ახალგაზრდების შეკითხვები
რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 2: აქციე ბიბლიის კითხვა სასიამოვნო პროცესად
„თუ არ იცი, როგორ იკითხო ბიბლია, შეიძლება მოსაწყენ წიგნად მოგეჩვენოს ის“, — ამბობს ერთი მოზარდი, სახელად ვილი.
გინდა, გაიგო ის პატარა საიდუმლოებები, რაც ბიბლიის კითხვას სასიამოვნო პროცესად გიქცევს? ეს სტატია დაგეხმარება ამაში.
გონებაში გააცოცხლე ბიბლიური სცენები
თავად გახდი იმ ბიბლიური სიუჟეტის მონაწილე, რომელსაც წაიკითხავ. ამაში დაგეხმარება ქვემოთ მოცემული რჩევები.
შეარჩიე სასურველი ბიბლიური მონაკვეთი. შეგიძლია სახარებიდან აიღო რომელიმე ბიბლიური მონაკვეთი ან ბიბლიის მხატვრული კითხვის რომელიმე ჩანაწერი ამოარჩიო, რომელიც jw.org-ზეა განთავსებული.
წაიკითხე შერჩეული მონაკვეთი. შეგიძლია შენთვის წაიკითხო მარტომ, ან შეგიძლია ხმამაღლა წაუკითხო მეგობრებს ან ოჯახის წევრებს. ერთი იყოს მთხრობელი, დანარჩენებმა პერსონაჟები გაახმოვანეთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევებიდან შეეცადე ერთის ან რამდენიმეს გამოყენებას:
უკეთ რომ წარმოიდგინო, დახატე ის სცენა, რომელსაც კითხულობ. ფურცელზე გადაიტანე ბიბლიური სიუჟეტის სხვადასხვა კადრი თანამიმდევრობით, როგორც ერთგვარი მულტიპლიკაცია. თითოეული კადრი დაასათაურე.
შეადგინე დიაგრამები. მაგალითად, თუ კითხულობ ღვთის რომელიმე ერთგულ ადამიანზე, მისი თვისებები და საქმეები დაიტანე დიაგრამაზე და დააკავშირე კურთხევებთან, რომლებიც მან მიიღო.
ბიბლიური სიუჟეტი ახალი ამბების რეპორტაჟად აქციე და სხვადასხვა რაკურსით გააშუქე. აიღე „ინტერვიუები“ მთავარი გმირებისა და თვითმხილველებისგან.
თუ ბიბლიურმა პერსონაჟმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, წარმოიდგინე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სწორად რომ მოქცეულიყო. მაგალითად, დაფიქრდი პეტრეზე, რომელმაც იესო უარყო (მარკოზი. 14:66—72). როგორ განვითარდებოდა მოვლენები, პეტრეს რომ გაეძლო ზეწოლისთვის და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა?
თუ მუზა შემოგაწვა და შენში შემოქმედებითმა ნიჭმა გაიღვიძა, შეგიძლია რომელიმე კონკრეტული ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნა დრამა და დაწერო სცენარი. სცენარში არ დაგავიწყდეს იმის აღნიშვნა, თუ რა შეიძლება ისწავლოს მკითხველმა ამ სიუჟეტიდან (რომაელები 15:4).
გამოიკვლიე
თუ წვრილმან დეტალებს ჩაუკვირდები, დამალულ განძს აღმოაჩენ. ზოგჯერ ერთი ან ორი სიტყვაც ბევრ რამეს ჰფენს ნათელს.
მაგალითად, მათეს 28:7 შეადარე მარკოზის 16:7-ს.
რატომ მოიხსენია მარკოზმა მათესგან განსხვავებით მოციქული პეტრე?
მინიშნება: მარკოზი არ იყო ამ მოვლენების თვითმხილველი. როგორც ჩანს, მან ეს ამბავი პეტრესგან შეიტყო.
დამალული განძი: რატომ სჭირდებოდა პეტრეს იმის მოსმენა, რომ იესოს კვლავ უნდოდა მისი ნახვა? (მარკოზი 14:66—72). როგორ დაამტკიცა იესომ, რომ პეტრეს ნამდვილი მეგობარი იყო? როგორ შეგიძლია მიჰბაძო იესოს ამ საკითხში?
ბიბლიის კითხვა ორმაგად და სამმაგად უფრო სასიამოვნო გახდება შენთვის, თუ ცოცხლად წარმოიდგენ წაკითხულს, თუ დააკვირდები და გამოიკვლევ დეტალებს.