არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

მარკოზის 11:24 — „ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვაში, გწამდეთ, რომ მოგეცემათ“

მარკოზის 11:24 — „ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვაში, გწამდეთ, რომ მოგეცემათ“

 „ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე გაქვთ, და მოგეცემათ“ (მარკოზი 11:24; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვაში, გწამდეთ, რომ მოგეცემათ, და ასეც იქნება“ (მარკოზი 11:24; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ სიტყვებით იესომ დაანახვა თავის მიმდევრებს, რამდენად მნიშვნელოვანია, სწამდეთ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. მან დაარწმუნა ისინი, რომ ღმერთი ისმენს და პასუხობს კიდეც მათ ლოცვებს. მას, ვინც ღვთის ნების თანახმად ლოცულობს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ თხოვნა შეუსრულდება. ასეთ დროს ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს მის ლოცვას უკვე გაეცა პასუხი.

 იესომ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ლოცვა რწმენით იქნას წარმოთქმული. მან თქვა, რომ ის, ვინც „გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, შესრულდება მისი ნათქვამი“ (მარკოზი 11:23). მან კი, ვის გულშიც ეჭვი იჩენს თავს, არ უნდა იფიქროს, „რომ იეჰოვასგან a რაიმეს მიიღებს“ (იაკობი 1:5—8).

 ძლიერი რწმენის მქონე ადამიანი ხშირად ლოცულობს (ლუკა 11:9, 10; რომაელები 12:12). ამგვარად ის აჩვენებს, რომ, რასაც ითხოვს ნამდვილად სჭირდება და სჯერა, ღმერთს შეუძლია უპასუხოს მის ლოცვას. მას აგრეთვე ესმის, რომ ღმერთმა შეიძლება მის ლოცვას ისე არ უპასუხოს როგორც თავად ფიქრობდა, ან მაშინ არ უპასუხოს, როცა ამას ელოდა (ეფესოელები 3:20; ებრაელები 11:6).

 ზემოხსენებულ სიტყვებში ის არ იგულისხმება, რომ ნებისმიერი ადამიანი მიიღებს იმას, რასაც ღმერთს ლოცვაში სთხოვს. ამ სიტყვებით იესო თავის მიმდევრებს მიმართავდა, რომლებიც ძლიერი რწმენის მქონე ადამიანები იყვნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, იეჰოვასთვის ერთგულად ეცათ თაყვანი. ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა მხოლოდ იმ ლოცვებს ისმენს, რომლებიც მის ნებასთანაა შეთანხმებული (1 იოანე 5:14). ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც განზრახ არღვევს მის ნორმებს და არ ინანიებს (ესაია 1:15; მიქა 3:4; იოანე 9:31). უყურეთ ამ მოკლე ვიდეოს და გაიგეთ, როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი.

კონტექსტი

 დედამიწაზე მსახურების დასასრულს იესომ თავის მოწაფეებს ყურადღება ძლიერი რწმენის აუცილებლობაზე გაუმახვილა. როდესაც ის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისკენ მიდიოდა, შენიშნა შეფოთლილი ლეღვის ხე, რომელსაც ნაყოფი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ დაწყევლა იესომ ეს ხე (მარკოზი 11:12—14). ლეღვის ხე გარეგნულად საღი ჩანდა, თუმცა უნაყოფო იყო. მსგავსად ამისა, ისრაელების შემთხვევაშიც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, სინამდვილეში კი მათ რწმენა აკლდათ (მათე 21:43). ლეღვის ხე მალევე გახმა, რაც იმაზე მიანიშნებდა, თუ რა ელოდა ორგულ ისრაელს (მარკოზი 11:19—21).

 იესო დარწმუნებული იყო, რომ ისრაელებისგან განსხვავებით მისი მიმდევრები რწმენას გამოავლენდნენ. ეს მათ სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდა და ღირებულ საქმეებს გააკეთებინებდა (მარკოზი 11:22, 23). იესოს რჩევა მართლაც რომ დროული იყო, რადგან მისი მიმდევრების რწმენა ამ მოვლენიდან მალევე გამოიცდებოდა. იესოს სიკვდილის შემდეგ მათ უკვე დამოუკიდებლად მოუწევდათ საქმის გაძღოლა და წინააღმდეგობებთან გამკლავება (ლუკა 24:17—20; საქმეები 5:17, 18, 40). მსგავსადვე, თუ დღესაც გამოავლენენ იესოს მიმდევრები რწმენას და არ დაეჭვდებიან ლოცვის ძალაში, შეძლებენ სირთულეებთან გამკლავებას (იაკობი 2:26).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით მარკოზის სახარებაზე.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?”.