არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

ფსალმუნის 45:10 — „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი“

ფსალმუნის 45:10 — „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი“

 „დამმორჩილდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი! განვდიდდები ხალხებში, განვდიდდები დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 46:10, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე“ (ფსალმუნი 45:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). a

ახსნა

 ღმერთი ყველას მოუწოდებს, რომ მას სცენ თაყვანი და აღიარონ, რომ მას დედამიწაზე მმართველობის უფლება აქვს. ვისაც მარადიულად ცხოვრება სურს, უნდა აღიაროს, რომ ღმერთი შეუზღუდავ ძალას და ძალაუფლებას ფლობს (გამოცხადება 4:11).

 „დამმორჩილდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი!“. ებრაული ფრაზა, რომელიც ნათარგმნია როგორც „დამმორჩილდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“, ზეციერი მამის, იეჰოვას b მოწოდებაა. ის ყველა ადამიანს მოუწოდებს, აღარ შეეწინააღმდეგონ მას და აღიარონ, რომ მხოლოდ ის არის თაყვანისცემის ღირსი.

 მსგავს მოწოდებას მე-2 ფსალმუნშიც ვხვდებით, სადაც ღმერთი პირობას იძლევა, რომ პასუხს მოსთხოვს თავის მოწინააღმდეგეებს. რაც შეეხება მათ, ვინც აღიარებენ ღვთის ძალაუფლებას, ისინი მის ძალასა და სიბრძნეზე არიან მინდობილნი და ხელმძღვანელობისთვის მას მიმართავენ. ისინი ღმერთს აფარებენ თავს, რის გამოც სირთულეების დროსაც კი თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ (ფსალმუნი 2:9—12).

 „განვდიდდები ხალხებში, განვდიდდები დედამიწაზე!“. წარსულში, როცა იეჰოვამ ძალა თავისი ხალხის დასაცავად გამოიყენა, ეს მის განდიდებას მოემსახურა (გამოსვლა 15:1—3). მომავალში, როცა დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანი იეჰოვას მორჩილი და თაყვანისმცემელი იქნება, ის კიდევ უფრო მეტად განდიდდება (ფსალმუნი 86:9, 10; ესაია 2:11).

კონტექსტი

 ერთ ნაშრომში 46-ე ფსალმუნზე ნათქვამია, რომ „ეს არის ღვთის, თავისი ხალხის ძლევამოსილი დამცველის, ძალის განმადიდებელი ჰიმნი“. როცა ღვთის ხალხი 46-ე ფსალმუნს მღეროდა, ნდობას გამოხატავდა იეჰოვას მიმართ, რომ მას მათი დაცვა და დახმარება შეეძლო (ფსალმუნი 46:1, 2). ეს სიტყვები მათ ახსენებდა, რომ იეჰოვა ყოველთვის მათ გვერდით იყო (ფსალმუნი 46:7, 11).

 ეს ფსალმუნი ღვთის ხალხს მოუწოდებდა, ეფიქრა ღვთის ძლევამოსილ საქმეებზე, რაც მათ იეჰოვას მიმართ ნდობას განუმტკიცებდა (ფსალმუნი 46:8). ის განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ღმერთს შესწევს ძალა, ყველანაირ ომს მოუღოს ბოლო (ფსალმუნი 46:9). ბიბლიურ დროში ღმერთმა იმ გაგებით მოუღო ბოლო ომებს, რომ მტრებისგან იცავდა თავის ხალხს. თუმცა ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთი მალე ამას უფრო ფართო მასშტაბით გააკეთებს და მთელ დედამიწაზე მოუღებს ბოლოს ყველანაირ ომს (ესაია 2:4).

 დღესაც ეხმარება იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს? რა თქმა უნდა. მოციქული პავლეც მოუწოდებდა ქრისტიანებს, ღმერთს მინდობოდნენ, როცა შველა სჭირდებოდათ (ებრაელები 13:6). 46-ე ფსალმუნში თავმოყრილი აზრები გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ ღმერთს ჩვენი დაცვის ძალა შესწევს და გვეხმარება, ის მივიჩნიოთ ჩვენს თავშესაფრად და ძალად (ფსალმუნი 46:1).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „ფსალმუნებზე“.

a ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ფსალმუნი 45-ე ფსალმუნად არის მოხსენიებული. მართალია, მთლიანობაში 150 ფსალმუნია, მაგრამ ზოგიერთ ბიბლიაში მუხლები დანომრილია ებრაული მასორეტული ტექსტის მიხედვით, ზოგან კი — ბერძნული სეპტუაგინტის (საღვთო წერილის ძველი ბერძნული თარგმანი, რომლის თარგმნაც დასრულდა ძვ.წ. II საუკუნეში) მიხედვით.

b იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „“ვინ არის იეჰოვა?“.