ახალგაზრდების შეკითხვები
უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1: რას ნიშნავს ნათლობა?
ყოველ წელს ინათლება უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ოჯახებში აღიზარდნენ. შენც ხომ არ ფიქრობ ამ ნაბიჯის გადადგმას? თუ დიახ, პირველ რიგში, კარგად უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს მიძღვნა და ნათლობა.
რას ნიშნავს ნათლობა?
ბიბლიაში მოხსენიებული ნათლობა ნიშნავს წყალში სრულად ჩაძირვას და არა წყლის მისხურებას. მას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
წყალში სრული ჩაძირვით სახალხოდ ადასტურებ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის აღარ იცხოვრებ.
წყლიდან ამოსვლა იმის სიმბოლოა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყე, და რომ ამიერიდან შენთვის ყველაზე მთავარი ღვთის ნების შესრულება იქნება.
წყალში ნათლობით საჯაროდ აღიარებ, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. ამასთანავე, ნათლობით ასაჯაროებ იეჰოვასთვის მიცემულ დაპირებას, რომ მზად ხარ, ყოველთვის შეასრულო იეჰოვას ნება.
დაფიქრდი: რატომ არის საჭირო საჯაროდ იმის გაცხადება, რომ მზად ხარ, მთელი ცხოვრება იეჰოვას დაემორჩილო? წაიკითხე 1 იოანეს 4:19 და გამოცხადების 4:11.
რას ნიშნავს მიძღვნა?
მონათვლამდე თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას. როგორ?
პირად ლოცვაში იეჰოვას პირობას აძლევ, რომ მას მარადიულად ემსახურები, და რომ მის ნებას შეასრულებ ნებისმიერ სიტუაციაში იმისდა მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვები.
ნათლობით სახალხოდ ცხადყოფ, რომ იეჰოვას მიუძღვენი თავი. ნათლობა იმის დასტურია, რომ შენ საკუთარი თავისთვის აღარ ცხოვრობ და მთლიანად იეჰოვას ეკუთვნი (მათე 16:24).
დაფიქრდი: რატომ უმჯობესდება ადამიანის ცხოვრება იეჰოვასადმი თავის მიძღვნის შემდეგ? წაიკითხე ესაიას 48:17, 18 და ებრაელების 11:6.
რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი?
იესოს სიტყვების თანახმად, მისი მიმდევრობისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ნათლობა იყო (მათე 28:19, 20). ნათლობა დღესაც აუცილებელი მოთხოვნაა ქრისტიანებისთვის. ბიბლიაში წერია, რომ ნათლობა საჭიროა გადარჩენისთვის (1 პეტრე 3:21).
და მაინც, მონათვლისკენ უპირველესად იეჰოვასადმი სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ უნდა აღგძრას. შენც ისეთივე დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. მან დაწერა: „რით გადავუხდი იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია? ... მოვუხმობ იეჰოვას სახელს. აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას მთელი მისი ხალხის წინაშე“ (ფსალმუნი 116:12—14).
: რა სიკეთე გაუკეთებია იეჰოვას შენთვის და როგორ შეგიძლია მადლიერების გამოხატვა? წაიკითხე კანონის 10:12, 13 და რომაელების 12:1.