არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

იოანეს 16:33 — „მე ვძლიე ქვეყნიერებას“

იოანეს 16:33 — „მე ვძლიე ქვეყნიერებას“

 „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (იოანე 16:33, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი გექნებათ ქვეყნად; მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანა“ (იოანე 16:33, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

იოანეს 16:33-ის ახსნა

 იესო ამ სიტყვებით თავის მიმდევრებს არწმუნებს, რომ ნებისმიერი განსაცდელის თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინიც შეძლებენ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას.

 „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით a მშვიდობა გქონდეთ“. სიტყვებში „მშვიდობა გქონდეთ“ იესო არ გულისხმობდა იმას, რომ მის მიმდევრებს კონფლიქტები არ ექნებოდათ. აქ შინაგანი სიმშვიდე იგულისხმება, რომელსაც ადამიანი იესოს მეშვეობით იღებს. იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა წმინდა სულს, „დამხმარეს“, რომელიც მათ ნებისმიერი სირთულის ატანის ძალას მისცემდა (იოანე 14:16, 26, 27).

 „ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით“. იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ შეხვდებოდნენ უსამართლობას და დევნას (მათე 24:9; 2 ტიმოთე 3:12). ყველაფრის მიუხედავად, მათ ჰქონდათ საფუძველი, არ დაეკარგათ მხნეობა.

 „მე ვძლიე ქვეყნიერებას!“. აქ „ქვეყნიერებაში“ ღვთისგან გაუცხოებული უმართლო ადამიანები იგულისხმებიან. b 1 იოანეს 5:19-ში ნათქვამია: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის [ანუ სატანის] ხელშია“. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების აზროვნება და საქციელი ღვთისთვის მიუღებელია (1 იოანე 2:15—17).

 სატანა თავის ქვეყნიერებასთან ერთად ყველანაირად ცდილობდა, რომ იესოს უარი ეთქვა ღვთის ნების შესრულებაზე, ანუ არ ექადაგა ღვთის შესახებ და არც თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაეღო გამოსასყიდად (მათე 20:28; ლუკა 4:13; იოანე 18:37). მაგრამ იესომ არავის და არაფერს დართო ნება, გავლენა მოეხდინა მასზე და ღმერთისთვის ზურგი შეექცია. ის სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. ამიტომ თამამად შეეძლო ეთქვა, რომ სძლია ქვეყნიერებას და რომ „ქვეყნიერების მმართველი“, სატანა, ვერ გაბატონდა მასზე (იოანე 14:30).

 იესომ საკუთარი მაგალითით უჩვენა თავის მიმდევრებს, რომ ისინიც შეძლებდნენ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას, მაშინაც კი, თუ სერიოზული გამოცდის წინაშე დადგებოდნენ. ფაქტობრივად, იესომ ასეთი რამ უთხრა მათ: „თუ მე ვძლიე ქვეყნიერებას, ამას თქვენც შეძლებთ“.

იოანეს 16:33-ის კონტექსტი

 იესომ ეს სიტყვები თავის ერთგულ მოციქულებს სიკვდილის წინა ღამეს უთხრა. მას უნდოდა, რომ სიკვდილამდე მათთვის მნიშვნელოვანი აზრები შეეხსენებინა: მოწაფეები მალე ვეღარ ნახავდნენ მას, შეხვდებოდნენ სასტიკ დევნას და ზოგიერთს მოკლავდნენ კიდეც (იოანე 15:20; 16:2, 10). ამის მოსმენაზე შეიძლება მოციქულებს შიში დაუფლებოდათ, ამიტომ იესომ მათთან საუბარი იოანეს 16:33-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვებით დაასრულა.

 იესოს სიტყვები და მისი მაგალითი დღესაც ამხნევებს მის მიმდევრებს. განსაცდელების მიუხედავად, ყველა ქრისტიანს შეუძლია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება.

a ბერძნულიდან ნათარგმნი ფრაზა „ჩემით“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „ჩემთან ერთობაში“. ეს იმას ნიშნავს, რომ იესოს მოწაფეებს მშვიდობა იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ მასთან ერთობაში დარჩებოდნენ.

b „ქვეყნიერება“ ამავე მნიშვნელობით გამოიყენება იოანეს 15:19-სა და 2 პეტრეს 2:5-ში.