ბიბლიური მუხლების ახსნა
იოანეს 3:16 — „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა“
„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თვისი ძე მხოლოდშობილი, რათა ყველა, ვისაც სწამს იგი, კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
იოანეს 3:16-ის ახსნა
ღმერთს ვუყვარვართ და სურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ გამოგზავნა დედამიწაზე თავისი ძე, იესო ქრისტე. დედამიწაზე ყოფნის დროს, იესომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. პირველი, მან თავის მიმდევრებს ასწავლა თავისი მამისა და ღვთის შესახებ (1 პეტრე 1:3). მეორე, იესომ სიცოცხლე გაიღო კაცობრიობისთვის. მარადიული სიცოცხლის მისაღებად იესოს მიმართ რწმენა უნდა გამოვავლინოთ.
სიტყვებში, „თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“, a კარგად ჩანს, თუ რა ძლიერ უყვარს ღმერთს ადამიანები. იესო ღვთის განსაკუთრებული ძე იყო. რა გაგებით? მხოლოდ იესო იყო უშუალოდ ღვთის მიერ შექმნილი (კოლოსელები 1:17). იესო „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილია“ (კოლოსელები 1:15). ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის სხვა ანგელოზები, იესოს მონაწილეობით შეიქმნა. ამის მიუხედავად, იეჰოვა b ღმერთმა მოისურვა, რომ უსაყვარლესი ძე გამოეგზავნა დედამიწაზე, რათა მომსახურებოდა და სიცოცხლე გაეწირა „მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). იესო იმიტომ ეწამა და მოკვდა, რომ გამოვესყიდეთ ცოდვისა და სიკვდილისგან, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა პირველი მამაკაცისგან, ადამისგან (რომაელები 5:8, 12).
იესოსადმი რწმენის გამოვლენა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ გვწამდეს იესო და გჯეროდეს ის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. ღვთის ძისადმი რწმენას იმ შემთხვევაში გამოვავლენთ, თუ დავიცავთ მის მითითებებს და მივბაძავთ მას (მათე 7:24—27; 1 პეტრე 2:21). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ მიიღებს სიცოცხლეს და ღვთის რისხვას ვერ დააღწევს თავს“ (იოანე 3:36).
იოანეს 3:16-ის კონტექსტი
იესომ ეს სიტყვები იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთან, ნიკოდემესთან საუბრის დროს წარმოთქვა (იოანე 3:1, 2). იესო მას ღვთის სამეფოსა c და „ხელახლა დაბადების“ შესახებ ესაუბრებოდა და უფრო მეტ დეტალს მოჰფინა ნათელი (იოანე 3:3). მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა, როგორი სიკვდილით მოკვდებოდა. „უნდა აღიმართოს [ძელზე ჩამოიკიდოს] კაცის ძე, რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:14, 15). შემდეგ მან აღნიშნა, რომ ღმერთს ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნია და ამიტომ აძლევს მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას. ბოლოს იესომ ახსნა, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად აუცილებელია, გამოვავლინოთ რწმენა და ვაკეთოთ ღვთის მოსაწონი საქმეები (იოანე 3:17—21).
a ბერძნული სიტყვა „მონოგენეს“, რომელიც „მხოლოდშობილად“ ითარგმნა, ნიშნავს: „ერთადერთს, ... გვარის ან ოჯახის ერთადერთ წარმომადგენელს, ან განსაკუთრებულს“ (A Greek-English Lexicon of the New Testament and Other Early Christian Literature, გვ. 658.).
b იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია (ფსალმუნი 83:18).
c ღვთის სამეფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება „ზეციერი სამეფო“ არის ზეციერი ხელისუფლება (მათე 10:7; გამოცხადება 11:15). ამ სამეფოს მეფედ ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა. ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით (დანიელი 2:44; მათე 6:10). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: „რა არის ღვთის სამეფო?“.