ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
ფსალმუნის 36:4 —„ისიამოვნე უფლის მიერ“
„იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 37:4; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:4; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ფსალმუნმომღერალი ღვთის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, სიხარული ღმერთთან ახლო ურთიერთობით პოვონ. ყველას, ვინც იეჰოვასთან a მეგობრობს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ის აუსრულებს მათ მართებულ სურვილებს.
„იეჰოვაში პოვე ნეტარება“. ეს გამოთქმა შეიძლება შემდეგნაირადაც ითარგმნოს: „იეჰოვაში პოვე სიხარული“, „უფალი იყოს შენი სიხარული“ ან „უფლის დაპირებები იყოს შენი სიხარული“. საბოლოო ჯამში, ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა უნდა გვანიჭებდეს სიხარულს (ფსალმუნი 37:4). რატომ ვამბობთ ამას?
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვას თაყვანისმცემლები სხვადასხვა საკითხზე ღვთის თვალსაზრისს ითვალისწინებენ. ისინი იცნობენ ღმერთს და აღიარებენ, რომ ყველაზე ბრძნული მისადმი მორჩილებაა. ეს მათ ეხმარება, გაიწაფონ სინდისი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ (იგავები 3:5, 6). მაგალითად, ღვთის თაყვანისმცემელი არ დაკარგავს შინაგან სიმშვიდეს ან ბრაზს არ მისცემს გასაქანს, როცა ხედავს, რომ ხარბი და უპატიოსნო ადამიანები წარმატებულები არიან (ფსალმუნი 37:1, 7—9). მას იმის ცოდნა ახარებს, რომ მალე ღმერთი ყოველგვარ უსამართლობას წერტილს დაუსვამს და თავის მსახურებს მათი კარგი საქმეებისამებრ დააჯილდოებს (ფსალმუნი 37:34). აგრეთვე ბედნიერია, რომ თავის ზეციერ მამას გულს უხარებს და მისგან მოწონებას იმსახურებს (ფსალმუნი 5:12; იგავები 27:11).
„ის შეგისრულებს გულის წადილს“. ეს გამოთქმა შეიძლება შემდეგნაირადაც ითარგმნოს: „ის უპასუხებს შენს ლოცვებს“ ან „ის მოგცემს იმას, რაც ყველაზე მეტად გსურს“. გვესმის, რომ იეჰოვა ყველაფერს არ შეგვისრულებს. მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. მეტიც, ჩვენი სათხოვარი და ჩვენი ცხოვრების წესი მის ნებასთან უნდა იყოს შეთანხმებული (იგავები 28:9; იაკობი 4:3; 1 იოანე 5:14). მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, ლოცვების მომსმენ ღმერთს გულდაჯერებულებმა მივმართოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ჩვენს სათხოვარს შეისმენს (ფსალმუნი 65:2; მათე 21:22).
კონტექსტი
ეს ფსალმუნი ისრაელის მეფე დავითს ეკუთვნის და მისი დაწერისას მან აკროსტიქი b გამოიყენა.
დავითს არაერთხელ მოუწია უსამართლობის ატანა. მას მეფე საულიც კი დასდევდა მოსაკლავად (2 სამუელი 22:1). ამის მიუხედავად, ის ბოლომდე ენდობოდა თავის ღმერთს და სჯეროდა, რომ ბოროტებს ის მიუზღავდა (ფსალმუნი 37:10, 11). შეიძლება ისეც ჩანდეს, რომ ისინი ხარობენ, მაგრამ ერთ დღესაც „ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან“ (ფსალმუნი 37:2, 20, 35, 36).
37-ე ფსალმუნში აშკარად იკვეთება განსხვავება მათ შორის, ვინც ღვთის ნორმებით ცხოვრობს და, ვინც არაფრად აგდებს ამ ნორმებს (ფსალმუნი 37:16, 17, 21, 22, 27, 28). ამ ფსალმუნიდან აგრეთვე ვხედავთ, როგორ შევიძინოთ სიბრძნე და როგორ დავიმსახუროთ ღვთის თვალში მოწონება.
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით „ფსალმუნებზე“.
a ღვთის სახელი, რომელიც ებრაული ენიდან ქართულად ითარგმნა როგორც „იეჰოვა“. წაიკითხეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“ და გაიგეთ, რატომ გამოიყენა ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა ღვთის სახელის ნაცვლად ტიტული „უფალი“.
b ლექსი, რომლის სტრიქონთა თავკიდური ასოებისგან გამოდის სიტყვა ან ფრაზა. ასე დაწერილი ლექსი შესაძლოა ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.