არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

საქმეების 1:8 — „თქვენ მიიღებთ ძალას“

საქმეების 1:8 — „თქვენ მიიღებთ ძალას“

 „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „თქვენ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალემში, მთელს იუდეასა და სამარეაში, მიწის კიდემდე“ (საქმეები 1:8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 იესო დაჰპირდა თავის მოციქულებს, რომ ღვთის წმინდა სულის დახმარებით ისინი ძალას მიიღებდნენ მთელ მსოფლიოში თავიანთი მსახურების შესასრულებლად.

 „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ“. ამ სიტყვებით იესომ ხელმეორედ დაარწმუნა მოწაფეები, რომ მისი ზეცად ამაღლების შემდეგ ისინი ღვთის წმინდა სულს a მიიღებდნენ (იოანე 14:16, 26). ახ. წ. 33 წელს, იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, მათ დაპირებული წმინდა სული მიიღეს (საქმეები 2:1—4). ეს სული დაეხმარა მოწაფეებს, რომ სხვადასხვა ენაზე ელაპარაკათ, სასწაულები მოეხდინათ და ქრისტეს სახელით გაბედულად ექადაგათ თავიანთ რწმენაზე (საქმეები 3:1—8; 4:33; 6:8—10; 14:3, 8—10).

 „იქნებით ჩემი მოწმეები“. სიტყვა, რომელიც „მოწმედ“ ითარგმნა, ნიშნავს „დამმოწმებელს“ ან „რაიმე შემთხვევის შემსწრეს“. მოციქულები იესოს დედამიწაზე ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომის მოწმენი გახდნენ, ამიტომ მსახურების დროს ამ მოვლენებზე საუბარი თამამად შეეძლოთ (საქმეები 2:32; 3:15; 5:32; 10:39). მათ უნდა დაერწმუნებინათ სხვები, რომ იესო იყო ქრისტე, აღთქმული მესია (საქმეები 2:32—36, 41). ვინც ირწმუნა მოციქულების ნათქვამი, იესოს მოწმეები გახდნენ და შემდეგ სხვებს აუწყეს მისი ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომის მნიშვნელობა (საქმეები 17:2, 3; 18:5).

 „დედამიწის კიდით კიდემდე“. ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს: „ქვეყნის კიდემდე“ ან „სხვა ქვეყნებში“. იესოს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ მისი მიმდევრები იუდეის და სამარიის საზღვრებს გასცდებოდნენ და შორეულ ადგილებშიც იქადაგებდნენ მის შესახებ. ისინი იესოზე მეტსაც გააკეთებდნენ იმ გაგებით, რომ უფრო მეტ ტერიტორიაზე გაავრცელებდნენ სასიხარულო ცნობას და მეტი ადამიანის ყურამდე მიაწვდენდნენ მას (მათე 28:19; იოანე 14:12). იესოს ამ სიტყვების წარმოთქმიდან 30 წელიც არ იყო გასული, როცა მოციქულმა პავლე დაწერა, რომ „ექადაგა ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ ისეთ შორეულ ტერიტორიებზე, როგორებიც იყო რომი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი) და ჩრდილოეთი აფრიკა (კოლოსელები 1:23; საქმეები 2:5, 9—11).

კონტექსტი

 „მოციქულთა საქმეები“ იმ მოვლენების თხრობით იწყება, რომლითაც „ლუკას სახარება“ მთავრდება (ლუკა 24:44—49; საქმეები 1:4, 5). ამ წიგნის დამწერი, მოციქული ლუკა, თავიდან იმაზე საუბრობს, თუ როგორ ეჩვენა იესო თავის მიმდევრებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (საქმეები 1:1—3). ამასთანავე, ის ახ. წ. 33 — დაახლ. 61 წლებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და გვიამბობს, როგორ ჩამოყალიბდა და გაიზარდა ქრისტიანული კრება (საქმეები 11:26).

 როგორც ამ თავის კონტექსტიდან ჩანს, მოციქულებს ეგონათ, რომ იესო ღვთის სამეფოს მეფე მათ სიცოცხლეშივე გახდებოდა (საქმეები 1:6). თუმცა იესომ მათ უთხრა, რომ ზედმეტად არ ეფიქრათ, როდის დამყარდებოდა ღვთის სამეფო (საქმეები 1:7). მან თავის მიმდევრებს ურჩია, რომ „დედამიწის კიდით კიდემდე“ ექადაგათ და მთელი ყურადღება ამ საქმეზე გადაეტანათ (საქმეები 1:8). მოციქულთა მიერ წამოწყებულ საქმეს ქრისტიანები დღესაც აგრძელებენ და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებენ (მათე 24:14).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით „მოციქულთა საქმეებზე“.

a წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა (დაბადება 1:2). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „რა არის სულიწმიდა?“.