არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

კრების შეხვედრის ახალი პროგრამა „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

კრების შეხვედრის ახალი პროგრამა „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ენტონი მორისმა გამოაცხადა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლას, სამსახურებრივ შეხვედრას და კრების ბიბლიის შესწავლას ჩაანაცვლებდა ახალი პროგრამა, სახელწოდებით „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. ძმა მორისმა ახსნა, რომ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლებს შეცვლიდა 8-გვერდიანი ფერადი ბუკლეტი „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“. ამ ახალ ბუკლეტში მოცემულია კრების შეხვედრის განრიგი და ილუსტრაციები, რომლებიც ბიბლიის კითხვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და შინაარსიანს ხდის.

კრების შეხვედრის ახალი პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება:

  1. ღვთის სიტყვის საუნჯე. პირველ ნაწილში წარმოდგენილია 10-წუთიანი პუნქტი თანდართული ილუსტრაციებით, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამაზე. ამას მოსდევს 8-წუთიანი კითხვა-პასუხებით განსახილველი პუნქტი „გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები“, რომელიც ეფუძნება მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამას. პირველი ნაწილი სრულდება ბიბლიის კითხვის ოთხწუთიანი პუნქტით.

  2. გააუმჯობესე მსახურება. მეორე ნაწილში ის და-ძმები, რომლებსაც დავალებები აქვთ, წარმოადგენენ პირველი საუბრის, განმეორებითი მონახულებისა და ბიბლიის შესწავლის ინსცენირებებს.

  3. იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით. დასკვნით ნაწილში კი განიხილება ის, თუ როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ნაწილში ძირითადი ყურადღება ეთმობა კრების ბიბლიის შესწავლას, რომლის დროსაც მასალა კითხვა-პასუხებით განიხილება.

მთელ მსოფლიოში მაუწყებლები მადლიერებას გამოხატავენ ამ ახალი პროგრამისთვის. აი, რას ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები ერთი ძმა: „შუა კვირის შეხვედრა ძალიან მომწონს! პროგრამა მეტად არის მორგებული ჩვენს ცხოვრებას, შეთავაზებებიც ძალიან მარტივია. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის სამივე ნაწილი შედარებით მოკლეა. პროგრამას ამრავალფეროვნებს ვიდეოები და ბავშვების ჩართულობა. ამიტომ ვერც კი იგებ, შეხვედრა ისე მთავრდება“.

იტალიის ერთ-ერთი კრების უხუცესთა საბჭომ მოგვწერა: «პროგრამა ისეა შედგენილი, რომ აღძრულები ვართ, უფრო საფუძვლიანად მოვემზადოთ, რაც, თვის მხრივ, უკეთეს მასწავლებლებად გვაქცევს. შუა კვირის შეხვედრის მეშვეობით იეჰოვა საუკეთესოდ გვასწავლის. ერთმა 15 წლის მაუწყებელმა ასეთი რამ თქვა: „ადრე ხშირად მეფანტებოდა კრების შეხვედრებზე ყურადღება, მაგრამ ახლა გაცილებით მიადვილდება შეხვედრისთვის მომზადება და პროგრამის მსვლელობის დროს ყურადღებით ყოფნა“».

ავსტრიაში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა მოგვწერა: «ჩვენს 10 წლის გოგონასთან ერთად მიმდინარე კვირის პროგრამით გათვალისწინებული ბიბლიის მონაკვეთების კითხვა არც ისე ადვილი იყო. მაგრამ ახლა პროგრამის პირველი ნაწილი „ღვთის სიტყვის საუნჯე“ ისეა შედგენილი, რომ სამივენი სიამოვნებით ვკითხულობთ ბიბლიას, უკეთ ვემზადებით და ადვილად ვაკეთებთ კომენტარებს. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გოგონას სულიერ ზრდაში ეხმარება».

ინესი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ამბობს: „ახლა უფრო მეტი სტიმული მაქვს, მოვემზადო კრების შეხვედრისთვის და სიღრმისეულად გამოვიკვლიო მასალა. ამდენი არასდროს მიკვლევია. ვგრძნობ, რომ უფრო დავუახლოვდი იეჰოვას. სატანის ქვეყნიერება უკანასკნელ ძალებს მაცლის, კრების შეხვედრა კი მაცოცხლებს და მეხმარება, განვაგრძო ბრძოლა“.

სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებ და-ძმებს ძალიან მოსწონთ შუა კვირის პროგრამა. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ ამ პროგრამიდან. ბევრი კრება ისეთ ტერიტორიაზეა, სადაც არც შუქია და არც ინტერნეტი. და-ძმები იქ ძალიან უბრალოდ ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს. როგორ ახერხებენ ძმები ჩვენი ვიდეორგოლების მოძიებას და როგორ შოულობენ შესაბამის აპარატურას მათ საჩვენებლად? კუნძულ მალაიტაზე ერთ-ერთი კრების მაუწყებლებმა გადაწყვიტეს, გამომშრალი ქოქოსი გაეყიდათ საჭირო აპარატურის საყიდლად, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებდა. ვიდეოების ჩამოსატვირთად კი ძმები ისეთ ადგილებში მიდიოდნენ, სადაც ინტერნეტი იყო. შემდეგ ჩამოტვირთულ ვიდეოებს სხვა კრების ძმებსაც აძლევდნენ.

„თვალით დანახულს უფრო კარგად ვიმახსოვრებ და სწავლაც მიადვილდება, — წერს ერთი ძმა შეერთებული შტატებიდან. — 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე დიდი შრომის ფასად მიჯდებოდა რაღაცის სწავლა. ერთი და იგივე აზრი რამდენჯერმე უნდა წამეკითხა, რომ გამეგო და შემდეგ სხვისთვის ამეხსნა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელ საბჭოს ასეთი შესანიშნავი პროგრამისთვის, რომელშიც ჩართულია ვიზუალური მასალა. ბიბლიის წიგნების შესახებ წარმოდგენილი ვიდეორგოლები ძალიან შთამბეჭდავია, ხოლო პროგრამის ფურცლებზე მოცემული ილუსტრაციები ზუსტად ისაა, რაც მე მჭირდება. აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა თქვენი თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც მისი ხალხისთვის ეწევით. უღრმესი მადლობა!“.

მალავი