ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
2 კორინთელების 12:9 — „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც“
„გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან, როცა სუსტი ხარ, მაშინ შეიგრძნობ სრულად ჩემს ძალას“ (2 კორინთელები 12:9; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა აღსრულდება უძლურებაში“ (2 კორინთელები 12:9; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ღმერთი დაჰპირდა მოციქულ პავლეს, რომ ნებისმიერ სირთულესთან გასამკლავებლად ძალას მისცემდა.
„გეყოფა ჩემი წყალობა“. პავლეს დაჟინებულ ლოცვაზე ღვთის ეს პასუხი შეიძლება ასეც ითარგმნოს, „ჩემი სიკეთე ყველაფრისთვის გეყოფა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის მიერ გამოვლენილი სიკეთე საკმარისი იქნებოდა, რომ პავლეს გადაელახა სირთულეები. ეს სიტყვა, რომელიც „წყალობად“ ითარგმნა, გულისხმობს ღვთის მიერ გულუხვად გაღებულ დაუმსახურებელ ძღვენს. პავლეს წერილებიდან აშკარად იკვეთება, რამდენად დიდ დახმარებას უწევდა მას ღვთის წყალობა. მიუხედავად იმისა, რომ პავლე ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი იყო, ღმერთმა მას ძალა მისცა, შეცვლილიყო და სხვებსაც დახმარებოდა, ქრისტიანები გამხდარიყვნენ (1 კორინთელები 15:9, 10; 1 ტიმოთე 1:12—14). პავლეს შეეძლო თავდაჯერებული ყოფილიყო და სრულად მინდობოდა ღმერთს იმაში დარწმუნებული, რომ მისი დახმარებით ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებოდა.
„როცა სუსტი ხარ, მაშინ შეიგრძნობ სრულად ჩემს ძალას“. იეჰოვა a ღმერთმა პავლეს შეახსენა, რომ მისი ძლიერება აშკარა მაშინ ხდება, როცა თავის ძალას სუსტი და არასრულყოფილი ადამიანების დასახმარებლად იყენებს (2 კორინთელები 4:7; 12:8). როცა ქრისტიანებს ესმით, რომ ყველაფრის კეთების ძალა არ შესწევთ და დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავენ, ამით ღმერთს საშუალებას აძლევენ, რომ ძალა მათ დასახმარებლად გამოიყენოს (ეფესოელები 3:16; ფილიპელები 4:13). სწორედ ამ გაგებით ვლინდება ღვთის ძალა ადამიანის სისუსტეში.
კონტექსტი
ღვთივშთაგონებით პავლემ ეს წერილი კორინთელ ქრისტიანებს დაახლოებით ახ. წ. 55 წელს მისწერა. წერილის ბოლო ნაწილში მას იმის თქმა მოუწია, რომ როგორც მოციქული ძალაუფლებას ფლობდა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ შესაძლოა მისი საუბრისა და საქციელის გამო ზოგიერთის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა (2 კორინთელები 10:7—10; 11:5, 6, 13; 12:11).
საკუთარი თავის დასაცავად პავლეს იმის ახსნაც მოუწია, რომ თუ საკუთარ თავს დაენდობოდა, ვერ შეძლებდა მსახურებაში წარმატების მიღწევას და განსაცდელების ატანას (2 კორინთელები 6:4; 11:23—27; 12:12). მე-12 თავში ის გადატანითი მნიშვნელობით ამბობს, რომ „სხეულში ეკალი“ მიეცა, რაც, როგორც ჩანს, მუდმივ ემოციურ ან ფიზიკურ ტკივილს გულისხმობდა (2 კორინთელები 12:7). მიუხედავად იმისა, რომ პავლეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ტკივილთან უწევდა გამკლავება, მას სჯეროდა, რომ ღვთის დახმარებით აიტანდა მას.
ქრისტიანები დღესაც ხვდებიან სირთულეებს და დევნის ობიექტი ხდებიან. მათ ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ ღვთის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებიან. ისინიც ეთანხმებიან პავლეს სიტყვებს: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელები 12:10).
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „2 კორინთელებზე“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.