არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

იგავების 22:6 — „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი“

იგავების 22:6 — „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი“

 „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (იგავები 22:6, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 თუ მშობლები შვილებს ღვთისა და მისი კანონებისადმი სიყვარულს ჩაუნერგავენ, ეს მომავალში მათ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

 „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“. ზოგიერთ თარგმანში ნათქვამია, რომ ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე უნდა განისწავლოს. წიგნ „იგავებში“ არაერთხელ ვხვდებით მოწოდებას, რომ მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლონ შვილებს სწორისა და არასწორის გარჩევა (იგავები 19:18; 22:15; 29:15). მოსიყვარულე მშობლებს ახსოვთ, რომ მათი შვილებიც ნების თავისუფლებით სარგებლობენ, ამიტომ პირდაპირ კი არ მიუთითებენ, რა გააკეთონ, არამედ უხსნიან მიზეზებს და ეხმარებიან, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდნენ და თავად შეძლონ სწორი გადაწყვეტილებების მიღება (კანონი 6:6, 7; კოლოსელები 3:21).

 ზოგი ბიბლიის მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს გამოთქმა ნიშნავს, „ყმაწვილი მისი გზის მიხედვით აღზარდო“ ანუ მისი ბუნებრივი მიდრეკილებები არ უგულებელყო. შეიძლება ასეთი ახსნა ლოგიკური ჩანდეს, მაგრამ ებრაული გამოთქმა, რომელიც „სწორ გზაზე სიარულად“ ითარგმნა, აშკარად ცხოვრების სწორი კურსის არჩევაზე მიანიშნებს. წიგნ „იგავებიდან“ ვხედავთ, რომ ადამიანი შეიძლება ცხოვრებაში ორ განსხვავებულ გზას დაადგეს. ერთს ეწოდება „კარგი ადამიანების გზა“, „სიბრძნის გზა“ და „სწორი გზა“ (იგავები 2:20; 4:11; 23:19). მეორეს კი „მზაკვართა გზა“, „უგუნურთა გზა“ და „მცდარი გზა“ ეწოდება (იგავები 4:14; 12:15; 16:29). ბავშვებმა სწორი გზით რომ იარონ, ღვთის სიტყვა, ბიბლია, უნდა შეისწავლონ (ფსალმუნი 119:105).

 „ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“. როცა მშობლები შვილს ღვთის ნორმებს უნერგავენ, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება არჩეულ კურსს. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ კარგად აღზრდილი შვილები არასდროს გადავლენ სწორი გზიდან და ყოველთვის ღვთის ნორმების თანახმად იცხოვრებენ. მაგალითად, თუ ადამიანი მათთან ატარებს დროს, ვისაც ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია მასზე, შესაძლოა ის „სიმართლის გზიდან“ გადავიდეს და არასწორი საქმეების კეთება დაიწყოს (იგავები 2:12—16; 1 კორინთელები 15:33). როგორც არ უნდა იყოს, თუ მშობლები შვილებს ღვთის ნორმებს შეაყვარებენ, მათ წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემენ (იგავები 2:1, 11).

კონტექსტი

 იგავების 22-ე თავში მოცემულია ძირითადი პრინციპები, თუ როგორ შეგვიძლია ღვთიური სიბრძნის გამოყენება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ის ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვას a წინაშე კარგი სახელი გვქონდეს და ვიყოთ თავმდაბლები, ხელგაშლილები და მშრომელები (იგავები 22:1, 4, 9, 29). იმასაც გვანახვებს, რომ ის, ვინც ღვთის მითითებებს უგულებელყოფს და გაჭირვებულ ხალხს ცუდად ექცევა, ცუდ შედეგებს მოიმკის (იგავები 22:8, 16, 22—27).

 მართალია, 22-ე თავი მთლიანად შვილების აღზრდას არ ეხება, მაგრამ მასში მოცემულია პრინციპები, რომლებიც მათ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებასა და ნამდვილი ბედნიერების მიღწევაში დაეხმარება (იგავები 22:17—19). თუ მშობლები შვილებს სწორ გზაზე სიარულს ასწავლიან, ცხადყოფენ, რომ საუკეთესო სურთ მათთვის (ეფესოელები 6:1—3).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „იგავებზე“.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.