არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვმართო დრო?

როგორ ვმართო დრო?

 რატომ უნდა ვმართო დრო?

  •   დრო ფულს ჰგავს. თუ გაფლანგავ, საჭირო დროს აღარ გექნება. მეორე მხრივ, თუ დაზოგავ, დრო საყვარელი საქმეებისთვისაც დაგრჩება.

     ბიბლიური პრინციპი: „ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს, მუყაითებს კი სიუხვე ექნებათ“ (იგავები 13:4).

     გახსოვდეს: დროის მართვა კი არ შეგზღუდავს, მეტ თავისუფლებას შეგძენს.

  •   თუ დროის გონივრულად მართვას ისწავლი, ეს დიდობაშიც გამოგადგება. ამ უნარზე ისიც კია დამოკიდებული, რამდენად შეინარჩუნებ სამსახურს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ რომ იყო უფროსი სამსახურში, არ დაითხოვდი ისეთ თანამშრომელს, რომელიც ხშირად აგვიანებს?

     ბიბლიური პრინციპი: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“ (ლუკა 16:10).

     გახსოვდეს: დროის მართვის უნარი გარკვეულწილად იმაზეც მეტყველებს, თუ როგორი პიროვნება ხარ.

 თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დროის სწორად განაწილება ადვილი არ არის. განვიხილოთ რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.

 ხელისშემშლელი ფაქტორი №1: მეგობრები

 „როცა მეგობრები მეპატიჟებიან, უარს თითქმის არასდროს ვამბობ, მაშინაც კი, როცა დრო არ მაქვს. ამ დროს ვფიქრობ: „რომ დავბრუნდები, მერე უცბად გავაკეთებ საქმეებს“. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება და ბევრი რამ გაუკეთებელი მრჩება“ (სინტია).

 ხელისშემშლელი ფაქტორი №2: გართობა

 „ტელევიზორი რაღაცით მტვერსასრუტს ჰგავს; შოუებითა და ფილმებით ისე გისრუტავს, რომ თავის დაღწევა ძალიან რთულია“ (ივი).

 „შემიძლია საათების განმავლობაში პლანშეტს ხელი არ გავუშვა. სანამ ელემენტი არ დაჯდება, აზრზე ვერ მოვდივარ. ამ დროს თავს დამნაშავედ ვგრძნობ“ (მერი).

 ხელისშემშლელი ფაქტორი №3: საქმის გადადება

 „ჩვევად მაქვს სკოლის დავალებების და სხვა საქმეების ბოლო წუთისთვის გადადება. იქამდე კი დროს უაზრო რაღაცების კეთებაში ვფლანგავ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვანაწილებ დროს“ (ბეტი).

დროის მართვა კი არ შეგზღუდავს, მეტ თავისუფლებას შეგძენს

 რა შეგიძლია გააკეთო?

  1.   შეადგინე საქმეების სია. ჩამოწერე სახლის საქმეებისა და საშინაო დავალებების სია. დაწერე, რამდენი დრო დაგჭირდება თითოეული საქმის შესასრულებლად კვირის განმავლობაში.

     ბიბლიური პრინციპი: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

  2.   ჩამოწერე საქმეები, რომელთა გაკეთებაც თავისუფალ დროს შეიძლება. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელებით სარგებლობა და ტელევიზორის ყურება. ამ შემთხვევაშიც მიუთითე კონკრეტული დრო, რასაც თითოეულ საქმეს გამოუყოფ კვირის განმავლობაში.

     ბიბლიური პრინციპი: ბრძნულად მოიქეცით და „გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის“ (კოლოსელები 4:5).

  3.   შეადგინე გეგმა. გადახედე ორივე სიას, რომლებიც უკვე ჩამოწერე. გაქვს საკმარისი დრო გამოყოფილი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის? საჭირო ხომ არ არის, საყვარელ საქმეებს ცოტა მოაკლო დრო?

     რჩევა: შეადგინე ყოველდღიურად გასაკეთებელი საქმეების სია. როცა რომელიმე მათგანს დაასრულებ, აღნიშნე.

     ბიბლიური პრინციპი: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).

  4.   საქმე ბოლომდე მიიყვანე. შეიძლება დროდადრო მოგიწიოს მეგობრებისთვის უარის თქმა რაღაცაზე იმის გამო, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს გასაკეთებელი. აღმოაჩენ, რომ როცა მნიშვნელოვანს პირველ რიგში გააკეთებ, თავისუფალი დრო უფრო მეტი დაგრჩება და შეგიძლია უფრო კარგადაც გამოიყენო ეს დრო.

     ბიბლიური პრინციპი: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ“ (რომაელები 12:11).

  5.   დააჯილდოე საკუთარი თავი, მაგრამ ძალიანაც ნუ იჩქარებ. ერთი გოგონა, ტარა ამბობს: „ზოგჯერ შედგენილი სიიდან ორ საქმეს ერთად ვაკეთებ ხოლმე. მერე ვფიქრობ: „ახლა შემიძლია ცოტა დავისვენო და ტელევიზორს ვუყურო 15 წუთი; მერე 15 წუთიც გადის, 30-ც, ერთი საათიც და აზრზე რომ მოვდივარ, ვხვდები, რომ ტელევიზორის ყურებაში 2 საათი გამიფლანგავს“.

     რა არის გამოსავალი? გართობა მიიჩნიე ჯილდოდ, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ დაიმსახურებ, როცა სიაში ჩამოთვლილ ყველა საქმეს დაასრულებ.

     ბიბლიური პრინციპი: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ... სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).