გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
JW მაუწყებლობა „გვაძლიერებს და გვამხნევებს“
მას შემდეგ, რაც 2014 წელს იეჰოვას მოწმეებმა ინტერნეტ-ტელევიზია დააარსეს, ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უამრავი და-ძმისთვის გამხნევებისა და სულიერად გამოცოცხლების წყაროდ იქცა. ამჟამად JW მაუწყებლობა 90-ზე მეტ ენაზე გადაიცემა. მაგალითად, პროგრამა ითარგმნება ისეთ ენებზე, როგორიცაა ევე, გა და ტვი (ნაჩვენებია სურათზე), რაც ძალიან ახარებს ბენინში, კოტ-დ’ივუარში, განასა და ტოგოში მცხოვრებ 130 000-ზე მეტ მაუწყებელს. a
„როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს და მათ დამხმარეებს ვუსმენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იეჰოვა ჩემ გვერდითაა. რომ არა JW მაუწყებლობა, ჩემნაირ უბრალო
ადამიანს, რომელიც დედამიწის ერთ მიკარგულ კუთხეში ცხოვრობს, ასეთი პატივი არასდროს ერგებოდა. ამან მე და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო დაგვაახლოვა მსოფლიო საძმოსთან“, — აღნიშნავს სარაიონო ზედამხედველის მეუღლე, რომელიც ქმართან ერთად განაში მსახურობს.ზამბიიდან ასეთი წერილი მივიღეთ: „კრებებს დიდ ძალისხმევად უჯდებათ JW მაუწყებლობის ყურება. მაგალითად, მისაკოს კრება ქალაქიდან დაახლოებით 32 კილომეტრში ისეთ ტერიტორიაზე იკრიბება, სადაც წვიმიანი სეზონის დროს მდინარე დიდდება და იქაურობას ტბორავს“. სიმონი, რომელიც მომსახურეა, მსახურების გასაფართოებლად სწორედ ამ კრებაში გადავიდა. ის გვიხსნის: «პროგრამის ჩასაწერად თვეში ერთხელ ერთი ძმა მიდის ხოლმე ქალაქში. მთავარ გზამდე რომ მივიდეს, ფეხით დაახლოებით ორი საათი უნდა იაროს. იქიდან კი ქალაქამდე ტრანსპორტით უნდა წავიდეს, რომ იქაურმა ძმებმა JW მაუწყებლობის პროგრამა ჩაუწერონ. ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წლის მოხუცი ორ ვაჟთან ერთად, რომლებიც არასდროს დასწრებიან შეხვედრას. ერთხელ მოხუცი დაინტერესდა, რა ვიდეო უნდა ეჩვენებინათ ამ მივარდნილ სოფელში, ამიტომ შეხვედრაზე მოვიდა, რის შემდეგაც ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ეს ვიდეოები ხალხს ღვთის გაცნობაში ეხმარება“».
რუსეთიდან მიღებულ სამადლობელ წერილში ნათქვამი იყო: „ძალიან გვიხარია, რომ უკვე ერთი წელია, JW მაუწყებლობას მშობლიურ ენაზე ვუყურებთ. პირველივე პროგრამის ყურების შემდეგ თავი უფრო ახლოს ვიგრძენით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებთან. დავრწმუნდით, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რაც მართლაც საოცარი შეგრძნებაა! გაგვიხარდა, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრების მოხსენებები მოვისმინეთ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, დროულად მოგვაწოდონ სულიერი საზრდო, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ერთი სული გვაქვს, როდის დაიდება ახალი თვის პროგრამა. ახლა ჩვენ
უფრო ამაყად ვატარებთ ღვთის სახელს! გმადლობთ, ძმებო! ვემადლიერებით იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს დიდებული საქმეებისთვის, რაც გვაძლიერებს და გვამხნევებს“.გერმანიაში მცხოვრები მოხუცებული წყვილი ჰორსტი და ჰელგა ასეთ რამეს გვწერენ: „JW მაუწყებლობა შეუდარებელი რამაა! განსაკუთრებულად გვაძლიერებს იმ და-ძმების ისტორიების მოსმენა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები ან ჩვენსავით შერყეული ჯანმრთელობა აქვთ. მათი მაგალითები გვეხმარება, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის. როცა გავიგეთ, როგორ მსახურობს ერთი დამბლადაცემული ძმა უხუცესად, მივხვდით, რომ ყველას შეუძლია იეჰოვასთვის რაღაც ღირებული გააკეთოს. იეჰოვას ვთხოვთ, რომ ასეთი და-ძმებისთვის კვლავაც არ დაიშუროს კურთხევები“.
კედი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, წერს: „მადლობა, რომ ამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავთ, რათა ვებ-გვერდი jw.org, JW მაუწყებლობა და მათესა და თათიას ვიდეოები გვქონდეს. მადლობა, რომ ბიბლიას ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვიხსნით. 8 წლის ვიყავი, როცა მოვინათლე. არც ახლა ვარ დიდი, მაგრამ როცა გავიზრდები, მინდა, რომ სამეფო დარბაზები ავაშენო. ბეთელში მსახურებაზეც არ ვიტყოდი უარს. ახლა 9 წლის ვარ. ასე რომ, დიდხანს ლოდინი არ მომიწევს“.
რვა წლის არებელა, რომელიც აგრეთვე ინგლისიდანაა, ამბობს: „მადლობა ვიდეოებისა და სავარჯიშოებისთვის. ეს მეხმარება, იეჰოვა უკეთ გავიცნო. jw.org-ზე მოცემული სავარჯიშოების კეთების დროს თან ვხალისობ, თან იეჰოვას ვუახლოვდები. რა კარგია, რომ ისეთ სიმღერებს წერთ, რომელიც ყველას ადვილად ამახსოვრდება. ბევრს ვსწავლობ მათესგან და თათიასგან. მადლობა, რომ ჩვენთვის ბევრს შრომობთ“.
a თუ გსურთ JW მაუწყებლობის ნახვა, იხილეთ ვებ-გვერდი tv.pr418.com.