელი ეპატიჟებოდა მას, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ 2016 წელს მასწავლებელმა დაურეკა ოლივიას და უთხრა, რომ გახსენების საღამოზე დასწრება სურდა. როგორც თავად ახსნა, ის ძალიან აფასებდა, რომ ოლივია ყოველ წელს ეპატიჟებოდა. იგი გახსენების საღამოს ქმართან ერთად დაესწრო. მის მეუღლეს კარგად ახსოვდა სამეფო დარბაზის მშენებლობის პერიოდი, რადგან იმ დროს მერიაში მუშაობდა. მან უთხრა ძმებს, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ სამეფო დარბაზის მშენებლობის პროექტი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. ოლივიას მასწავლებელს და მის მეუღლეს იმდენად მოეწონათ გახსენების საღამო, რომ დარბაზი თითქმის ბოლოებმა დატოვეს.

ავსტრალია: ცხრა წლის შემდეგ ოლივიას მცდელობამ ნაყოფი გამოიღო

მან სამჯერ წაიკითხა წიგნი

ჯესინტუ და მისი მეუღლე, რომლებიც აღმოსავლეთ ტიმორში ცხოვრობენ, ღრმად მორწმუნე კათოლიკები იყვნენ. ჯესინტუ საგონებელში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ მისი ძმისშვილი იეჰოვას მოწმე გახდა და ოჯახთან ერთად აღარ მონაწილეობდა საეკლესიო რიტუალებში. ჯესინტუს უნდოდა, დაემტკიცებინა მისთვის, რომ არასწორ გზას დაადგა, ამიტომ გადაწყვიტა, თავდაპირველად წაეკითხა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რათა იქ ეპოვა ცრუ სწავლებები. მოგვიანებით მან თავის ცოლს გაკვირვებულმა უთხრა: „მთლიანად წავიკითხე ეს წიგნი და ცუდი ვერაფერი ვნახე“.

ცოლმა მიუგო: „ალბათ, ყურადღებით ვერ წაიკითხე. კიდევ ერთხელ წაიკითხე, ოღონდ ნელა“.

ჯესინტუ ასეც მოიქცა. წიგნის დამთავრების შემდეგ ისევ უთხრა ცოლს: „მართლა არაფერია ამ წიგნში ცუდი. ყველაფერი ბიბლიიდანაა. მკვდრების თაყვანისცემა რომ არასწორია, ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ბიბლიიდანაა მოყვანილი“.

ამაზე ცოლმა უთხრა: „მესამედაც წაიკითხე, მაგრამ ამჯერად ყველა აბზაცი გახაზე და საგულდაგულოდ შეისწავლე. რაღაც არასწორს აუცილებლად აღმოაჩენ“.

ჯესინტუ მართლაც შეუდგა ამ წიგნის ძირფესვიანად შესწავლას და თითოეულ აბზაცში ჩანიშვნებს აკეთებდა. ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივიდა: „აქ რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა. ჩემი ძმისშვილი არ ცდება!“. ამჟამად ჯესინტუ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას.

მისმა ნათქვამმა დედას ინტერესი აღუძრა

ერთი პიონერი და, რომელიც გუამში ცხოვრობს, პონაპე ენაზე მოლაპარაკე ქალთან მივიდა და აჩვენა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. დამ უთხრა მას, რომ კიდევ მოინახულებდა. იგი რამდენჯერმე მივიდა მის სანახავად, მაგრამ ქალი სახლში არ ხვდებოდა. ერთ დღეს, როცა კარი მისმა გოგონამ გააღო, დამ გადაწყვიტა, მისთვის ეჩვენებინა ვიდეორგოლი ანიმაციური ფილმების სერიიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას“. გოგონამ ძალიან ისიამოვნა მისი ყურებით. მომდევნო ჯერზე, როცა დამ კვლავ მოინახულა ეს ოჯახი, ამჯერად დედამ გააღო კარი და დიდი ინტერესით მოუსმინა. თურმე მის გოგონას დედისთვის უთხოვია, რომ იმ ქალის ეკლესიაში წასულიყვნენ, რომელმაც ვიდეო ანახა. როგორც ჩანს, დედას სწორედ მისმა ნათქვამმა აღუძრა ინტერესი. დამ ქალს აჩვენა, როგორ ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა და ისიც დასთანხმდა შესწავლაზე.

