ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ უნდა გამოვნახო საერთო ენა და-ძმებთან?
საუკეთესო, თუმცა ზოგჯერ აუტანელი მეგობრები
შეიძლება გსმენიათ, რომ და-ძმები საუკეთესო, თუმცა ზოგჯერ აუტანელი მეგობრები არიან. და-ძმები ძალიან გიყვარს და მათაც უყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ გიჭირს მათთან საერთო ენის გამონახვა. „ჩემი უმცროსი ძმა ძალიან მაბრაზებს ხოლმე. ის ზუსტად იმას აკეთებს, რაც საშინლად მაღიზიანებს“, — ამბობს 18 წლის ელენა.
კონფლიქტის მოგვარებაში დათმობაზე წასვლა და მშვიდი ტონით ლაპარაკი დაგეხმარება. მაგალითად:
ორი ძმა ერთ ოთახში ცხოვრობს და ბევრ რამეზე ვერ თანხმდება. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? მათ უნდა იხელმძღვანელონ ლუკას 6:31-ში ჩაწერილი პრინციპით და ისწავლონ დათმობაზე წასვლა.
ორი და დაუკითხავად იცვამს ერთმანეთის ტანსაცმელს. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? მათ გულახდილად უნდა ისაუბრონ და წინასწარ შეთანხმდნენ, რის უფლებას მისცემენ ერთმანეთს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ 2 ტიმოთეს 2:24-ში ჩაწერილ პრინციპს.
ზოგჯერ და-ძმებს შორის უთანხმოება მეტისმეტად მწვავდება და ცუდად მთავრდება ხოლმე. განვიხილოთ ორი ბიბლიური მაგალითი:
მირიამს და აარონს შეშურდათ თავიანთი ძმის მოსესი, რაც საბოლოოდ ძალიან ცუდად დამთავრდა. წაიკითხე რიცხვების 12:1—15-ში ჩაწერილი ეს ისტორია. ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ მოვიქცე, რომ ჩემი დის ან ძმის არ შემშურდეს?
კაენი იმდენად გაბრაზდა საკუთარ ძმაზე, რომ მის მოსაკლავად ხელიც კი აღმართა. წაიკითხე დაბადების 4:1—12. ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ შევძლო თავის გაკონტროლება, რათა არ განვრისხდე ჩემს დაზე ან ძმაზე?
ორი მიზეზი, რის გამოც ღირს და-ძმებთან საერთო ენის გამონახვა
თუ და-ძმებს ვერ ეწყობი, დაფიქრდი სულ მცირე ორ მიზეზზე, რის გამოც ღირს მათთან საერთო ენის გამონახვა. მაგრამ არსებობს სულ მცირე ორი მიზეზი, რის გამოც ღირს ასე მოქცევა.
ეს შენს მოწიფულობაზე მეტყველებს. „ჩემს ორ უმცროს დაზე ადვილად ვბრაზდებოდი, — ამბობს ახალგაზრდა ალექსი. — ახლა უფრო ვინარჩუნებ სიმშვიდეს და მოთმინებას არ ვკარგავ. შეიძლება ითქვას, რომ ზრდასრული ადამიანივით ვიქცევი“.
ბიბლიაში ნათქვამია: ,,ვინც ადვილად არ რისხდება, გამჭრიახია, მოუთმენელი კი უგუნურია“ (იგავები 14:29).
სამომავლოდ გამოგადგება. თუ დღეს შენს და-ძმებთან გიჭირს საერთო ენის გამონახვა, მომავალში შენს მეუღლესთან, თანამშრომელთან, დამსაქმებელთან და სხვებთანაც გაგიჭირდება ასე მოქცევა.
რეალობა: სხვებთან რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს, დათმობაზე წასვლა და მშვიდი ტონით ლაპარაკი უნდა შეგეძლოს, რის სწავლაც ოჯახში შეგიძლია.
ბიბლიაში ნათქვამია: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომ. 12:18).
თუ დასთან ან ძმასთან უთანხმოების მოსაგვარებლად დახმარება გჭირდება, წაიკითხე ქვემოთ მოცემული შენი თანატოლების კომენტარები და გაეცანი სამუშაო ფურცელს „როგორ შევეწყო ჩემს და-ძმებს?“.