ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
რომაელებიᲡ 6:23 — „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე“
„ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელები 6:23; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
ახსნა
ამ მუხლში პავლე მოციქული ადამიანების სიკვდილის მიზეზად ცოდვას ასახელებს, თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ ღმერთი თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს.
„ცოდვის საზღაური სიკვდილია“. ყველა ადამიანი ცოდვილი a იბადება და, შესაბამისად, მისკენ არის მიდრეკილი (ფსალმუნი 51:5; ეკლესიასტე 7:20). სწორედ ამიტომ ბერდებიან ადამიანები და კვდებიან (რომაელები 5:12).
ფაქტობრივად, პავლე მოციქული ცოდვას ბატონს ადარებს, რომელიც საზღაურს იხდის. როგორც მუშა ელის გასამრჯელოს თავისი შესრულებული საქმის სანაცვლოდ, ისე ადამიანები ელიან ცოდვის საზღაურად სიკვდილს.
თუმცა მოციქული იმასაც ამბობს, რომ, „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“ (რომაელები 6:7). როცა ადამიანი კვდება, ის ცოდვისგან სრულად თავისუფლდება. ამიტომ არალოგიკურია დავასკვნათ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი სადმე იტანჯება წარსული შეცდომების გამო. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და არაფერი ესმით (ეკლესიასტე 9:5).
„ხოლო ღვთისგან ბოძებული ძღვენი — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით“. ღმერთი ძღვენსაც გვთავაზობს — მარადიულ სიცოცხლეს. დედნისეული ენიდან სიტყვა „ძღვენი“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „დაუმსახურებელი საჩუქარი“ ან „მადლი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ძღვენი ჩვენ არ დაგვიმსახურებია და ვერცერთი ცოდვილი ადამიანი საკუთარი ძალით ვერ მოიპოვებს ხსნას და მარადიულ სიცოცხლეს (ფსალმუნი 49:7, 8). თუმცა ღმერთი ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას განივითარებს, ძღვნად მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს (იოანე 3:16; რომაელები 5:15, 18).
კონტექსტი
პავლემ ეს წერილი რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა დაახლოებით ახ. წ. 56 წელს. როგორც ჩანს, იმ დროს ზოგ ქრისტიანს არასწორი შეხედულება ჰქონდა ღვთის გულმოწყალებასთან დაკავშირებით. მათ შესაძლოა ბერძნული ფილოსოფიის გავლენის გამო ეფიქრათ, რომ, რაც მეტად შესცოდავდნენ, მით მეტად უწყალობებდა ღმერთი (რომაელები 6:1). ზოგს შეიძლება ისიც კი ეფიქრა, რომ არ მოეკითხებოდა საკუთარი ცოდვებისთვის, რადგან მოსეს კანონს აღარ ექვემდებარებოდა (რომაელები 6:15). პავლე მოციქულმა თავის წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანებს ღვთის წყალობა არ ექნებოდათ, თუ მათზე ცოდვა იბატონებდა (რომაელები 6:12—14, 16).
პავლეს სიტყვები ღვთის თაყვანისმცემლებს დღესაც აიმედებს. თუ ისინი დაიცავენ ღვთის მიერ დადგენილ ზნეობრივ ნორმებს და არ აჰყვებიან არასწორ სურვილებს, ღმერთი მათ მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (რომაელები 6:22).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „რომაელებზე“.
a ბიბლიაში „ცოდვა“ მოიაზრებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას ან განწყობას, რაც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება (1 იოანე 3:4). იხილეთ სტატია „რა არის ცოდვა?“.