ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
როგორ მოვიქცე, თუ სკოლას ვერ ვიტან?
მკაცრი მასწავლებლები, ზეწოლა თანატოლებისგან, დაუსრულებელი დავალებები და სტრესი გამოცდების დროს. ამ მიზეზების გამო თუ შენც არ მოგწონს სკოლაში სიარული, სულაც არ არის გასაკვირი. a ერთი თინეიჯერი, სახელად რეიჩელი b ამბობს:
„ოღონდ სკოლაში არ ვიყო წასასვლელი და ყველაფერს გავაკეთებდი. მირჩევნია, მთელი დღე სახლში მშობლებს საჭმლის მომზადებაში ან დალაგებაში დავეხმარო“.
თუ შენც ასე ფიქრობ, ალბათ სკოლა ციხესავით გეჩვენება და ერთი სული გაქვს, როდის დააღწევ თავს. მაგრამ, ხომ არ ჯობია, სკოლის წლებს სხვა თვალით შეხედო?
იცოდი, რომ სკოლაში სიარულს ბევრი დადებითი მხარე აქვს? მაგალითად, სკოლა ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში გეხმარება, რომელიც მთელი ცხოვრება გამოგადგება.
განვიხილოთ, რა დაგეხმარება, სკოლას დადებითი კუთხით შეხედო.
განათლება. სკოლაში მიღებული ცოდნა დაგეხმარება, მომავალში უფრო ადვილად მოაგვარო პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროში, მაგალითად სამსახურში, და ამგვარად, ყოველთვის სხვაზე არ იქნები დამოკიდებული. დაფიქრდი: შეიძლება სკოლაში ბევრი რამ არ მოგწონს, მაგრამ რა მხრივ გამოგადგება იქ მიღებული განათლება?
ბიბლიური პრინციპი: „გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“ (იგავები 3:21).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე სტატია „რა შემიძლია გავაკეთო, თუ სკოლაში ცუდად ვსწავლობ?“.
ჩვევები. სკოლის ყოველდღიური განრიგი დროის მართვას გასწავლის. ის ასევე გეხმარება, გამოიმუშავო თვითდისციპლინა და გახდე შრომისმოყვარე. ეს უნარ-ჩვევები მთელი ცხოვრება გამოგადგება. დაფიქრდი: Როგორ გეხმარება სკოლა, განივითარო თვითდისციპლინა და შრომისმოყვარეობა? ხომ არ გჭირდება ამ მხრივ გაუმჯობესება?
ბიბლიური პრინციპი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე სტატია „როგორ ვმართო დრო?“.
სხვებთან ურთიერთობა. კლასელებთან ურთიერთობა გეხმარება, გახდე უფრო თანამგრძნობი. აგრეთვე სწავლობ, როგორ გამოავლინო სხვების მიმართ პატივისცემა. ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯოშუა, ამბობს: „ადამიანებთან ურთიერთობას სწავლა სჭირდება. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათემატიკის ან ისტორიის სწავლა. ეს უნარი მთელი ცხოვრება გამოგადგება“. დაფიქრდი: Როგორ გასწავლის სკოლა სხვადასხვანაირ ადამიანთან ურთიერთობას, მაგალითად მასთან, ვისაც განსხვავებული წარმომავლობა თუ შეხედულება აქვს?
ბიბლიური პრინციპი: „ეცადეთ, ყველასთან მშვიდობიანად იყოთ“ (ებრაელები 12:14).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე სტატია „როგორ დავძლიო პირისპირ საუბრის კომპლექსი?“.
მომავალი. სკოლა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში გეხმარება, რის მიხედვითაც რეალურ მიზნებს ისახავ. ერთი ახალგაზრდა, სახელად ბრუკი, გვიზიარებს: „მომავალი პროფესიისთვის მზადება სკოლიდანვე შეგიძლია დაიწყო. მაგალითად, მე სკოლაშივე გავიარე გადამზადება, რამაც სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნა გამიადვილა“. დაფიქრდი: სკოლის დამთავრების შემდეგ როგორ იზრუნებ საკუთარ საჭიროებებზე? როგორ შეგიძლია დღესვე მოემზადო სამომავლო პროფესიისთვის?
ბიბლიური პრინციპი: „მოასწორე შენი სავალი“ (იგავები 4:26).