არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

როგორ შევეგუო მშობლების განქორწინებას?

როგორ შევეგუო მშობლების განქორწინებას?

 ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი სტრესია მშობლების განქორწინება. თუ შენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, რა დაგეხმარება დარდთან გამკლავებაში?

სამი რამ, რაც არ უნდა გააკეთო

  1) თავს ნუ დაიდანაშაულებ.

 „ერთხელ დედაჩემმა მითხრა, რომ მას და მამას პრობლემები მაშინ დაეწყოთ, როცა მე გავჩნდი. ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემი ბრალი იყო მათი წარუმატებელი ქორწინება“ (დიანა).

 გახსოვდეს: თუ შენი მშობლები განქორწინებას გადაწყვეტენ, შენ არაფერ შუაში ხარ. ეს მათ შორის არსებული პრობლემების ბრალია, რომელთაც შენ ვერ გადაჭრი. ცოლქმრულ ურთიერთობაში წამოჭრილი უთანხმოებები თავად ცოლ-ქმარმა უნდა მოაგვაროს.

 „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).

 2) გულში ბოღმას ნუ ჩაიდებ.

 „ძალიან გაბრაზებული ვარ მამაჩემზე, დედას რომ უღალატა. არ ვიცი რამდენად შევძლებ, მას კვლავ ვენდო“ (რიანა).

 გახსოვდეს: ალბათ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხარ მომხდარის გამო და ამის საფუძვლიანი მიზეზიც გაქვს. მაგრამ წყენის გულში ჩატოვება კარგს არაფერს მოგიტანს. ამან შეიძლება შენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გულში ბოღმის ჩადება საწამლავის დალევას ჰგავს, ამით ვერაფერს მიაღწევ და მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებ ზიანს. a

 „მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ“ (ფსალმუნი 37:8).

 3) ნუ იფიქრებ, რომ ბედნიერი ქორწინება ვერასდროს გექნება.

 „მგონია, რომ თუ დავქორწინდები და შვილები მეყოლება, მამაჩემის შეცდომებს გავიმეორებ და განქორწინებამდე მივალ“ (ჯესიკა).

 გახსოვდეს: თუ შენი მშობლების ქორწინებამ არ გაამართლა, ნუ იფიქრებ, რომ არც შენი ქორწინება გაამართლებს. სინამდვილეში მშობლების შეცდომებიდან ბევრი რამ შეგიძლია ისწავლო. მაგალითად, სანამ დაქორწინდები, კარგად დააკვირდი შენი მომავალი მეუღლის თვისებებსა და ხასიათს. მშობლების წარუმატებელმა ქორწინებამ შეიძლება იმაზეც დაგაფიქროს, რა თვისებები უნდა განივითარო, კარგი მეუღლე რომ იყო.

 „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს“ (გალატელები 6:4).

მშობლების განქორწინებასთან შეგუება მოტეხილობის შეხორცებას ჰგავს. დროის სვლასთან ერთად ტკივილი ნელ-ნელა ყუჩდება.

სამი რამ, რაც უნდა გააკეთო

  1) ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში. მათ, ვინც უარყოფით გრძნობებს გულში იგროვებენ, ადვილად შეიძლება ჩამოუყალიბდეთ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. შენს შემთხვევაშიც ასე რომ არ მოხდეს, გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები.

 გული გადაუშალე მშობლებს. თუ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ხშირად გესაუბრება მათ შორის არსებულ პრობლემებზე იმ მიზნით, რომ რომელიმეს მხარე დაიკავო, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ აუხსენი, რომ ეს შენზე ცუდად მოქმედებს. თუ მათთან პირისპირ საუბარი გიჭირს, შეგიძლია შენი სათქმელი წერილობით აუხსნა.

 გული გადაუშალე სანდო მეგობარს. დიდი შვებაა, როცა გეგულება ადამიანი, ვისაც გულის ნადებს გაუმხელ და ვინც ყურადღებით მოგისმენს. ბიბლიაში წერია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

 გული გადაუშალე ღმერთს. „ლოცვების მომსმენი“ ღმერთი იეჰოვა ყოველთვის მზად არის ჩვენ მოსასმენად (ფსალმუნი 65:2). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

  •   ვისთან უფრო გიადვილდება მშვიდად საუბარი, დედასთან თუ მამასთან?

  •   გყავს სანდო მეგობარი, ვინც გვერდში დაგიდგება და მოგისმენს?

  •   კონკრეტულად რაზე შეგიძლია ილოცო?

 2) შეეგუე ცვლილებებს.

 მშობლების განქორწინების გამო შეიძლება მოგიწიოს ცვლილებებთან შეგუება, იქნება ეს ახალი საცხოვრებელი, ახალი სკოლა, ფინანსური მდგომარეობა თუ ახალი მეგობრები. ბუნებრივია, ამან შეიძლება შენს განწყობაზე ცუდად იმოქმედოს და დაისტრესო კიდეც, რადგან მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. რა გაგიადვილებს ცვლილებებთან შეგუებას? შეეცადე, ახალ რეალობას მოერგო.

  •   რა იყო ყველაზე დიდი ცვლილება შენს ცხოვრებაში, რაც შენი მშობლების განქორწინებას მოჰყვა?

  •   რა უნდა გააკეთო, რომ ამ ცვლილებას შეეგუო?

 „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11).

 3) აღმოაჩინე საკუთარ თავში ძლიერი მხარეები.

 Მართალია, მშობლების განქორწინება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ეს სიტუაცია შენს თავში ძლიერ მხარეებს დაგანახვებს და შეიძლება ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაშიც კი დაგეხმაროს. „მშობლების განქორწინების შემდეგ მომიწია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, დედასაც უნდა დავხმარებოდი და პატარა ძმაზეც მეზრუნა,“ – ამბობს ჯერემი, რომელიც 13 წლის იყო, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ.

მშობლების განქორწინების შემდეგ საკუთარ თავზე უფრო მეტი ოჯახური პასუხისმგებლობის აღება გიწევს.

  •   მშობლების განქორწინების შემდეგ, როცა ახალი რეალობის წინაშე დადექი, რა ძლიერი მხარეები აღმოაჩინე საკუთარ თავში?

  •   რა თვისებები გინდა, რომ განივითარო?

 „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა… გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

a დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია „როგორ მოვთოკო თავი?“.