არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიშორო უხამსი ფიქრები?

როგორ მოვიშორო უხამსი ფიქრები?

 „უზნეო ფიქრები მოულოდნელად ჩნდება თავში და მორჩა, სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობ. ამ დროს ისე ხარ, თითქოს სხვა ვინმე გიზის ტვინში და გკარნახობს, რაზე იფიქრო“ (ვერა).

 „ფაქტობრივად, შეუძლებელია უზნეო ფიქრების თავიდან ამოგდება. ეს იმას ჰგავს, რომ კაცმა ხელები იქნიოს იმ იმედით, რომ ჰაერში აფრინდება“ (ჯონი).

 ეთანხმები ვერას და ჯონის? თუ ეთანხმები, მაშინ ეს სტატია საშენოა.

 რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი?

 „ბიძაჩემმა მითხრა, რომ, რაკი ღმერთმა ჩადო ჩვენში სექსუალური სურვილები, ესე იგი, შეიძლება ამ სურვილების დაკმაყოფილებაო“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ალექსი.

 ალექსის ბიძა ნაწილობრივ მართალია. ღმერთმა ნამდვილად ჩადო ადამიანში სექსუალური სურვილები და ამას თავისი დანიშნულება მისცა. დღეს რომ კაცობრიობა არსებობს, სწორედ ღვთის ამ უნიკალური საჩუქრის, გამრავლების უნარის შედეგია. ამიტომ, ჩნდება კითხვა: რატომაა სექსზე ფიქრი მიუღებელი? ქვემოთ მოცემულია ამის ორი მიზეზი.

  •   ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სქესობრივი კავშირი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ერთმანეთზე დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს (დაბადება 1:28; 2:24).

     თუ ეთანხმები ღვთის მიერ დადგენილ ნორმას სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით და დაუქორწინებელი ხარ, სექსზე ფიქრი დამთრგუნველი იქნება შენთვის, რადგან ვერ დაიკმაყოფილებ ამ მოთხოვნილებას. უფრო მეტიც, ასეთმა ფიქრებმა შეიძლება აგიყოლიოს და უზნეობა ჩაგადენინოს. ასეთი საქციელი ბევრს სანანებელი გაუხდა.

  •   როცა ადამიანი ფიქრებს აკონტროლებს, თავშეკავებას სწავლობს (1 კორინთელები 9:25).

 თავშეკავება მნიშვნელოვანი თვისებაა; ფაქტობრივად, ამაზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება, როგორც ახლანდელი, ისე მომავალი. ერთი გამოკვლევის თანახმად, იმ ბავშვებს, რომელთაც თავშეკავება აქვთ გამომუშავებული, მოგვიანებით ნაკლებად ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ადვილად იტანენ ფინანსურ პრობლემებს და არიან კანონმორჩილები. a

 რატომ არის რთული ფიქრების კონტროლი?

 ორგანიზმში არსებული ჰორმონები იმდენად ახდენს გავლენას ადამიანზე, რომ შეიძლება რთული გახდეს ფიქრების კონტროლი; ამას ისიც ემატება, რომ დღეს საზოგადოებაში სექსი ნომერ პირველი თემაა.

 „ყველა გადაცემა დადებით შუქში წარმოაჩენს ქორწინებამდელ სექსს, თითქოს ის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ადვილად შეიძლება აჰყვე ასეთ აზროვნებას, მაშინ როცა გამუდმებით გიჩიჩინებენ, რომ ამაში ცუდი არაფერია“ (რუთი).

 „სამსახურში სულ უხამს თემებზე საუბრობენ და ზოგჯერ ცნობისმოყვარეობა იღვიძებს ხოლმე ჩემში. სექსი და ზოგადად უზნეო ცხოვრების წესი იმდენად ნორმალურად მიიჩნევა, რომ ძალიან რთულია ამაში რაიმე ცუდის დანახვა“ (ნიკოლი).

 „სოციალურ ქსელში სურათების თვალიერებამ ძალიან იცის შეყოლიება და ამ დროს სიფრთხილესაც ადვილად კარგავ. ერთი უხამსი სურათიც კი შეიძლება ისე ჩაგებეჭდოს ტვინში, რომ ვეღარ დაივიწყო ნანახი“ (მარია).

