ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?
შენ როგორ მოიქცეოდი?
წაიკითხე, რა შეემთხვა კარინას და მის ადგილას წარმოიდგინე თავი. შენ როგორ მოიქცეოდი მის სიტუაციაში?
კარინა: „როდესაც სკოლაში მანქანით მივდიოდი, სიჩქარეს გადავაჭარბე; პოლიციელმა გამაჩერა და საჯარიმო ქვითარი გამომიწერა. ამან ძალიან გამაბრაზა. როდესაც დედას მომხდარის შესახებ მოვუყევი, მითხრა, რომ მამისთვისაც მეთქვა, რაც საშინლად არ მინდოდა“.
შენ როგორ მოიქცეოდი?
ვარიანტი ა: ხმას არ ამოვიღებდი და მამაც ვერასდროს გაიგებდა.
ვარიანტი ბ: დაწვრილებით მოვუყვებოდი მამას, რაც მოხდა.
შესაძლოა გულმა პირველი ვარიანტისკენ გაგიწიოს. თანაც შეიძლება დედა ვერც მიმხვდარიყო, მამას რომ არ უთხარი. თუმცა კარგი იქნება, თუ აღიარებ შენს შეცდომას, მნიშვნელობა არ აქვს,საჯარიმო ქვითარს ეხება ეს თუ სხვა რამეს.
სამი მიზეზი, რატომაც უნდა აღიარო შეცდომები
1. ასეთი მოქმედება სწორია. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
„მაქსიმალურად ვცდილობ, პატიოსანი ვიყო, საკუთარ საქციელზე ვაგო პასუხი და შეცდომის დაშვებისთანავე გულწრფელად ვაღიარო ჩემი შეცდომა“ (ალექსის).
2. პატიება უფრო ადვილია, როცა შეცდომას აღიარებ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).
„შეცდომის აღიარება გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ სხვების ნდობას მოიპოვებ. ისინი დაინახავენ, რომ პატიოსანი ადამიანი ხარ. შეცდომის აღიარებას ყოველთვის დადებითი შედეგები მოჰყვება“ (რიჩარდი).
3. რაც ყველაზე მთავარია, ეს იეჰოვას სიამოვნებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“ (იგავები 3:32).
„მას შემდეგ, რაც სერიოზული შეცდომა დავუშვი, მივხვდი, რომ გულწრფელად უნდა მეღიარებინა ის. ვიცოდი, რომ იეჰოვა არ მაკურთხებდა, თუ მის მოსაწონად არ მოვიქცეოდი“ (რეიჩელი).
როგორ მოიქცა კარინა? მან არ უთხრა მამას, რა შეცდომა დაუშვა და საჯარიმო ქვითარიც დაუმალა. მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც გაირკვა. კარინა იხსენებს: „დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მამა სადაზღვევო ჩანაწერებს ამოწმებდა, შეამჩნია ჩემ სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. დედაც ძალიან გამიბრაზდა, რომ არ დავუჯერე და არ მოვუყევი მამას ამის შესახებ“.
გაკვეთილი: „შეცდომის დამალვა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. საკუთარ საქციელზე ადრე თუ გვიან მაინც აგებ პასუხს“, — ამბობს კარინა.
რას გასწავლის დაშვებული შეცდომა?
შეცდომა ყველას მოსდის (რომაელები 3:23; 1 იოანე 1:8). როგორც უკვე გავიგეთ, შეცდომების უმალვე აღიარება თავმდაბლობასა და მოწიფულობაზე მიუთითებს.
შეცდომებზე ყოველთვის რაღაც ვსწავლობთ. სამწუხაროდ ზოგიერთმა ახალგაზრდამ ხელიდან გაუშვა ასეთი შესაძლებლობა. შესაძლოა ისინი პრისილას მსგავსად ფიქრობენ, რომელმაც თქვა: „ადრე ძალიან ვითრგუნებოდი ჩემი შეცდომების გამო. არასრულფასოვნების გრძნობა მქონდა; დანაშაულის გრძნობა იმდენად მამძიმებდა, რომ უკვე აღარ შემეძლო ამის ატანა. სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა“.
დროდადრო შენც ასე ხომ არ გრძნობ თავს? თუ ასეა, გახსოვდეს: წარსულ შეცდომებზე წუხილი ჰგავს მანქანის ტარების დროს უკანა ხედვის სარკეში ყურებას. წარსულზე ფიქრი თავს უღირსად გაგრძნობინებს და მომავალ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო ძალებს გამოგაცლის.
ნაცვლად ამისა, კარგი იქნება, თუ გაწონასწორებულად იფიქრებ.
„შეეცადე, წარსულში ჩადენილ შეცდომებზე ისწავლო და ნუ გაიმეორებ მათ. მაგრამ იმდენს ნუ იფიქრებ მათზე, რომ ამან დაგრთგუნოს“ (ელიოტი).
„ვცდილობ, შეცდომებს ისე შევხედო, როგორც გაკვეთილს, რომელიც გამოცდილებას მძენს, მეხმარება, უკეთეს პიროვნებად ჩამოვყალიბდე და მომავალში სხვაგვარად მივუდგე მსგავს საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი მიდგომა უფრო მოწიფულს მხდის“ (ვერა).