არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

გამოსვლის 20:12 — „პატივი ეცი მამას და დედას“

გამოსვლის 20:12 — „პატივი ეცი მამას და დედას“

 „პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს“ (გამოსვლა 20:12; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის“ (გამოსვლა 20:12; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 იეჰოვამ ძველ დროში ისრაელებს მითითება მისცა, რომ პატივი მიეგოთ თავიანთი მშობლებისთვის. ეს მცნება, ამავდროულად, დანაპირებსაც შეიცავდა, რათა ისრაელები უფრო მეტად ყოფილიყვნენ აღძრულები მის შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული მოსეს კანონის დაცვა, ღვთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. პრინციპებს, რომლებიც ამ კანონთა კრებულს ედო საფუძვლად, დღესაც არ დაუკარგავს ძალა. ამიტომ ისინი მეტად საყურადღებოა თითოეული ჩვენგანისთვის (კოლოსელები 3:20).

 შვილები, ასაკის მიუხედავად, მშობლების მიმართ პატივისცემას უნდა ავლენდნენ და აფასებდნენ მათ აზრს (ლევიანები 19:3; იგავები 1:8). მაშინაც კი, როცა შვილები საკუთარ ოჯახებს შექმნიან, კვლავაც უნდა დაინტერესდნენ თავიანთი მშობლების მდგომარეობით და სიყვარულით იზრუნონ მათზე; ყველანაირად უნდა ეცადონ მათ დახმარებას როგორც ფინანსურად, ისე სხვა მხრივ (მათე 15:4—6; 1 ტიმოთე 5:4, 8).

 ყურადღება მიაქციეთ, რომ ისრაელი ბავშვი პატივისცემით უნდა მოპყრობოდა როგორც მამას, ისე დედას, რითაც ხაზი ესმებოდა იმას, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ეკისრა დედას ოჯახში (იგავები 6:20; 19:26). შვილებს დღესაც იგივე მართებთ!

 მშობლებისადმი მორჩილების საკითხში არსებობს გარკვეული ზღვარი. ისრაელ ბავშვებს არ მოეთხოვებოდათ მშობლებისადმი ან სხვებისადმი მორჩილება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ (კანონი 13:6—8). ასევეა დღესაც — „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

 ისრაელებისთვის მიცემულ ღვთის კანონში, ღმერთი ბავშვებს დაჰპირდა, რომ, თუ მშობლებისადმი მორჩილებას გამოავლენდნენ, დღეგრძელნი და წარმატებულნი იქნებოდნენ მის მიერ მიცემულ მიწაზე (კანონი 5:16). ისინი არ დაიტეხდნენ იმ სასჯელს, რაც ღვთის კანონის უგულებელყოფას და მშობლებისადმი ურჩობას მოჰყვებოდა (კანონი 21:18—21). დროს არ შეუცვლია ამ კანონებს მიღმა არსებული პრინციპები (ეფესოელები 6:1—3). ასაკის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა შემოქმედის წინაშე. დაპირებისამებრ, ღმერთი აკურთხებს იმ ბავშვებს, რომლებიც ემორჩილებიან მას და თავიანთ მშობლებს: მათ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ მარადიულად (1 ტიმოთე 4:8; 6:18, 19).

კონტექსტი

 გამოსვლის 20:12-ში მოცემულ ამ მცნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ ათ მცნებაში (გამოსვლა 20:12, 1—17). მცნებები, რომლებიც გამოსვლის 20:12-მდეა ჩაწერილი მოსეს კანონში, ეხებოდა უშუალოდ ღვთის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა. ხოლო ამ მუხლის შემდეგ მოცემულია კანონები, რომლებიც ადამიანთა წინაშე შესასრულებელ ვალდებულებებს ეხება, მაგალითად, მეუღლისადმი ერთგულების გამოვლენას და ქურდობის აკრძალვას. ამგვარად, მითითება „პატივი ეცი მამას და დედას“, წარმოადგენდა ერთგვარ ხიდს ამ ორი კატეგორიის მცნებათა შორის, რადგან ამ მცნების დაცვა არა მხოლოდ შემოქმედის, არამედ მშობლების პატივისცემასა და მათდამი მორჩილებასაც მოიაზრებს.

წაიკითხეთ გამოსვლის მე-20 თავი; გაეცანით სქოლიოებსა და მარგინალურ მუხლებს.