ვინ ან რა არის „ალფა და ომეგა“?
ბიბლიის თვალსაზრისი
„ალფა და ომეგა“ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას ეწოდება. ეს ფრაზა ბიბლიაში სამჯერ გვხვდება (გამოცხადება 1:8; 21:6; 22:13). a
რატომ უწოდებს ღმერთი თავის თავს „ალფას და ომეგას“?
ალფა და ომეგა არის ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები. სწორედ ბერძნულ ენაზე დაიწერა ეგრეთ წოდებული ახალი აღთქმა, რომლის ნაწილიც არის წიგნი „გამოცხადება“. ამიტომ ბერძნული ანბანის ეს ორი ასო მართებულად გამოიყენება ღმერთთან მიმართებით, რადგან მხოლოდ ის არის „დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხადება 21:6). უსასრულო წარსულიდან მოყოლებული იეჰოვა არის და ყოველთვის იქნება ყოვლისშემძლე ღმერთი. ის არის ერთადერთი, რომელიც „უსასრულობიდან უსასრულობამდე“ არსებობს (ფსალმუნი 90:2, სქოლიო).
ვინ არის „პირველი და უკანასკნელი“?
ბიბლიაში „პირველი და უკანასკნელი“ იეჰოვა ღმერთსაც ეწოდება და მის ძეს, იესო ქრისტესაც, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობით. განვიხილოთ ორი მაგალითი:
ესაიას 44:6-ში იეჰოვა ამბობს: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“. აქ იეჰოვა ღმერთი ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ის მარადიულად არსებობს და მხოლოდ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (კანონი 4:35, 39). ამ შემთხვევაში ფრაზები „პირველი და უკანასკნელი“ და „ალფა და ომეგა“ ერთსა და იმავე მნიშვნელობას ატარებს.
გარდა ამისა, ფრაზა „პირველი [პროტოს და არა ალფა] და უკანასკნელი [ესხატოს და არა ომეგა]“ გვხვდება გამოცხადების 1:17, 18-სა და 2:8-ში. ამ ბიბლიური მუხლების კონტექსტიდან ჩანს, რომ ის, ვის მიმართაც ეს სიტყვებია გამოყენებული, მოკვდა და მოგვიანებით აღდგა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ამ მუხლებში საუბარი იყოს ღმერთზე, რადგან ის არასოდეს მომკვდარა (აბაკუმი 1:12). ღვთისგან განსხვავებით იესო ქრისტე მოკვდა და აღდგა (საქმეები 3:13—15). ის იყო პირველი, ვინც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა, რათა მისთვის ზეცაში უკვდავება ებოძებინა (გამოცხადება 1:18; კოლოსელები 1:18). მას შემდეგ იესო თავად აღადგენს მკვდრებს (იოანე 6:40, 44). აქედან გამომდინარე, ის იყო უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა (საქმეები 10:40). სწორედ ამ გაგებით შეიძლება იესოს ეწოდოს „პირველი და უკანასკნელი“.
ამტკიცებს გამოცხადების 22:13-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ „ალფა და ომეგა“ იესოა?
არა. ზუსტად არ ვიცით, ვის ეკუთვნის გამოცხადების 22:13-ში მოცემული სიტყვები, რადგან ამ თავში რამდენიმე პიროვნების სიტყვებს ვკითხულობთ. პროფესორი უილიამ ბარკლეი წიგნ „გამოცხადების“ ამ მონაკვეთზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „ვინაიდან ამ თავში თანმიმდევრობა არ არის დაცული, ... რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ ვის რომელი ციტატა ეკუთვნის“ (The Revelation of John, Volume 2, Revised Edition, page 223). წიგნ გამოცხადების სხვა თავებში სიტყვები „ალფა და ომეგა“ იეჰოვა ღმერთთან მიმართებით გამოიყენება, ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ გამოცხადების 22:13-ში მოცემული სიტყვებიც სწორედ მას ეკუთვნის.
a ბიბლიის „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ეს სიტყვები გამოცხადების 1:11-შიც გვხვდება. თუმცა ბევრ თანამედროვე თარგმანში ამ ადგილას ეს ფრაზა ამოღებულია, რადგან უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში ის არ არის მოხსენიებული. როგორც ჩანს, ამ მუხლში სიტყვები „ალფა და ომეგა“ მოგვიანებით ჩაამატეს.