„უმწყემსო ცხვარივით იყვნენ“

პაპუა-ახალ გვინეაში სარაიონო ზედამხედველი ტერენსი ცოლთან, სტელასთან ერთად ერთ დაშორებულ რეგიონში, ინაკორში, ჩავიდა. ტერენსი ყვება: „პირველივე დღეს დილის ექვს საათზე, როცა ჯერ კიდევ გვეძინა, კარზე კაკუნი შემოგვესმა. გარეთ რომ გავედით, გაგვიკვირდა, იმდენი ხალხი გველოდა. მათ შუადღემდე ვუქადაგეთ. შემდეგ მცირე ხნით შევისვენეთ, რომ შხაპი მიგვეღო. ცოტა ხანში გარეთ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა. ორ საათზე რომ დავიწყეთ მათთან ქადაგება, შუაღამემდე არ გავჩერებულვართ“. ამ წყვილმა გადაწყვიტა, მომდევნო დღეს დილაუთენია გასულიყვნენ საქადაგებლად. იმ დღეს კიდევ ბევრი ხალხი მიადგა მათ კარს, მაგრამ შინ არავინ დახვდა. ტერენსი განაგრძობს: «როდესაც მათ ჩვენი ადგილსამყოფლის შესახებ გაიგეს, მაშინვე მოვიდნენ. მათთან შუადღემდე ვქადაგებდით. სახლში მისულებს კიდევ სხვა ჯგუფი დაგვხდა. ყოველდღე ასე გრძელდებოდა. ისინი „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ“» (მათ. 9:36).

პაპუა-ახალი გვინეა: ხალხი მოუთმენლად ელოდება ტერენსის და სტელას

საჩუქრები თერაპევტისთვის

ახალ კალედონიაში პიონერ დას, ანიესს, ერთხელ ხელი ასტკივდა და თერაპევტთან მივიდა. საუბრის დროს ექიმმა თქვა, რომ ღმერთი სასტიკი ეგონა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯებოდა. ანიესმა იეჰოვას გულში მადლობა გადაუხადა, რომ ქადაგების შესაძლებლობა მიეცა. მან ექიმს აჩვენა ბუკლეტი „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“ და გამოცხადების 21:3, 4 წაუკითხა.

ექიმმა უთხრა: „არა მგონია, ეს სიტყვები ჩემს ბიბლიაშიც ეწეროს; მე მარტო სახარებები მაქვს“. როცა მიხვდა, რომ ანიესი იეჰოვას მოწმე იყო, უთხრა, რომ მათ თავის ქვეყანაში ჩილეშიც შეხვედრია.

ანიესს გაახსენდა, რომ JW მაუწყებლობაზე უყურა ჩილეზე ფილიალიდან მოწოდებულ ანგარიშს. ამიტომ მომდევნო ჯერზე პლანშეტი წაიღო და ექიმს ეს ვიდეო უჩვენა. ექიმს ძალიან ესიამოვნა, როცა ნახა, რომ ჩილეში ბეთელი და საკონგრესო დარბაზი ყოფილა. შემდეგ ანიესმა უთხრა: „კიდევ რაღაც მაქვს თქვენთვის. ეს არის მთლიანი ბიბლია, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ გამოცხადების 21:3, 4, რომლებიც წინა კვირას ამოგიკითხეთ“. ექიმს ისე გაუხარდა, რომ სკამიდან წამოდგა, ანიესს გადაეხვია და უთხრა: „დიდი მადლობა, ასეთი შესანიშნავი საჩუქრებისთვის!“.

ახალი კალედონია: მან ექიმი დააინტერესა

მომდევნო ვიზიტისას ანიესმა ექიმს მიუტანა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და აუხსნა, რა იყო ადამიანების ტანჯვის მიზეზი. ექიმმა თქვა, რომ შვებულების გატარებას ჩილეში აპირებდა, სადაც ამ წიგნს სიამოვნებით წაიკითხავდა.