ბიბლიური მუხლების ახსნა
ესაიას 42:8 — „მე ვარ უფალი“
„მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ (ესაია 42:8; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას — გამოქანდაკებულ კერპებს“ (ესაია 42:8; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ღმერთი თავის სახელს გვიცხადებს და იმასაც გვეუბნება, რომ თავის დიდებას კერპებს არ გაუყოფს.
ეს საკუთარი სახელი ღმერთმა თავად დაირქვა. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა ქართულად არის „იეჰოვა“ a (გამოსვლა 3:14, 15). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახელი ძველ აღთქმაში (ებრაულ-არამეული წერილები) დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა ის ჩაანაცვლა წოდებით „უფალი“ . ამის მაგალითია ფსალმუნის 109:1 (ფსალმუნის 110:1), რომელში ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც ეხება იეჰოვასაც და იესოსაც. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში ვკითხულობთ: „უთხრა უფალმა [იეჰოვამ] ჩემს უფალს [იესოს]: დაჯექი ჩემს მარჯვნივ“ (საქმეები 2:34—36). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი სათანადო ადგილას არის აღდგენილი, რის შედეგადაც მკითხველისთვის დამაბნეველი არ არის, ორი უფლიდან ვინ რომელია. ამ თარგმანში წერია: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა, იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო“.
ბიბლიის არაერთ მკვლევარს სჯერა, რომ ღვთის საკუთარი სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. ეს სახელი მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს მიესადაგება, რადგან თავისი განზრახვების შესასრულებლად მხოლოდ მას შეუძლია იქცეს იმად, რადაც საჭიროა, ან ამ მიზნით თავისი ქმნილებები აქციოს იმად, რადაც სურს.
ვინაიდან იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და ჭეშმარიტი ღმერთია, მხოლოდ ის იმსახურებს ერთგულებას. მის გარდა სხვას არავის და არაფერს უნდა ვცეთ თაყვანი, მათ შორის არც კერპებსა და გამოსახულებებს! (გამოსვლა 20:2—6; 34:14; 1 იოანე 5:21).
კონტექსტი
ესაიას 42-ე თავის დასაწყისში იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, თუ რას გააკეთებდა მისი რჩეული. ღმერთმა თქვა, რომ მისი მოწონებული მსახური „სამართალს გაუჩენს ხალხებს“ (ესაია 42:1). ღმერთმა ამ დაპირების შესახებ განაცხადა: „ახლა ახალ რამეს ვაცხადებ. სანამ გამოჩნდება, გაუწყებთ“ (ესაია 42:9). რჩეულის შესახებ ეს წინასწარმეტყველება „გამოჩნდა“ ანუ შესრულდა საუკუნეების შემდეგ, როდესაც მესია, იგივე ქრისტე, დედამიწაზე მოვიდა და თავისი მისია შეასრულა (მათე 3:16, 17; 12:15—21).
სხვა თარგმანები
„მე ვარ იეჰოვა, ეს არის ჩემი სახელი; და ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ („წმინდა წერილები“, ჯ. ნ. დარბის თარგმანი).
„მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი; და არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ („ბიბლიის სიტყვასიტყვითი თარგმანი“).
a ღვთის სახელი ებრაულ წერილებში წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით, რომელიც ქართულად გადმოტანილია, როგორც „ჲჰვჰ“. მისი ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა „იაჰვე“. დამატებითი ინფორმაციისთვის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების გადამუშავებულ გამოცემაში“ იხილეთ დანართი ა4, „ღვთის სახელი ებრაულ წერილებში“.