ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
მარკოზის 1:15 — „მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი“
„დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა!“ (მარკოზი 1:15; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„გასრულდა დრო და მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკოზი 1:15; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
იესომ თქვა, რომ „მოახლოვდა ღვთის სამეფო“ a, რადგან ის, როგორც ამ სამეფოს მომავალი მეფე, იმ დროს თავის მსმენელებს შორის იმყოფებოდა.
იესო არ გულისხმობდა, რომ სამეფოს უკვე დაწყებული ჰქონდა მმართველობა. მოგვიანებით მან აღნიშნა კიდეც მოწაფეებთან საუბრისას, რომ სამეფო მომავალში დამყარდებოდა (საქმეები 1:6, 7). იესოს ღვთის სამეფოს მეფედ ცხება ზუსტად დანიშნულ დროს, ბიბლიის მიერ ნაწინასწარმეტყველებ წელს მოხდა. b ამიტომ იესოს შეეძლო ეთქვა, რომ უკვე დამდგარი იყო დანიშნული დრო, როცა მას უნდა დაეწყო ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის, ანუ სახარების ქადაგება (ლუკა 4:16—21, 43).
ღვთის სამეფომ რომ ადამიანს კურთხევები მოუტანოს, მან უნდა მოინანიოს, ანუ სინანული იგრძნოს წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო და ღვთის ნორმების თანახმად დაიწყოს ცხოვრება. ვინც ინანიებს წარსულში ჩადენილ ცოდვებს, ცხადყოფს, რომ სწამს მომავალ სამეფოსთან დაკავშირებული ბიბლიური სწავლება.
კონტექსტი
იესომ ეს სიტყვები მაშინ წარმოთქვა, როდესაც გალილეაში დაიწყო მსახურება. როგორც პარალელურ მუხლში, მათეს 4:17-ში წერია, „იმ დროიდან“ დაიწყო იესომ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება. იესოს ქადაგების მთავარი თემა ზეციური სამეფო იყო. სახარებებში c „სამეფო“ 100-ზე მეტჯერ არის ნახსენები და ყველაზე ხშირად მას იესო მოიხსენიებს. ბიბლიიდან ჩანს, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო ყველაში ხშირად ღვთის სამეფოზე ქადაგებდა.
წაიკითხეთ მარკოზის 1-ელი თავი; გაეცანით სქოლიოებსა და მარგინალურ მუხლებს.
a ღვთის სამეფო არის ღმერთის მიერ დაარსებული ხელისუფლება, რომელიც მის ნებას შეასრულებს დედამიწაზე (დანიელი 2:44; მათე 6:10). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „რა არის ღვთის სამეფო?“
b იესო მეფე უნდა გამხდარიყო იმისათვის, რომ შეესრულებინა მესიის, ღვთის განსაკუთრებული წარმომადგენლის, მოვალეობა. დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოსულიყო იესო, როგორც მესია, შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში „ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?“
c სახარებებს უწოდებენ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების პირველ ოთხ წიგნს, რომლის ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა „ახალი აღთქმა“. სახარებები იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ მოგვითხრობს.