ბიბლიური მუხლების ახსნა
ფილიპელების 4:8 — „რაც კი რამ ჭეშმარიტია,.. მასზე იფიქრეთ“
„ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც ყურადსაღებია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებელია, სათნო და ქებული, მასზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ღვთისთვის სულერთი არ არის ადამიანის ფიქრები, რადგან ჩვენი აზროვნება გავლენას ახდენს ჩვენს საქმეებზე (ფსალმუნი 19:14; მარკოზი 7:20—23). ამიტომ ის, ვისაც სურს, რომ ღმერთს ასიამოვნოს, ცდილობს, იმაზე იფიქროს, რაც ღვთისთვის მისაღები და მოსაწონია.
ამ მუხლში რვა მხარეზე მახვილდება ყურადღება, რაზეც ქრისტიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ამით იყოს მისი გონება მოცული.
ჭეშმარიტი. ეს სიტყვა იმის აღსაწერად გამოიყენება, რაც მართალი და სარწმუნოა, მაგალითად, ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ინფორმაცია (1 ტიმოთე 6:20).
ყურადსაღები. ჩვენ უმნიშვნელო და წვრილმან საკითხებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ეს კი, თავის მხრივ, ქრისტიანს აღძრავს, არ გადაუხვიოს სწორი გზიდან (ტიტე 2:6—8).
მართალი. ჩვენ გადაწყვეტილებების მიღების დროს ღვთის ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არ დავენდოთ საკუთარ არასრულყოფილ გონებას (იგავები 3:5, 6; 14:12).
წმინდა. ეს სიტყვა აზროვნებისა და ქცევის სიწმინდეს მოიცავს როგორც ზნეობრივ, ისე სხვა საკითხებში (2 კორინთელები 11:3).
სიყვარულის ღირსი. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც სიყვარულს აღვივებს და არა სიძულვილს, სიბრაზეს ან უთანხმოებას (1 პეტრე 4:8).
მოსაწონი. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ კარგი სახელი გვქონდეს სხვების თვალში, განსაკუთრებით კი მათ თვალში, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრებას ცდილობს (იგავები 22:1).
ზნეობრივი. ჩვენ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად უნდა ვცხოვრობდეთ, რაც ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება (2 პეტრე 1:5, 9).
საქებარი. ამ სიტყვაში იგულისხმება ის, რაც შექებას იმსახურებს, განსაკუთრებით ღვთის თვალში. გარდა ამისა, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთს მისი საქმეების გამო ხოტბა შევასხათ (ფსალმუნი 78:4).
კონტექსტი
პავლე მოციქული რომში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, როცა ფილიპელ ქრისტიანებს წერილი მისწერა. მკვლევრები ამ წერილს სიხარულით სავსე წერილს უწოდებენ, რადგან ტექსტში აშკარად იგრძნობა პავლეს თბილი ტონი და მისი სიყვარული (ფილიპელები 1:3, 4, 7, 8, 18; 3:1; 4:1, 4, 10).
პავლეს ძალიან უყვარდა ფილიპელი და-ძმები და სურდა, რომ მათაც ისეთივე სიხარული და მშვიდობა ჰქონოდათ, როგორიც თავად ჰქონდა (ფილიპელები 2:17, 18). სწორედ ამიტომ მან თავისი წერილის დასასრულს ფილიპელ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ყოველთვის გაეხარათ, ყოფილიყვნენ გონიერები, ყველა სათხოვარი ლოცვაში გაემხილათ ღვთისთვის და მთელი ყურადღება იმაზე გადაეტანათ, რაც შინაგან სიმშვიდეს მოჰგვრიდათ და დაეხმარებოდათ, ღმერთთან მშვიდობა ჰქონოდათ (ფილიპელები 4:4—9).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ფილიპელებისთვის მიწერილ წერილზე.