ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
ორმაგი ცხოვრებით ხომ არ ვცხოვრობ?
ზოგჯერ ღვთის თაყვანისმცემლებმაც კი შეძლება იფიქრონ, რომ ბიბლიური ნორმებით ცხოვრება დიდად არ ღირს (ფსალმუნი 73:2, 3). მათ შესაძლოა ორმაგი ცხოვრება დაიწყონ და ღვთის სხვა თაყვანისმცემლებისგან მალულად ისეთი რამ გააკეთონ, რაც იეჰოვას კანონებს ეწინააღმდეგება.
ამ სტატიაში მოცემული რჩევები განკუთვნილია მათთვის, ვინც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არ სურს ასე გაგრძელება.
ამ სტატიაშია:
რა არის ორმაგი ცხოვრება?
ორმაგი ცხოვრება ნიშნავს, არაიეჰოვას მოწმე თანატოლებთან აკეთო ისეთი რამ, რაც ღვთის თვალში არასწორია და, ამავდროულად, თანაქრისტიანებს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს იეჰოვას მსახურება გსურს. ასეა თუ ისე, ორივე მხარეს რაღაცას უმალავ და ასეთი სახით ნიღაბს ატარებ.
„როცა ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ, ყველას რაღაცას უმალავ და ვერავინ ხედავს შენს რეალურ სახეს. ასეთ დროს ყველას ღალატობ და უპატიოსნოდ ცხოვრობ“ (ერინი).
იცოდი თუ არა? მარტო ყოფნის დროსაც კი შეიძლება იცხოვრო ორმაგი ცხოვრებით და აკეთო ისეთი რამ, რასაც იეჰოვა არ იწონებს.
„14 წლის ვიყავი, ინტერნეტში პორნომასალის თვალიერება რომ დავიწყე. სხვებთან ისე ვიქცეოდი, თითქოს პორნოგრაფია მძულდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო“ (ნოლანი).
ბიბლიური პრინციპი: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს გადაჰყვება თან და მეორეს არაფრად ჩააგდებს“ (მათე 6:24).
თუ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ, ცუდი ადამიანი ვარ?
მთლად ასეც ვერ ვიტყვით. ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ იცხოვროს ბიბლიური ნორმების თანახმად. მაგრამ დაფიქრდი, შენ შემთხვევაშიც ასეა? ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო ხომ არ ცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით? მაგალითად, . .
გაშინებს, თანატოლებისგან რომ განსხვავდები.
შენს თანაკლასელებთან უფრო ახლო ურთიერთობა გაქვს, ვიდრე თანაქრისტიანებთან.
ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებას.
„ჩემი აზრით, ახალგაზრდებს, რომელთაც ორმაგი ცხოვრება აქვთ, უნდათ, რომ ყველას და ყველაფერს მოერგონ. სწორედ ამიტომ გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად მათთან, ვინც ბიბლიური პრინციპებით არ ცხოვრობს“ (დეივიდი).
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები არ ამართლებს ორმაგ ცხოვრებას, თუმცა გვანახვებს, როგორ შეიძლება, რომ კარგმა ადამიანმაც კი დაუშვას შეცდომა. რა დაგეხმარება, შეწყვიტო ორმაგი ცხოვრება?
როგორ შევწყვიტო ორმაგი ცხოვრება?
1) გულწრფელად შეაფასე, რა ცხოვრებით ცხოვრობ. დაფიქრდი: „ასეთი ადამიანი მინდა, ვიყო? სადამდე მიმიყვანს ასე ცხოვრება?“.
ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს საფრთხეს . . . გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავები 27:12).
2) იყავი პატიოსანი. შენს მდგომარეობაზე ესაუბრე მშობლებს ან სულიერად მოაზროვნე თანაქრისტიანს. გჯეროდეს, მათ ძალიან გაუხარდებათ, თუ დახმარებისთვის მიმართავ და იამაყებენ შენით, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბება რომ გსურს!
„ ჩემთვის ყველაზე რთული სხვებთან საკუთარი შეცდომების აღიარება იყო, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, ამან თავი უკეთ მაგრძნობინა“ (ნოლანი).
ბიბლიური პრინციპი: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).
3) იფიქრე შედეგებზე. გახსოვდეს, რომ, თუ მშობლებს და თანაქრისტიანებს რაიმეს დაუმალავ, მათ ნდობას დაკარგავ. შენი საქციელის გამო მშობლებმა ან კრების უხუცესებმა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვებიც დაგიწესონ. ასე რომ, ყოველთვის იფიქრე, რა შედეგი მოჰყვება შენ საქციელს და შეეცადე, „ყოველმხრივ პატიოსნად“ მოიქცე (ებრაელები 13:18).
ბიბლიური პრინციპი: „ისმინე რჩევა და ყურად იღე დარიგება, რათა დაბრძენდე“ (იგავები 19:20).
4) გახსოვდეს, რომ ღმერთს უყვარხარ. სწორედ ამიტომ გვაკვირდება ის და იცის, როდის რას ვაკეთებთ. შესაბამისად, თუ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ, იეჰოვა ხედავს ამას და გული ძალიან სტკივა. ის მზრუნველი ღმერთია, ამიტომ სურს, სწორი ცხოვრების კურსის არჩევაში დაგეხმაროს (1 პეტრე 5:7).
ბიბლიური პრინციპი: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატიანე 16:9).