ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
ლუკას 2:14 — „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“
„დიდება ზეცაში ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომელსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:14, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ღვთის ეს განმადიდებელი სიტყვები, რომლებიც ანგელოზებმა იესოს დაბადების დროს წარმოთქვეს, იმაზე მიანიშნებს, რომ ვინც იესოს ირწმუნებდა, ღვთის მოწონებას დაიმსახურებდა და ექნებოდა შინაგანი სიმშვიდე.
„დიდება ზეცაში ღმერთს“. ამ სიტყვებით ანგელოზებმა იმაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ მთელი დიდება ღმერთს ეკუთვნის. ეს სიტყვები იმაზეც მიანიშნებდა, რომ იესოს დედამიწაზე დაბადება და მსახურება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს იეჰოვას a განდიდებას. ყველაფერი, რასაც ის ასწავლიდა, ღვთის განდიდებას ემსახურებოდა, რაც კარგად ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდანაც: „რასაც ვასწავლი, ჩემგან კი არა, ჩემი გამომგზავნელისგანაა“ (იოანე 7:16—18). როცა იესო სასწაულებს ახდენდა, თვითმხილველები ხშირად ღმერთს განადიდებდნენ (ლუკა 5:18, 24—26; იოანე 5:19). იესოს სიკვდილიც კი ღვთის განდიდებას მოემსახურა. მისი სიკვდილით შესაძლებელი გახდა, რომ განხორციელებულიყო ღვთის განზრახვა, რომლის თანახმადაც დედამიწა მართალი და მშვიდობისმოყვარე ხალხით აივსება (დაბადება 1:28).
„მშვიდობა დედამიწაზე“. ამ კონტექსტში სიტყვა „მშვიდობა“ უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე ომის არარსებობას. ამაში მოიაზრება შინაგანი სიმშვიდე, რაც ადამიანს მხოლოდ მაშინ ეუფლება, როცა ღვთის მოწონებით სარგებლობს. იესოს წყალობით ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარონ ღმერთთან (იაკობი 4:8). გარდა ამისა, როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, იესო სრულ და მარადიულ მშვიდობას დაამყარებს მთელ დედამიწაზე (ფსალმუნი 37:11; ლუკა 1:32, 33).
„ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“. ეს გამოთქმა ეხება ადამიანებს, რომლებიც ღვთის წყალობით სარგებლობენ. ღმერთი მათ მიმართ კეთილგანწყობილია, რადგან ისინი ნამდვილ რწმენას ავლენენ მისადმი და იესოსადმი, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა. აქ ის არ იგულისხმება, რომ ღმერთი ყველა ადამიანს იწონებს მათი შეხედულებებისა და ცხოვრების წესის მიუხედავად. აქ არც „კაცთა შორის სათნოებაზე“ მიდის საუბარი, როგორც ამას ზოგიერთი თარგმანი ამბობს. უძველეს ბერძნულ ხელნაწერებზე დაყრდნობით ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და ბევრი სხვა თანამედროვე თარგმანი ამ აზრს ასე გადმოსცემს: „მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (იხ. „ სხვა თარგმანები“).
კონტექსტი
ლუკას მე-2 თავი აღგვიწერს იესოს დედამიწაზე ცხოვრების დასაწყისს. მისი დაბადებიდან მალევე ანგელოზი გამოეცხადა მწყემსებს, რომლებიც „ველად იყვნენ და ღამით ფარას დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:4—8). b ანგელოზმა მათ აუწყა „ამბავი, რომელიც ყველას დიდ სიხარულს მოჰგვრიდა“. მან მწყემსებს უთხრა: „დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“ (ლუკა 2:9—11). ანგელოზმა მწყემსებს უთხრა, თუ სად შეეძლოთ ახალშობილის ნახვა. შემდეგ მათ იხილეს სხვა უამრავი ანგელოზიც, რომლებიც განადიდებდნენ ღმერთს. ბეთლემში ჩასულმა მწყემსებმა იპოვეს მარიამი და იოსები ჩვილ იესოსთან ერთად (ლუკა 2:12—16). მას შემდეგ, რაც მწყემსებმა მარიამს და იოსებს ყველაფერი უამბეს, უკან გამობრუნდნენ, თან „ღმერთს ადიდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ იმის გამო, რაც მოისმინეს და რაც ნახეს“ (ლუკა 2:17—20).
სხვა თარგმანები
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!” (ახალი გადამუშავებული გამოცემა, 2015).
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და ქვეყანაზე მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“ (ახალი აღთქმა და ფსალმუნი, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1990).
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“ (საქართველოს ბიბლიური საზოგადოება, 2001).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით „ლუკას სახარებაზე“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.
b ის ფაქტი, რომ მწყემსები ღამით გარეთ ათევდნენ ღამეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მოვლენები ზამთარში არ მომხდარა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „როდის დაიბადა იესო?“.