არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

იოანეს 14:27 — „მშვიდობას გიტოვებთ“

იოანეს 14:27 — „მშვიდობას გიტოვებთ“

 „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ, მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება აკეთებს ამას. ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ“ (იოანე 14:27, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: არა ისე, როგორც ქვეყანა იძლევა, მე გაძლევთ თქვენ. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“ (იოანე 14:27, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ სიტყვებით იესომ მოუწოდა თავის მოციქულებს, რომ განსაცდელების დროს ზედმეტად არ ეწუხათ. იესოს მსგავსად, ღვთის დახმარებით ისინიც შეძლებდნენ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას.

 როგორი მშვიდობა დაუტოვა იესომ თავის მოციქულებს? თავისი მშვიდობა ანუ ის, რასაც თავად განიცდიდა. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი გასაჭირს ან კონფლიქტურ სიტუაციებს არ შეხვდებოდნენ (იოანე 15:20; 16:33). იესო უსამართლოდ მოპყრობის დროსაც ინარჩუნებდა შინაგან სიმშვიდეს და მაშინაც კი, როცა სიკვდილის წინ აწამებდნენ (ლუკა 23:27, 28, 32—34; 1 პეტრე 2:23). სიმშვიდის შენარჩუნებაში იესოს იმის ცოდნა ეხმარებოდა, რომ იეჰოვას a უყვარდა და იწონებდა მას (მათე 3:16, 17).

 იესომ მოციქულებს სიმშვიდე იმ გაგებით მისცა, რომ ღვთისა და თავის სიყვარულში დაარწმუნა (იოანე 14:23; 15:9, 10; რომაელები 5:1). ამგვარი მშვიდობა, რომელიც ღვთის ძისადმი რწმენაზე იყო დაფუძნებული, მათ ზედმეტი წუხილისა და შიშისგან დაიცავდა (იოანე 14:1). მართალია, იესო ფიზიკურად მოციქულების გვერდით აღარ იქნებოდა, მაგრამ მათ დაჰპირდა, რომ მისცემდა ღვთის წმინდა სულს, რომელიც თავდაჯერებულობას და შინაგან სიმშვიდეს შემატებდა მოციქულებს (იოანე 14:25—27). იესოს მიმდევრებს შეეძლოთ გაბედულად შეხვედროდნენ სირთულეებს იმაში დარწმუნებულები, რომ იეჰოვა იწონებდა და მხარს უჭერდა მათ (ებრაელები 13:6).

 იესოს დედამიწაზე მსახურებისას, ტრადიციულად, ადამიანები მისალმებისას ერთმანეთს მშვიდობას უსურვებდნენ (მათე 10:12, 13). იესო კი თავის მოციქულებს არა მარტო უსურვებდა მშვიდობას, არამედ აძლევდა კიდეც მას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მშვიდობა, რომელსაც იესო აძლევდა მათ, განსხვავდებოდა ნებისმიერი სახის მშვიდობისგან, რომლის მიცემაც ქვეყნიერებას b შეეძლო. ქვეყნიერებაშიც შეიძლება განიცდიდეს ადამიანი გარკვეულ მშვიდობას, როცა სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს, სიმდიდრეს ფლობს და გავლენიანი მდგომარეობა უკავია. თუმცა მშვიდობა, რომელსაც იესო იძლევა, გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ეს არის შინაგანი სიმშვიდე, რომელსაც ადამიანს ვერაფერი ართმევს.

კონტექსტი

 იესომ ეს სიტყვები თავის ერთგულ მოციქულებს სიკვდილის წინა ღამეს უთხრა. მან ისიც თქვა, რომ მალე დატოვებდა მათ (იოანე 13:33, 36). ამის გაგებამ დაამწუხრა მოციქულები (იოანე 16:6). ამიტომ იესო მოწაფეებს ისეთ რამეს დაჰპირდა, რაც მათ სიხარულის მიზეზს მისცემდა.

 იესოს ეს სიტყვები დღესაც ამხნევებს ქრისტიანებს. ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს მშვიდობა (2 თესალონიკელები 3:16). როცა იესოს მოწაფეები ვხდებით, ვიგებთ, რომ მას და მის ზეციერ მამას ვუყვარვართ და გული შესტკივათ ჩვენზე (კოლოსელები 3:15; 1 იოანე 4:16). ამის გააზრება გვეხმარება, ზედმეტად არ ვიწუხოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ღმერთი მუდამ მხარში გვიდგას (ფსალმუნი 118:6; ფილიპელები 4:6, 7; 2 პეტრე 1:2).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იოანეს სახარებაზე.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). წაიკითხეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.

b როდესაც ბიბლია „ქვეყნიერებას“ მოიხსენიებს, ამ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს ღვთისგან გაუცხოებული საზოგადოება.