 აქედან გამომდინარე, შეიძლება ზოგჯერ თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც პავლე მოციქული გრძნობდა. ის წერდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21).

ნუ მისცემ არასწორ ფიქრებს იმის საშუალებას, რომ შენს თავზე „ბუდე“ გაიკეთოს

 გამოსავალი

 სხვა რამეზე გადაერთე. შეეცადე, სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, მაგალითად, შეგიძლია ვარჯიში დაიწყო, რამე სპორტული თამაში ითამაშო ან შენი საყვარელი საქმე აკეთო. ერთი ახალგაზრდა, სახელად ვალერია, ამბობს: „ასეთ დროს ბიბლიის კითხვა დამხმარეა. ბიბლიაში ისეთი ამაღლებული აზრებია, რომ ღმერთზე გაფიქრებს და სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება“.

 მართალია, უზნეო ფიქრები შენდა უნებურად შეიძლება გაგიჩნდეს თავში, მაგრამ მისცემ თუ არა გასაქანს ამ ფიქრებს, შენზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებ, შეძლებ მათ ამოგდებას თავიდან.

 „როცა უხამსი ფიქრები მომეძალება, თავს ვაიძულებ, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო. თან ვაანალიზებ, საიდან გამიჩნდა ეს ბინძური აზრები; რაიმე სიმღერამ ან სურათმა ხომ არ გამიჩინა? თუ ასეა, აუცილებლად უნდა წავშალო ისინი“ (ჰელენა).

 ბიბლიური პრინციპი: „რაც მართალია, რაც წმინდაა ... იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).

 შეარჩიე კარგი საზოგადოება. თუ შენი მეგობრები სულ უხამს თემებზე საუბრობენ, გაგიჭირდება გონების სუფთად შენახვა.

 „მოზარდობის წლებში ძალიან მიჭირდა გონების სუფთად დაცვა და ამაში მეტწილად ჩემი სამეგობრო იყო დამნაშავე. როცა ისეთ გარემოში ტრიალებ, სადაც სულ არასწორ გრძნობებს და სურვილებს გიღვივებენ, ძნელია ფიქრებისთვის კონტროლის გაწევა“ (სარა).

 ბიბლიური პრინციპი: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

 ნუ გაერთობი იმით, რაც ქრისტიანს არ შეეფერება. საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეს გართობის ინდუსტრია გაჟღენთილია სექსუალური შინაარსის მასალით. ნიკოლი ამბობს: „ჩემზე მუსიკა ძალიან ახდენს გავლენას. შეიძლება მუსიკის მოსმენის დროს იმდენად გამიმძაფრდეს გრძნობები, რომ თავს ვეღარ მოვერიო“.

 „ერთი პერიოდი ვუყურებდი ისეთ ფილმებს და შოუებს, რომლებიც სექსუალური შინაარსის მასალით იყო გაჟღენთილი. ვერც კი გავაცნობიერე, ისე მომეწამლა გონება. პრინციპში, კარგად მესმოდა, რა იყო მიზეზი. როგორც კი შევწყვიტე იმ ფილმებისა და გადაცემების ყურება, შევამჩნიე, რომ იმდენს აღარ ვფიქრობდი უზნეო თემებზე. ძაან ადვილია ფიქრების კონტროლი, თუ გართობის სახეობას ჭკვიანურად შეარჩევ“ (ჯოანა).

 ბიბლიური პრინციპი: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3).

 დასკვნა: ზოგის აზრით, სექსუალური სურვილები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანმა როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერ შეძლებს მათ გაკონტროლებას. თუმცა ბიბლია სხვა რამეს ამბობს. მასში წერია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ფიქრების გაკონტროლება; ეს აზრი გარკვეულწილად ამაღლებს ადამიანს, როგორც ღირსეულ ქმნილებას.

 ბიბლიური პრინციპი: „განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა“ (ეფესოელები 4:23).

a თავშეკავების გამოვლენა დაქორწინებულებსაც სჭირდებათ; ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ღირს ამ თვისების გამომუშავება დაქორწინებამდე.