არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

რატომ არ მაძლევენ არასოდეს მშობლები გართობის უფლებას?

რატომ არ მაძლევენ არასოდეს მშობლები გართობის უფლებას?

 წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: შენი მეგობრები ამ შაბათ-კვირას ერთად შეკრებას აპირებენ და შენც გეპატიჟებიან. წასვლაზე ნებართვას მშობლებს სთხოვ, ისინი კი ცივ უარს გეუბნებიან. პრინციპში, არც გიკვირს, წინა ჯერზეც ასეთი კატეგორიული უარი მიიღე მათგან.

ყველაფერზე უარს რატომ მეუბნებიან მშობლები?

  თუ ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მშობლები ყველაფერზე უარს გეუბნებიან, შეიძლება დაასკვნა, რომ უბრალოდ არ უნდათ, გაერთო და კარგი დრო გაატარო.

 ერთ თინეიჯერს, მარის, მას შემდეგ გაუჩნდა ასეთი გრძნობა, რაც მობილური ტელეფონი უყიდეს. ის ამბობს: „მამაჩემმა უამრავი წესი დამიდგინა. კონკრეტულად განმისაზღვრა, რომელი აპლიკაციის ჩამოტვირთვა შემეძლო და რომლის – არა და ვისთან უნდა მქონოდა ურთიერთობა და რომელ საათამდე. ჩემს მეგობრებს კი არავინ არაფერში ზღუდავდა და რაც მოუნდებოდათ, ყველაფერს აკეთებდნენ“.

 დაფიქრდი: მარის მართლა გართობას უკრძალავდა მამა? მაშინ რატომ დაუდგინა შეზღუდვები, რაიმე ხომ არ აფიქრებდა?

სიჩქარის შეზღუდვა რაღაც კუთხით თავისუფლებას გიზღუდავს, თუმცა პოტენციური საფრთხისგან გიცავს; იმავეს თქმა შეიძლება მშობლების მიერ დადგენილ შეზღუდვებზეც.

 მოსინჯე: წარმოიდგინე, რომ შენ ხარ მშობელი და შენს თინეიჯერ შვილს მობილური უყიდე. რა მხრივ შეიძლებოდა ამას შენთვის საფიქრალი გაეჩინა? რა წესებს დაუდგენდი, რომ დაგეცვა? რას უპასუხებდი შვილს, თუ გეტყოდა, რომ გართობას უკრძალავ?

 „მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თავი მის ადგილას წარმომედგინა. ეს დამეხმარა, გამეგო, რატომ იქცეოდა მამა ასე და რატომ ღირდა დადგენილი წესების გათვალისწინება. ვფიქრობდი ხოლმე, ალბათ, როცა შვილები მეყოლება, მეც იგივეს მოვთხოვ მათ“ (ტანია).

რა გავაკეთო, რომ მშობლებმა თხოვნაზე უარი არ მითხრან?

  ასე ნუ მოიქცევი: ნუ გაებუტები მშობლებს და ნუ დაუწყებ წუწუნსა და კამათს.

 „ყვირილით და ჩხუბით ვერაფერს მიაღწევ. ასე მოქცევა შენზეც და შენს მშობლებზეც ემოციურად ცუდად იმოქმედებს. თუ შეეკამათები, ისინი ჩათვლიან, რომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ და მეტ თავისუფლებას არ იმსახურებ“ (რიჩარდი).

 ჯობია, ასე მოიქცე: იმის მაგივრად, რომ ეგრევე რაღაც თქვა, შეეცადე, სიტუაციას შენი მშობლების გადმოსახედიდან შეხედო. სინამდვილეში შენ არ გენდობიან მშობლები, თუ ის გარემო აფიქრებთ, სადაც მოხვდები და ვისთანაც გექნება ურთიერთობა? ხომ არ აჯობებს, მშვიდად დაელაპარაკო მათ და გაიგო, რატომ გეუბნებიან უარს?

 „როგორწესი, ყველა შეზღუდვას საფუძვლად კარგი განზრახვა უდევს. მშობლები გართობას კი არ მიკრძალავდნენ, უბრალოდ არ უნდოდათ, ისეთი სახის გართობა ამერჩია, რაც ზიანს მომაყენებდა და პრობლემებს შემიქმნიდა. მათ საუკეთესო სურდათ ჩემთვის“ (ივი).

 ბიბლიური პრინციპი: „სულელი თავს ვერ თოკავს, ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11).

 ასე ნუ მოიქცევი: მშობლებისგან ფარულად ნუ იმოქმედებ.

„ყველაფერს ვაკეთებდი, რომ რაღაცნაირად გვერდი ამევლო იმ შეზღუდვებისთვის, რაც მამამ დამიწესა. ვცდილობდი, მომეძებნა საშუალებები, რომ გვიან ღამითაც მიმეწერა მეგობრებისთვის და ის აპლიკაციებიც ჩამომეტვირთა, რომლებსაც მიკრძალავდა. ბოლოს მამამ მაინც გაიგო და უფრო მკაცრი შეზღუდვები დამიწესა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ აღარ მენდობოდა. დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლა, არასდროს არის გამოსავალი“ (მარი).

 ეცადე, ასე მოიქცე: თუ მშობლები დაინახავენ, რომ ემორჩილები დადგენილ წესებს, მათ თვალში ნდობას მოიპოვებ.

 „ცოტა უნდა მოითმინო. დროა საჭირო, რომ შენმა მშობლებმა დადგენილი წესები შეამსუბუქონ. დიდი ალბათობით, ისინი უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემენ, თუ დაინახავენ, რომ ემორჩილები“ (მელინდა).

 ბიბლიური პრინციპი: „ბავშვებო, ყველაფერში დაუჯერეთ მშობლებს“ (კოლოსელები 3:20).

 ასე ნუ მოიქცევი: გულს ნუ შეუღონებ მშობლებს, რომ რაღაცის გაკეთების უფლება მოგცენ და არგუმენტად იმას ნუ მოუყვან, სხვა ბავშვებს რის უფლებას აძლევენ მშობლები.

 „თუ შენსას დაიჟინებ და გაუთავებლად იწუწუნებ, საქმეს უფრო გააფუჭებ და რაც გინდა იმას, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ“ (ნატალი).

 ეცადე, ასე მოიქცე: მშობლებთან საუბარში დიდ დახმარებას გაგიწევს სამუშაო ფურცელი „რატომ მიდგენენ მშობლები წესებს“.

 „მშობლებს უნდათ, დაინახონ, რომ სწორად აზროვნებ. ამიტომ, როცა მათ ველაპარაკები, ვცდილობ, ემოციებს კი არ ავყვე, ლოგიკურად ვიმსჯელო. ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს“ (ჯოზეფი).

 ბიბლიური პრინციპი: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2).