ბიბლიური მუხლების ახსნა
იესო ნავეს ძის 1:9 — „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“
„ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც წახვალ, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“ (იესო ნავეს ძე 1:9, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:9, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
იესო ნავეს ძის 1:9-ის მნიშვნელობა
ამ სიტყვებით იეჰოვა a ღმერთმა თავისი ერთგული თაყვანისმცემელი, იესო ნავეს ძე, დაარწმუნა, რომ მას შეეძლო გამბედაობა მოეკრიბა და გამაგრებულიყო მაშინაც კი, თუ ურთულეს და ერთი შეხედვით, გადაულახავ დაბრკოლებებს შეხვდებოდა. თუ იესო ნავეს ძე ღვთის მითითებებს დაემორჩილებოდა, მომავლის შიში არ უნდა ჰქონოდა, რადგან იეჰოვა იქნებოდა მის გვერდით და პრობლემების გადალახვაში დაეხმარებოდა. იეჰოვა იმ გაგებით იქნებოდა იესო ნავეს ძესთან, რომ მას მითითებებს მისცემდა და მტერზე გაამარჯვებინებდა.
როგორ შეეძლო იესო ნავეს ძეს გამბედაობა მოეკრიბა და გამაგრებულიყო? მას გაბედულებასა და ძალას იმ დროისთვის არსებული იეჰოვას შთაგონებული წერილები შემატებდა. ღვთივშთაგონებულ წერილებში მოიაზრებოდა მთელი კანონი, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გადასცა იესო ნავეს ძეს b (იესო ნავეს ძე 1:7). იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე“ (იესო ნავეს ძე 1:8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ღვთის კანონის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი იესო ნავეს ძეს გაუძლიერებდა ღვთის ნების შესრულების სურვილს. შემდეგ კი მას ღვთის სიტყვიდან ნასწავლის შესაბამისად უნდა ემოქმედა, რათა გულდასმით შეესრულებინა ყველაფერი, რაც მასში ეწერა. ის მხოლოდ ამ შემთხვევაში იმოქმედებდა ბრძნულად და წარმატებას მიაღწევდა. სინამდვილეში, ეს ასეც მოხდა. განსაცდელების მიუხედავად, იესო ნავეს ძეს აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება ჰქონდა, რადგან იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდა (იესო ნავეს ძე 23:14; 24:15).
იესო ნავეს ძის მისამართით ნათქვამი იეჰოვას სიტყვები ჩვენთვისაც გამამხნევებელია. ამ სიტყვებიდან ვიგებთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ყველა თაყვანისმცემელზე, რაც განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა ისინი განსაცდელებს ხვდებიან. მას სურს, რომ, იესო ნავეს ძის მსგავსად, მისმა მსახურებმაც წარმატებით გაართვან თავი პრობლემებს და „გამბედაობა მოიკრიბონ და გამაგრდნენ“, რასაც იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ რეგულარულად წაიკითხავენ ბიბლიას და იფიქრებენ მასზე, შემდეგ კი ნასწავლის თანახმად იმოქმედებენ.
იესო ნავეს ძის 1:9-ის კონტექსტი
მოსეს სიკვდილის შემდეგ, იეჰოვამ იესო ნავეს ძე დანიშნა ისრაელი ერის წინამძღოლად (იესო ნავეს ძე 1:1, 2). ეს ის დრო იყო, როცა ისრაელები აღთქმული მიწის, ქანაანის, დასამკვიდრებლად ემზადებოდნენ. მათ წინ ძლიერი მტრები ეღობებოდნენ. მაგალითად, იესო ნავეს ძეს უნდა დაემარცხებინა ქანაანელები, რომლებიც დიდ ბოროტებას და სისაძაგლეებს სჩადიოდნენ c (კანონი 9:5; 20:17, 18). ქანაანელები ისრაელებს რიცხობრივადაც აღემატებოდნენ და სამხედრო თვალსაზრისითაც მათზე უკეთ იყვნენ შეიარაღებულნი (იესო ნავეს ძე 9:1, 2; 17:18). მაგრამ იესო ნავეს ძე გაბედულად მიჰყვა იეჰოვას მითითებებს. ღმერთმაც შეასრულა თავისი სიტყვა და მას გვერდიდან არ მოშორებია. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ისრაელებმა მოწინააღმდეგე ერების დიდი ნაწილი ექვს წელიწადში დაამარცხეს (იესო ნავეს ძე 21:43, 44).
a „იეჰოვა“ ღვთის საკუთარი სახელია, რომელიც ნათარგმნია ოთხი ასოთი წარმოდგენილი ღვთის ებრაული სახელიდან יהוה (იჰვჰ), რაც ტეტრაგრამატონის სახელით არის ცნობილი. ღვთის სახელი საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში გადმოტანილია როგორც „უფალი“. თუ გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ღვთის სახელისა და იმის შესახებ, თუ რატომ არ გვხვდება ეს სახელი ბიბლიის ზოგ თარგმანში, წაიკითხეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.
b ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები, რომლებზეც იესო ნავეს ძეს მიუწვდებოდა ხელი და რომლებიც დღეს ბიბლიაშია თავმოყრილი; სავარაუდოდ მოიცავდა მოსეს ხუთწიგნეულს (დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვები და მეორე კანონი), იობის წიგნს და ერთ ან ორ ფსალმუნს.
c იმის გასაგებად, თუ რატომ იყო ბრძოლა საჭირო, წაიკითხეთ 2010 წლის 1-ლი იანვრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „რატომ აწარმოებდა ღმერთი ომებს ქანაანელების წინააღმდეგ?“.