ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
რომაელების 10:13 — „ვინც უფლის სახელს მოუხმობს“
„ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13; ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).
ახსნა
ღმერთი მიუკერძოებელია. ის ყველა ადამიანს აძლევს გადარჩენის და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას, მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის ეროვნებას, რასას და სოციალურ სტატუსს. თუმცა, გადასარჩენად საჭიროა, მოვუხმოთ იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღვთის სახელს a (ფსალმუნი 83:18).
ბიბლიური გაგებით ღვთის სახელის მოხმობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე უბრალოდ ამ სახელის ცოდნა და თაყვანისმცემლობაში მისი გამოყენება (ფსალმუნი 116:12—14). ამაში გასაჭირის დროს ღმერთზე მინდობაც იგულისხმება (ფსალმუნი 20:7; 99:6).
იესოსთვის ღვთის სახელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლოცვის ნიმუშს ის შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). იესომ ისიც გვასწავლა, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გავიცნოთ, დავემორჩილოთ და შევიყვაროთ ამ სახელის მატარებელი პიროვნება (იოანე 17:3, 6, 26).
რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იმ თარგმანებში, სადაც რომაელების 10:13-ში „უფალი“ წერია, იეჰოვაა ნაგულისხმევი? ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ეს მუხლი ციტირებულია იოელის 2:32-დან, სადაც ორიგინალში ანუ ებრაულში ღვთის სახელია გამოყენებული და არა „უფალი“. b
კონტექსტი
რომაელების მე-10 თავიდან ვხედავთ, რომ ღვთის წყალობის მოსაპოვებლად იესო ქრისტეს მიმართ რწმენა უნდა განვივითაროთ (რომაელები 10:9). ამ აზრს მხარს უჭერს „ძველი აღთქმიდან“ აღებული ზოგიერთი ციტატა. ადამიანი რწმენას „სახალხო აღიარებით“ ამტკიცებს, რაშიც შედის გადარჩენის შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ურწმუნოთათვის. შედეგად, სხვებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, განივითარონ რწმენა, რომელიც გადარჩენამდე მიმყვანია (რომაელები 10:10, 14, 15, 17).
წაიკითხეთ რომაელების მე-10 თავი; გაეცანით სქოლიოებსა და მარგინალურ მუხლებს.
a ღვთის სახელი ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში დაახლოებით 7 000-ჯერ გხვდება. ებრაულ ხელნაწერებში ღვთის სახელი გადმოცემულია ოთხი ასოთი, რომელიც „ტეტრაგრამატონის“ სახელით არის ცნობილი. დღესდღეობით ღვთის სახელის გავრცელებული ფორმაა „იეჰოვა“, თუმცა ზოგი სწავლული უპირატესობას ანიჭებს სახელს, „იაჰვე“.
b როდესაც ბერძნული წერილების დამწერები „ძველი აღთქმიდან“ ახდენდნენ ტექსტის ციტირებას, როგორც ჩანს, იყენებდნენ ღვთის სახელს. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტეტრაგრამატონი („იაჰვე“, ღვთის სახელი) „ახალ აღთქმაში“ „ძველი აღთქმიდან“ ციტატების მოყვანისას ყველგან თუ არა, ზოგან მაინც იქნებოდა გადმოტანილი» (The Anchor Bible Dictionary, ტომი 6, გვერდი 392). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართი 1დ — „ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“. ბიბლიის სასწავლო გამოცემის დანართში C2 (ინგლ.) წარმოდგენილია იმ ბიბლიების სია, სადაც რომაელების 10:13-ში ღვთის სახელს ვხვდებით.