ბიბლიური მუხლების ახსნა
ფსალმუნის 23:4 — „წყვდიადით მოცულ ხევში დავაბიჯებ“
„წყვდიადით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ არაფერი მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი კეტისა და კომბლის იმედი მაქვს“ (ფსალმუნი 23:4, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“ (ფსალმუნი 23:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ფსალმუნის 23:4-ის ახსნა a
ღმერთი იცავს თავის თაყვანისმცემლებს და ზრუნავს მათზე მაშინაც კი, როცა ისინი მძიმე განსაცდელებს ხვდებიან. ამ მუხლში გამოყენებულია მეტაფორა იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი ისევე ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე, როგორც მწყემსი — ცხვარზე. b როგორც ამ მუხლშია აღწერილი, ღვთის მსახურები თავს მარტო მაშინაც არ გრძნობენ, როცა წყვდიადით მოცულ ხევში და სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებში დააბიჯებენ ანუ მაშინ, როცა წარმოუდგენლად რთულ განსაცდელებს ხვდებიან. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან იეჰოვაა მათ გვერდით.
ბიბლიურ დროში მტაცებლებისგან ცხვრის დასაცავად მწყემსი კეტს იყენებდა. აგრეთვე ფარის გასარეკად ან სახიფათო ადგილებში ჩავარდნილი ცხვრის ამოსაყვანად, ის იყენებდა კომბალს — მსხვილ, გრძელ ჯოხს, რომელსაც ერთ ბოლოში კაუჭი ჰქონდა. იეჰოვა ღმერთი მოსიყვარულე მწყემსს ჰგავს. ის იცავს თავის მსახურებს და სწორ გზაზე მიუძღვის. იეჰოვა მაშინაც ზრუნავს მათზე, როცა შავბნელი დღეები უდგათ და ამისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებს.
ის თავისი სიტყვით, ბიბლიით, ხელმძღვანელობს მათ და ანუგეშებს (რომაელები 15:4).
ის ისმენს თავის მსახურთა ლოცვებს, აძლევს მათ შინაგან სიმშვიდეს და უარყოფითი ფიქრებისგან ათავისუფლებს (ფილიპელები 4:6, 7).
ის თავის მსახურებს თანაქრისტიანების მეშვეობით ამხნევებს (ებრაელები 10:24, 25).
ის მათ უკეთესი მომავლის უტყუარ იმედს აძლევს, რომ მალე დღეს არსებულ ნებისმიერ საწუხარს ბოლოს მოუღებს (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3—5).
ფსალმუნის 23:4-ის კონტექსტი
23-ე ფსალმუნი დაწერა დავითმა, რომელიც ახალგაზრდობაში მწყემსი იყო და მოგვიანებით ისრაელი ერის მეფე გახდა (1 სამუელი 17:34, 35; 2 სამუელი 7:8). ამ ფსალმუნის დასაწყისში დავითი ამბობს, რომ იეჰოვა მიუძღვის თავის მსახურებს, კვებავს და ზრუნავს არ აკლებს მათ ისევე, როგორც მწყემსი — თავის ფარას (ფსალმუნი 23:1—3).
23-ე ფსალმუნის დასაწყისში, როცა დავითი იეჰოვას მზრუნველობაზე საუბრობს, მას მესამე პირში მოიხსენიებს, ხოლო მე-4 მუხლში ის უკვე მეორე პირში იწყებს საუბარს. ეს იმაზე მიუთითებს, თუ რა ახლო ურთიერთობა ჰქონდა დავითს იეჰოვასთან. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ზრუნავდა მასზე და კარგად იცოდა მისი განსაცდელები. ამიტომაც დავითს არაფრის შიში არ ჰქონდა.
მომდევნო ორ, მე-5 და მე-6 მუხლებში, დავითი უკვე სტუმარ-მასპინძლის მეტაფორას იყენებს. გულუხვი მასპინძლის მსგავსად იეჰოვა დავითს ისე უმასპინძლდება, როგორც პატივდებულ სტუმარს. დავითი იეჰოვას მზრუნველობას მაშინაც გრძნობდა, როცა მტრები თავს ეხვივნენ. 23-ე ფსალმუნის ბოლო სიტყვებში დავითი გამოხატავს იმის ღრმა რწმენას, რომ მთელი სიცოცხლე არ მოაკლდებოდა იეჰოვას წყალობა და სიკეთე.
23-ე ფსალმუნში გამოყენებული თვალსაჩინო მაგალითებიდან ჩანს, რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებზე (1 პეტრე 2:25).
a ზოგ ბიბლიაში ეს ფსალმუნი 22-ე ფსალმუნად არის მოხსენიებული. მართალია, მთლიანობაში 150 ფსალმუნია, მაგრამ ზოგიერთ ბიბლიაში მუხლები დანომრილია ებრაული მასორეტული ტექსტის მიხედვით, ზოგან კი — ბერძნული სეპტუაგინტის (საღვთო წერილის ძველი ბერძნული თარგმანი, რომლის თარგმნაც დასრულდა ძვ.წ. II საუკუნეში) მიხედვით.
b ღმერთი, რომლის სახელიც არის იეჰოვა, ხშირად აღწერილია, როგორც მოსიყვარულე მწყემსი. მისი თაყვანისმცემლები კი შედარებულნი არიან ცხვრებთან, რომლებსაც სჭირდებათ მწყემსისგან დაცვა და მზრუნველობა (ფსალმუნი 100:3; ესაია 40:10, 11; იერემია 31:10; ეზეკიელი 34:11—16).