არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 1)

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 1)

 იცნობ ისეთ ახალგაზრდას, რომელიც სერიოზული ავადმყოფობით იტანჯება? შეიძლება რაიმე დაავადების ან ფიზიკური უძლურების გამო ვერ აკეთებდე ისეთ საყვარელ საქმეს, რისი გაკეთებაც შენს თანატოლებს თავისუფლად შეუძლიათ და სიამოვნებითაც აკეთებენ?

 სავსებით ბუნებრივია, დროდადრო ამის გამო გულგატეხილობა დაგეუფლოს. მაგრამ ღვთის სიტყვაში ორი მანუგეშებელი აზრია ჩაწერილი:

  •   შენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, ძალიან კარგად იცის, რა მდგომარეობაში ხარ. უფრო მეტიც, „ის ზრუნავს“ შენზე (1 პეტრე 5:7).

  •   იეჰოვას განზრახვის თანახმად, ყველანაირი დაავადება განიკურნება! ამის შესახებ შეგიძლია წაიკითხო ესაიას 33:24-სა და გამოცხადების 21:1—4-ში.

 უამრავმა ახალგაზრდამ, რომლებსაც სერიოზული დაავადებები სტანჯავთ, დაინახა, რომ ღვთისადმი და მისი განზრახვებისადმი რწმენა უმსუბუქებთ მდგომარეობას. აი, რას გვიყვება ოთხი ახალგაზრდა:

 იეიმი

 თერთმეტი წლის ვიყავი, ინვალიდის სავარძელს რომ მივეჯაჭვე. იმის ძალაც კი არ მქონდა, რომ მსუბუქი ნივთები ამეღო.

 ხუთი წლის ასაკში პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი დამისვეს. ეს დეგენერაციული დაავადებაა, რაც ფიზიკურ უძლურებასა და სისუსტეს იწვევს. ეს დაავადება ბევრ რამეში მზღუდავს. ხანდახან გული მიტყდება, რადგან ვერ ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი თანატოლები აკეთებენ. მაგრამ მშობლები და კრების წევრები ფიზიკურ, სულიერ თუ ემოციურ დახმარებას მიწევენ. მე სრული დროით ვმსახურობ; ხშირად დაინტერესებულებს თანაქრისტიანებთან ერთად ვუტარებ ბიბლიის შესწავლას.

 იესომ თქვა, რომ ყოველ დღეს თავისი საწუხარი აქვს (მათე 6:34). ამიტომ, ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც დღეს შემიძლია, დავისახო რეალური მიზნები და ხვალინდელ საწუხარზე ნაკლებად ვიფიქრო. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ჩემი დაავადება აღარ დამტანჯვას და „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ მექნება (1 ტიმოთე 6:19).

 დაფიქრდი: იეიმის რეალური მიზნების დასახვა ეხმარება. როგორ შეგიძლია მიჰბაძო მას? (1 კორინთელები 9:26).

 მატეო

 ექვსი წლის ვიყავი, როცა ზურგის არეში ტკივილი ვიგრძენი. თავიდან ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ტკივილი ფიზიკური ზრდის პროცესს სდევდა თან. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ხერხემალზე სიმსივნური წანაზარდი მქონდა.

 გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ სიმსივნის მხოლოდ 40 პროცენტის ამოკვეთა შეძლეს. ორის თვის შემდეგ სიმსივნე ისევ თავდაპირველ ზომას დაუბრუნდა. მას შემდეგ ბევრი გამოკვლევა ჩამიტარდა და მკურნალობის არაერთი კურსი გავიარე. თუმცა, ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი.

 ხშირად ზურგისა და გულმკერდის არეში ისეთ ტკივილს ვგრძნობ, რომ თითქოს დანა დამისვესო. მაგრამ ვცდილობ, არ მშთანთქას ამ პრობლემამ. საკუთარ თავს შევახსენებ, რომ სხვებიც არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ დადებით განწყობას ინარჩუნებენ. ასეთი განწყობის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად იმედი მეხმარება, რომ ერთ დღესაც იეჰოვა ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს და ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას (გამოცხადება 21:4).

 დაფიქრდი: როგორ დაგეხმარება მატეოს მსგავსად ღვთის დანაპირებზე ფიქრი მოთმინებაში? (ესაია 65:17).

 ბრუნა

 ვინაიდან გარეგნულად ავადმყოფობის ნიშანწყალი არ მეტყობა, ზოგს ჰგონია, რომ ზარმაცი ვარ. სინამდვილეში ყველაფრის გაკეთება მიჭირს, მათ შორის სახლის საქმე, გაკვეთილების მომზადება და საწოლიდან წამოდგომაც კი.

 16 წლის ასაკში ენცეფალომიელიტის (გაფანტული სკლეროზი) დიაგნოზი დამისვეს. ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რის გამოც არა მარტო ფიზიკური მუშაობა მიჭირს, არამედ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებაც, რაც ძალიან მიყვარს. გამუდმებით ვკითხულობ 1 პეტრეს 5:7-ს: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ძალას მმატებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. დღემდე ეს მასულდგმულებს!

 დაფიქრდი: როგორ შეგიძლია მიჰბაძო ბრუნას და შენი საწუხარი იეჰოვას მიანდო? (ფსალმუნი 55:22).

 ანდრე

 ზოგი ისე მექცევა, როგორც 10 წლის ბავშვს. ვერც დავადანაშაულებ, რადგან გარეგნულად მართლაც ბავშვს ვგავარ.

 ორი წლის რომ ვიყავი, იშვიათი ტიპის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. თავდაპირველად სიმსივნე ზურგის ტვინზე განმივითარდა და შემდეგ თავის ტვინამდე მიაღწია. მართალია, ჩემი დაავადება მკურნალობას დაექვემდებარა, მაგრამ ამან ზრდის პროცესი შეაფერხა. დღეს ჩემი სიმაღლე სულ რაღაც 1,37 მეტრია. ბევრს ჰგონია, რომ ვატყუებ, როცა ვეუბნები, რომ 18 წლის ვარ.

 ქრისტიანულ კრებაში და-ძმები ღირსეულად მეპყრობიან. ისინი, ჩემი ყოფილი თანაკლასელების მსგავსად, ბავშვივით არ მექცევიან. ვცდილობ, დადებითი განწყობა შევინარჩუნო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული იეჰოვა ღმერთის გაცნობამ მომანიჭა. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს! რის გადატანაც არ უნდა მომიხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა არ მიმატოვებს! ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე ფიქრი მეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში (ესაია 33:24).

 დაფიქრდი: რატომ არის იეჰოვას გაცნობა „ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს“, როგორ ეს ანდრემ აღნიშნა? (იოანე 17:3).