ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
ეფესოელების 3:20 — „[ღმერთს] განუზომლად უფრო მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა ვიაზრებთ“
„ახლა მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის, დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად“ (ეფესოელები 3:20, 21; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ხოლო მას, ვისაც, ჩვენში მოქმედი ძალისამებრ, განუზომლად უფრო მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა ვიაზრებთ, - დიდება ეკლესიაში ქრისტე იესოს მიერ ყოველი თაობის მიმართ, უკუნითი უკუნისამდე“ (ეფესოელები 3:20, 21; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
მოციქული პავლე სრული დამაჯერებლობით აცხადებს, რომ ღმერთს შეუძლია წარმოუდგენელი სახითაც კი უპასუხოს ჩვენს ლოცვებს. ზოგჯერ პასუხმა შეიძლება ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბოს.
„ახლა მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია“. 21-ე მუხლიდან ვიგებთ, რომ აქ საუბარია იეჰოვა ღმერთზე. a პავლე წერს: „დიდება [მას] კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით“. უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს შეუძლია მოგვცეს მისი ნების შესასრულებლად საჭირო ძალა (ფილიპელები 4:13).
მე-20 მუხლში პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთს თავის მსახურების დახმარების ძალა შესწევს და ერთ მნიშვნელოვან აზრზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ ნაშრომში სიტყვებს „ახლა მას, ვისაც … შეუძლია“ ასეთი კომენტარი ჰქონდა თან დართული: „აქ უბრალოდ შესაძლებლობაზე კი არაა საუბარი, რომელსაც ღმერთი ან გამოიყენებს ან არა, არამედ იმ უსაზღვრო ძალაზე, რომელსაც მიზნის მისაღწევად იყენებს“. იეჰოვას შესწევს ძალა, ყოველთვის უპასუხოს თავისი თაყვანისმცემლების ლოცვებს და ყველაფერი გააკეთოს მათ დასახმარებლად. სამყაროში მხოლოდ ის ფლობს უსაზღვრო ძალასა და უფლებამოსილებას (ესაია 40:26).
„[ღმერთს] შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“. იეჰოვას შესწევს ძალა, თავისი მსახურებისთვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე წარმოგვიდგენია ან ველით.
სიტყვები „გაცილებით მეტი … ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აზრს უსვამს ხაზს. პავლე მოციქულს სურს, ყველა ქრისტიანს ბოლომდე ჰქონდეს გათავისებული, რომ ღმერთს შეუძლია ისე დაეხმაროს მათ, რომ მოლოდინს გადააჭარბოს. ბიბლიის ერთ-ერთ გამოცემაში „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ეფესოელების 3:20 ასეა ნათარგმნი: „ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის გაკეთება, ვიდრე ვთხოვთ ან ვფიქრობთ“. ზოგჯერ ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მისი პრობლემა გადაუჭრელია. შესაძლოა მათ ამ დროს არც იციან, რაზე ილოცონ, თუმცა იეჰოვა სათანადოდ აფასებს ნებისმიერ პრობლემას და საჭირო დროს გვპასუხობს. მას შეუძლია გამოსავალი გვაპოვნინოს ნებისმიერი პრობლემის დროს, თანაც ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით (იობი 42:2; იერემია 32:17). ის ძალას აძლევს თავის მსახურებს, მოთმინებით აიტანონ განსაცდელები, თანაც ისე, რომ სიხარული არ დაკარგონ (იაკობი 1:2, 3).
კონტექსტი
წიგნი „ეფესოელები“ მოციქულმა პავლემ ქალაქ ეფესოში (მცირე აზია, დღევანდელი თურქეთის ნაწილი) მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. ამ წერილში მან გადმოსცა ის აზრები, რომლებიც იქაური ქრისტიანებისთვის წარმოთქმულ ლოცვაში მოიხსენია (ეფესოელები 3:14—21). ის ლოცულობდა, ყველა ქრისტიანი მეტად ჩასწვდომოდა ქრისტეს სიყვარულს და იესოს მსგავსად ეაზროვნა და ემოქმედა. ეფესოელების მესამე თავში პავლე ლოცვას ღვთის განმადიდებელი სიტყვებით ასრულებს.
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ეფესოელებისთვის მიწერილ წერილზე.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.