ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
ეკლესიასტეს 3:11 — „მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის“
„მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა; მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში; თუმცა ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს“ (ეკლესიასტე 3:11; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“ (ეკლესიასტე 3:11; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
„მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა“. ებრაული სიტყვა, რომელიც „მშვენივრად“ ითარგმნა, ფიზიკურ თუ გარეგნულ სილამაზეზე მეტს მოიაზრებს. ის შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „მოწესრიგებული“, „საკადრისი“ ან „შესაფერისი“ (ეკლესიასტე 3:11). ღვთის „მშვენიერ“ საქმეებში მხოლოდ ფიზიკური სამყაროს შექმნა კი არ იგულისხმება, არამედ ისიც, თუ როგორ ახორციელებს ის თავის განზრახვას (დანიელი 2:21; 2 პეტრე 3:8; გამოცხადება 4:11).
„მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში“. ღმერთმა ადამიანები უსასრულო სიცოცხლისთვის შექმნა (ფსალმუნი 37:29). სწორედ ამიტომ ჩადო მან ადამიანში ასეთი სურვილი. თუმცა პირველი წყვილი, ადამი და ევა, ეურჩა ღმერთს და საკუთარ თავსაც და კაცობრიობასაც სიკვდილი მოუტანა (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12). მიუხედავად ამისა, ღმერთმა პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებდა „ყოველი სულდგმულის სურვილს“, მათ შორის, უსასრულო სიცოცხლის სურვილს (ფსალმუნი 145:16). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ გახადა ღმერთმა კვლავ შესაძლებელი, ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ (რომაელები 6:23).
„ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს“. ღვთიური სიბრძნე იმდენად ღრმა და უსაზღვროა, რომ, როგორც ბიბლია ამბობს, „მიუკვლეველია მისი გზები“ (რომაელები 11:33). თუმცა ღმერთს სურს, გაუმჟღავნოს თავისი განზრახვები მათ, ვისაც მის მოსაწონად ცხოვრება სურს (ამოსი 3:7).
კონტექსტი
წიგნი „ეკლესიასტე“ ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა, რომელსაც ღმერთმა უდიდესი სიბრძნე უბოძა. ამ წიგნში ჩაწერილია პრაქტიკული რჩევები, საიდანაც ჩანს, რა არის ნამდვილად ღირებული ცხოვრებაში და რა — უფასური (ეკლესიასტე 1:2, 3; 2:1, 17; 7:1; 12:1, 13). მე-3 თავში სოლომონი აღწერს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენათა უწყვეტ ციკლს (ეკლესიასტე 3:1—8, 10). ღმერთმა ადამიანს იმის უფლება მისცა, რომ თავად აერჩია, როდის და რას გააკეთებდა (კანონი 30:19, 20; იესო ნავეს ძე 24:15). სოლომონი განმარტავს, რომ ადამიანის ნებისმიერი საქმე მაშინ გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, თუ სათანადო და ხელსაყრელ დროს გაკეთდება და ღვთის ნებასთან იქნება შეთანხმებული. მისი თქმით, ასე გაკეთებული საქმე „ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:1, 12, 13).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „ეკლესიასტეზე“.