ახალგაზრდების შეკითხვები
მეგობრობა თუ სიყვარული? (ნაწილი 1) — რას მივაწერო მისი საქციელი?
საპირისპირო სქესის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა და ფიქრობ, რომ ისიც იმავეს გრძნობს. ხშირად მესიჯობთ და მეგობრულ შეხვედრებზე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებით ... ზოგჯერ ისეთ მესიჯებს გიგზავნის, რომ აშკარად გეარშიყება.
გადაწყვიტე, გაგეგო, რა ხდება თქვენ შორის. მიდიხარ მასთან და ეკითხები, ისიც იმავეს გრძნობს თუ არა. ის კი გპასუხობს: „ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი“.
რა გრძნობები გეუფლება?
„საშინლად გავბრაზდი მასზე და საკუთარ თავზე. ჩვენ ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს და მისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი. ამიტომ, რა გასაკვირია, თუ გრძნობები გამიჩნდა“ (ჟასმინი).
„მე და ერთი გოგო თან ვახლდით ხოლმე შეყვარებულ წყვილს, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათთან ერთად ჩვენც პაემანზე ვიყავით. ბევრს ვსაუბრობდით, მოგვიანებით კი მესიჯების მიწერ-მოწერაც დავიწყეთ. ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მისთვის თურმე მხოლოდ მეგობარი ვყოფილვარ და მთელი იმ დროის განმავლობაში ის სხვას ხვდებოდა“ (რიჩარდი).
„ერთი ბიჭი ყოველდღე მწერდა მესიჯებს და ზოგჯერ ერთმანეთს ვეარშიყებოდით კიდეც. მაგრამ, როცა გრძნობებში გამოვუტყდი, გაეცინა და მითხრა, რომ ჯერ არ სურდა, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა. მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი“ (თამარა).
გახსოვდეს: თუ ვინმეს მიმართ გრძნობები გაგიჩნდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინე, რომ ეს ცალმხრივია, ბუნებრივია გაბრაზდე, თავი უხერხულად იგრძნო და ისიც კი იფიქრო, რომ გიღალატეს. „განადგურებული ვიყავი, როცა მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ამან ძალიან მატკინა გული, — ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი სტივენი, შემდეგ კი დასძენს, — კარგა ხანი ვეღარავის ვენდობოდი“.
რატომ ხდება ასე?
მესიჯებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ადვილია, ემოციურად დამოკიდებული გახდე ადამიანზე, რომელსაც არანაირი რომანტიკული გრძნობები არ გააჩნია შენ მიმართ. ვნახოთ, რას ამბობენ შენი თანატოლები:
„ზოგი შეიძლება იმიტომ გემესიჯება, რომ არ იცის, დრო რაში დახარჯოს, შენ კი ამ დროს ფიქრობ, რომ მოსწონხარ. ხოლო თუ ყოველდღე გწერს, არასწორად ასკვნი, რომ მისთვის განსაკუთრებული ხარ“ (ჯენიფერი).
„ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა სერიოზული ურთიერთობის დაწყება სურდეს, მეორეს კი უბრალოდ ვინმესთან ურთიერთობა, რათა თვითშეფასება აიმაღლოს“ (ჯეიმზი).
„თუ ვინმე მესიჯით ტკბილ ძილს გისურვებს, ადვილია იფიქრო, რომ მოსწონხარ. თუმცა ეს შესაძლოა ჰგავდეს სარეკლამო აგენტის მიერ კლიენტის მიმართ ნათქვამ თბილ სიტყვებს“ (ჰეილი).
«თუ ვინმე „სმაილს“ გიგზავნის, ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს: ან კარგად არის განწყობილი შენ მიმართ ან გეფლირტავება. თუმცა ზოგი მსგავს მესიჯს მხოლოდ და მხოლოდ ფლირტად აღიქვამს» (ალისია).
გახსოვდეს: ყურადღება სიყვარულს არ ნიშნავს. შეეცადე, ეს ორი რამ ერთმანეთში არ აგერიოს.
ალბათ ფიქრობ, რომ ეს სათქმელად ადვილია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). გულმა შეიძლება იქამდე მიგიყვანოს, რომ ოცნების კოშკები ააგო და რეალობის შეგრძნება დაკარგო.
რა შეგიძლია გააკეთო?
იყავი ობიექტური. კარგად დაფიქრდი, რა ხდება თქვენ შორის. ჰკითხე საკუთარ თავს: „მართლა მაქვს მიზეზი, ვიფიქრო, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად მექცევა?“. არ მისცე უფლება გრძნობებს, საღად აზროვნების უნარი დაგაკარგვინოს (რომაელები 12:1).
იყავი გონიერი. მხოლოდ იმაზე ნუ იფიქრებ, რაც მიგანიშნებს, რომ თქვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია. განსაკუთრებით იმაზე იფიქრე, რაც ამის საპირისპიროზე მეტყველებს. ნუ დაასკვნი, რომ მასაც ისეთივე გრძნობები აქვს შენ მიმართ, როგორიც შენ მის მიმართ.
იყავი მომთმენი. სანამ პიროვნება პირდაპირ არ გეტყვის, რომ შენთან ურთიერთობის დაწყება სურს, ფუჭ იმედებს ნუ მისცემ საკუთარ თავს, რათა მოგვიანებით გული არ გეტკინოს.
იყავი გულახდილი. ბიბლიაში წერია, რომ არის „ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). თუ გსურს, გაიგო, მეგობარს რომანტიკული გრძნობები აქვს თუ არა შენ მიმართ, დაელაპარაკე მას ამის შესახებ. ერთი ახალგაზრდა, სახელად ვალერია, აღნიშნავს: „თუ გრძნობა ორმხრივი არ არის, სჯობს მალევე შეწყვიტო ურთიერთობა, თუნდაც ეს გარკვეული ტკივილის ფასად დაგიჯდეს, ვიდრე მოგვიანებით აღმოაჩინო, რომ ამ ადამიანს არ ჰყვარებიხარ“.
გახსოვდეს: ბიბლიაში ნათქვამია: „გულს გაუფრთხილდი“ (იგავები 4:23). თუ ვინმე მოგწონს, დარწმუნდი, რომ მასაც მსგავსი გრძნობები აქვს შენ მიმართ. თუ ასე არ მოიქცევი და რომანტიკულ გრძნობებს ფესვების გადგმის საშუალებას მისცემ, დაემსგავსები ადამიანს, რომელიც ქვებში რგავს მცენარეს იმ იმედით, რომ გაიზრდება.
თუ აღმოაჩენ, რომ პიროვნებას მართლაც აქვს შენ მიმართ რომანტიკული გრძნობები, ასაკიც ხელს გიწყობს და ურთიერთობის დასაწყებადაც მზად ხარ, შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი. გახსოვდეს, ქორწინება მაშინ არის მტკიცე, თუ მეუღლეებს მსგავსი სულიერი მიზნები აქვთ და ერთმანეთთან გულწრფელები არიან (1 კორინთელები 7:39). ერთი რამ ცხადია, მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა ბედნიერი ქორწინების საწინდარია (იგავები 5:18).