ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
რომაელების 5:8 — „ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“
„ღმერთმა კი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ხოლო ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენს მიმართ იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
იეჰოვა a ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა, როცა თავისი ძე, იესო ქრისტე, მსხვერპლად გაიღო ცოდვილი ადამიანებისთვის (იოანე 3:16). არასრულყოფილების გამო ადამიანი მიდრეკილია, რომ ღვთის მიერ დადგენილი სამართლიანი ნორმების საპირისპიროდ იფიქროს და იმოქმედოს (კოლოსელები 1:21, 22). მიუხედავად ამისა, ღმერთმა საკუთარი „ძის სიკვდილით“ თავისთან შერიგების შესაძლებლობა მოგვცა (რომაელები 5:10). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ახლავე გავიხაროთ ღმერთთან ახლო ურთიერთობით და გვქონდეს მარადიულად ცხოვრების მოლოდინი (რომაელები 5:11; 1 იოანე 4:9, 10).
კონტექსტი
მოციქულმა პავლემ ეს სიტყვებში რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. რომაელებისთვის მიწერილი წერილის მე-5 თავში პავლემ ახსნა, რატომ უნდა ეხარათ ქრისტიანებს და რატომ უნდა ყოფილიყვნენ მტკიცედ დარწმუნებულნი თავიანთ იმედში (რომაელები 5:1, 2). ეს „იმედი არ გაგვაწბილებს“, რადგან ეფუძნება უდიდეს სიყვარულს, რომელიც ღმერთმა თავისი ძის შეწირვით გვიჩვენა (რომაელები 5:5, 6). პირველი ადამიანის, ადამისგან განსხვავებით, იესომ ღვთისადმი სრულყოფილი მორჩილება გამოავლინა (რომაელები 5:19). ადამის დაუმორჩილებლობის შედეგად მისი შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს დაემონა (რომაელები 5:12). ამის საპირისპიროდ, იესოს მიერ გამოვლენილი მორჩილება და მის მიერ გაღებული მსხვერპლი მარადიული სიცოცხლის იმედს უსახავს მორჩილ ადამიანებს (რომაელები 5:21).
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „იეჰოვა“ არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18)