გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
თქვენ საუკეთესო მეზობლები ხართ!
2016 წლის 7 და 8 მაისს ბრუკლინში კოლუმბია-ჰაიტსის №25-ში (ნიუ-იორკი) განთავსებულ მსოფლიო მთავარი სამმართველოს მისაღებში ბევრი ხალხი ირეოდა. როგორც წესი, უქმეებზე ექსკურსიები არ ტარდება, მაგრამ ამჯერად ბეთელში ღია კარის დღე მოეწყო და ამ უბანში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მიეცა, დაეთვალიერებინა ისტორიული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი.
ამას წინ უძღოდა სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც მოწმეები ბეთელის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს გამოფენაზე ეპატიჟებოდნენ. ეს მართლაც კარგი დამოწმება იყო მეზობლებისთვის! ის და-ძმები კი, რომლებიც ამ კამპანიაში იღებდნენ
მონაწილეობას, ძალიან გამხნევდნენ. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თბილი სიტყვების მოსმენა მათგან, ვინც უკვე დიდი ხანია, ბეთელის მეზობლად ცხოვრობს.„1960-იანი წლებიდან მოყოლებული ამ უბანში ვცხოვრობ, — თქვა ერთმა მამაკაცმა. — თქვენ საუკეთესო მეზობლები ხართ! რა ცუდია, რომ გადადიხართ. ძალიან დაგვაკლდებით“.
„თქვენ სიცოცხლე შემატეთ ჩვენს უბანს, — აღნიშნა ერთმა ქალმა. — ძალიან გვიხარია, რომ ამდენი წლის მანძილზე ჩვენი მეზობლები იყავით“.
ბევრმა პიონერმა ამ კამპანიის დროს შენიშნა, რომ ბეთელის ტერიტორიაზე მცხოვრებნი მათ გულთბილად იღებდნენ და ყურადღებით უსმენდნენ. ერთმა მამაკაცმა, რომელიც სამეზობლო ასოციაციაშია გაერთიანებული, ორგანიზაციის მისამართით დიდი მადლიერება გამოხატა და სინანულით თქვა, რომ ღია კარის დღეს ვერ დაესწრებოდა, რადგან იმ დროს ქალაქში არ იქნებოდა.
ღია კარის დღემ მართლაც რომ გაამართლა! ამ ორი დღის მანძილზე გამოფენის დასათვალიერებლად მოწმეების გარდა 48 სტუმარი ეწვია ფილიალს. მთავარი სამმართველოს მისაღებში სტუმრებს რამდენიმე ბეთელელი გულთბილად ეგებებოდა და მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა.
30 წლამდე ქალი, სახელად სალი, დაახლოებით ნახევარი საათი ათვალიერებდა გამოფენას. ბეთელში მისულს შემთხვევით სწორედ ის პიონერები შეხვდნენ, რომლებმაც მოსაწვევი მისცეს. როგორც თავად თქვა, არასდროს გაუგია, რომ სადმე ბიბლიების გამოფენა მოწყობილიყო. პიონერებმა სალის უთხრეს, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ განათლებულ ახალგაზრდასთან საუბარი, რომელიც ასე აფასებს ბიბლიას. პასუხად მან მიუგო: „ბიბლია განსაკუთრებული წიგნია, რადგან მხოლოდ მასში ვკითხულობთ ღვთის აზრებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ცოცხალი და დღემდე გამოსადეგია“.
როგორც სალიმ აღნიშნა, ბიბლიისადმი იმდენად დიდი ინტერესი ჰქონდა, რომ ლათინური და ბერძნული ენები
შეისწავლა. ისიც დასძინა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობით იყო დაინტერესებული. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თარგმანი ზუსტი ყოფილიყო და არა ვინმეს შეხედულებებს მორგებული. როდესაც პიონერებმა სალის უთხრეს, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები 800-ზე მეტ ენაზეა განთავსებული ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. დებმა მას ისიც აუხსნეს, რომ ბევრმა მთარგმნელმა ღვთის სახელი იეჰოვა ბიბლიის თარგმანებიდან ამოიღო. ამის მოსმენაზე გაოგნებულმა სალიმ იკითხა: „რატომ მოიქცნენ ასე?!“. გამომშვიდობებისას სალიმ ასეთი სიტყვები უთხრა დებს: „მართალია, სხვაგან არსად მიცხოვრია, მაგრამ არა მგონია, სადმე თქვენნაირი კარგი მეზობლები მყოლოდა“.მომდევნო დღეს, ორშაბათს, ერთი სასულიერო პირი მივიდა ბეთელელ ძმასთან, ჯონთან, რომელიც ბეთელის მახლობლად სტენდებით ქადაგებდა. ის გამოუტყდა ჯონს, რომ ძალიან მოიხიბლა გამოფენით და შეაქო მოწმეები იმის გამო, რომ ფეხდაფეხ მიჰყვებიან ბიბლიის სწავლებებს. თუმცა საუბრისას მოულოდნელად ასეთი რამ თქვა: „გაბრაზებული ვართ თქვენზე! — ჯონი, ცოტა არ იყოს, შეცბუნდა და ჰკითხა, რატომ ამბობდა ამას. — იმიტომ, რომ გვტოვებთ! დარჩით აქ! იყიდეთ ან ააშენეთ უფრო დიდი შენობები, ოღონდ ნუ წახვალთ! სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს უბანში ასეთი სიმშვიდეა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენგან მიდიხართ!“.
შეიძლება ითქვას, რომ ამ სპეციალური კამპანიისა და ღია კარის დღეს, რომლის დროსაც ბიბლიების გამოფენა მოეწყო, მოწმეებმა შესანიშნავად დაამოწმეს და, რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივებმა ბევრი რამ გაიგეს ღვთის სახელის შესახებ.