რა არის ახალი იერუსალიმი?
ბიბლიის თვალსაზრისი
ფრაზაში „ახალი იერუსალიმი“, რომელიც ბიბლიაში ორჯერ გვხვდება, იგულისხმება სიმბოლური ქალაქი, რომლითაც წარმოდგენილია იესოს მიმდევრების ერთი კონკრეტული ჯგუფი; ამ ჯგუფის წევრები იესოსთან ერთად იმმართველებენ ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 3:12; 21:2). ბიბლიაში ამ ჯგუფს ქრისტეს პატარძალიც ეწოდება.
ახალი იერუსალიმის ამოსაცნობი ნიშანი
ახალი იერუსალიმი ზეცაშია. ორივე შემთხვევაში, როცა ბიბლიაში საუბარია „ახალ იერუსალიმზე“, ნათქვამია, რომ ის ჩამოდის ზეციდან, სადაც ანგელოზები ქალაქის კარიბჭეებს იცავენ (გამოცხადება 3:12; 21:2, 10, 12). გარდა ამისა, ქალაქის უზარმაზარი მასშტაბები იმაზე მიუთითებს, რომ ის ვერ იქნება დედამიწაზე. ამ შემთხვევაში ქალაქის ზომები მოცემულია კუბურ ერთეულებში და შეადგენს „12, 000 სტადიონს“ (სტადია) ანუ „ფურლონგს“ a (გამოცხადება 21:16 „მეფე ჯეიმზის თარგმანი“). აქედან გამომდინარე, ქალაქის სიგრძეც, სიგანეც და სიმაღლეც დაახლოებით 560 კილომეტრია. ანუ გამოდის, რომ ქალაქი სივრცეშია განფენილი.
ახალი იერუსალიმი შედგება იესოს მიმდევართა კონკრეტული ჯგუფისგან, ქრისტეს პატარძლისგან. ახალ იერუსალიმს ეწოდება „პატარძალი, კრავის ცოლი“ (გამოცხადება 21:9,10). ამ სიმბოლურ სიტყვებში „კრავი“ იესო ქრისტეზე მიუთითებს (იოანე 1:29; გამოცხადება 5:12). „კრავის ცოლი“ ქრისტეს პატარძალია, რომელიც წარმოადგენს იმ ქრისტიანებს, რომლებიც იესოს შეუერთდებიან ზეცაში. ბიბლია იესოსა და ამ ქრისტიანების ურთიერთობას ცოლქმრულ ურთიერთობას ადარებს (2 კორინთელები 11:2; ეფესოელები 5:23—25). გარდა ამისა, ახალი იერუსალიმის საძირკველი დგას ქვებზე, რომლებზეც ამოკვეთილია „თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი“ (გამოცხადება 21:14). ეს დეტალი გვეხმარება ზუსტად გავერკვეთ, რა არის სინამდვილეში ახალი იერუსალიმი, ვინაიდან ქრისტიანები, რომლებსაც ზეციერი მოწოდება აქვთ, „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე“ არიან დაშენებულნი (ეფესოელები 2:20).
ახალი იერუსალიმი ღვთიური მმართველობის ნაწილია. ძველი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო, სადაც მეფე დავითი, მისი ძე სოლომონი და მათი შთამომავლები ისხდნენ „იეჰოვას ტახტზე“ (1 მატიანე 29:23). იერუსალიმს ეწოდებოდა „წმინდა ქალაქი“, ამგვარად, იგი განასახიერებდა ღვთის სამეფოს დავითის საგვარეულოში (ნეემია 11:1). ახალ იერუსალიმში, რომელსაც „წმინდა ქალაქიც“ ეწოდება, შედიან ისინი, რომლებიც იესოს უერთდებიან ზეცაში; ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10; 21:2).
ახალი იერუსალიმი კურთხევებს მოუტანს დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. ახალ იერუსალიმზე ნათქვამია, რომ არის „ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი მისი მეშვეობით ზეცის გარდა სხვაგანაც მოაგვარებს საქმეებს (გამოცხადება 21:2). ეს გამოთქმა ახალ იერუსალიმს აკავშირებს ღვთის სამეფოსთან, სამეფოსთან რომლის მეშვეობითაც ღმერთი შეასრულებს თავის ნებას „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწაზე მცხოვრები ხალხი შემდეგი კურთხევებით გაიხარებს:
ცოდვისგან გათავისუფლება. ახალი იერუსალიმიდან მოედინება „სიცოცხლის წყლის მდინარე, რომელიც ასაზრდოებს „სიცოცხლის ხეებს“; ეს ხეები ხალხების განსაკურნავად არის (გამოცხადება 22:1,2). ამ ფიზიკური და სულიერი განკურნების შედეგად ჩამოგვშორდება ცოდვა. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, გავიხაროთ სრულყოფილი სიცოცხლით, როგორც ეს ღმერთს თავდაპირველად ჰქონდა განსაზღვრული (რომაელები 8:21).
ღმერთსა და ადამიანებს ექნებათ შესანიშნავი ურთიერთობა. ცოდვამ ადამიანები ღმერთს დააშორა (ესაია 59:2). ცოდვისგან გათავისუფლების შემდეგ სრულად გახდება შესაძლებელი ამ წინასწარმეტყველების შესრულება: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება (გამოცხადება 21:3).
ტანჯვას და სიკვდილს ბოლო მოეღება. სამეფოს მეშვეობით ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
a სტადიონი იგივე სტადია იყო სიგრძის საზომი ერთეული, რომელსაც რომაელები იყენებდნენ. ის უდრის 185 მეტრს.