რას ამბობს ბიბლია ასაკოვანი მშობლების მოვლაზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
შვილებს ასაკოვან მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრიათ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ შვილებმა თავიანთი რწმენა ოჯახში საქმეებით უნდა დაამტკიცონ და „მშობლებს ... საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის“ (1 ტიმოთე 5:4). შვილები, რომლებიც ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნავენ, ითვალისწინებენ ბიბლიურ მითითებას: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2, 3).
ბიბლია არ აკონკრეტებს, როგორ უნდა ვიზრუნოთ ასაკოვან მშობლებზე, თუმცა მოგვითხრობს ღვთის ერთგული მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებიც ხანდაზმულებზე ზრუნავდნენ. ღვთის სიტყვა პრაქტიკულ რჩევებსაც სთავაზობს მათ, ვისაც მშობლების მოვლა უწევთ.
როგორ ზრუნავდნენ ასაკოვან ოჯახის წევრებზე ბიბლიურ დროში?
ეს სხვადასხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
იოსები ხანდაზმული მამისგან, იაკობისგან შორს ცხოვრობდა, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, თავისთან ახლოს დაასახლა იგი. იოსებმა ყველაფერი გააკეთა, რომ იაკობს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო და თავშესაფარი და საკვები ჰქონოდა (დაბადება 45:9—11; 47:11, 12).
რუთი დედამთილის სამშობლოში დამკვიდრდა. ის დაუღალავად შრომობდა, რომ თავის ასაკოვან დედამთილზე ეზრუნა (რუთი 1:16; 2:2, 17, 18, 23).
იესომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედამისზე, მარიამზე ზრუნვა თავის მოწაფეს მიანდო. როგორც ჩანს, მარიამი იმ დროისთვის დაქვრივებული იყო (იოანე 19:26, 27). a
რა პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს ბიბლია მათ, ვისაც მშობლების მოვლა უწევთ?
ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები ეხმარება შვილებს, გაუმკლავდნენ ხანდაზმული მშობლების მოვლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლებმაც შეიძლება ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტოს ისინი.
პატივისცემით მოეპყარით
ბიბლიაში ნათქვამია: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამოსვლა 20:12).
როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გათვალისწინება: მშობლების მიმართ პატივისცემას გამოავლენთ, თუ მათი მდგომარეობის შესაბამისად მაქსიმალურ თავისუფლებას მისცემთ. მაგალითად, მიეცით მშობლებს უფლება, თავად გადაწყვიტონ ის საკითხები, რომლებიც მათ მოვლას უკავშირდება. ამავდროულად, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ მშობლების დასახმარებლად. ასეთი სახით მათ მიმართ პატივისცემას გამოავლენთ.
გაგებით მოეკიდეთ და ნუ განაწყენდებით
ბიბლიაში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).
როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გათვალისწინება: თუ მშობელი თავისი სიტყვებით გულს გტკენთ ან ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ არ აფასებს თქვენს შრომას, დაფიქრდით: მე როგორ მოვიქცეოდი მსგავს მდგომარეობაში? თუ გაგებით მოეკიდებით მას და ადვილად არ განაწყენდებით, ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებთ.
იკითხეთ რჩევა
ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22).
როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გათვალისწინება: მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, რათა მშობლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროთ. გაარკვიეთ, რა შეღავათები ან რა პროგრამები არსებობს იმისათვის, რომ უკეთ იზრუნოთ მშობლებზე. ჰკითხეთ რჩევა მათ, ვისაც ასაკოვან მშობლებზე ზრუნვის გამოცდილება აქვთ. თუ დედმამიშვილები გყავთ, ერთად იმსჯელეთ, რა სჭირდებათ მშობლებს, როგორ იზრუნოთ მათზე და როგორ გაინაწილოთ პასუხისმგებლობები.
სათანადოდ შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები
ბიბლიაში ნათქვამია: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2).
როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გათვალისწინება: გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარი. გახსოვდეთ, რომ არავის აქვს თავზე საყრელი დრო და უშრეტი ენერგია. ამის გამო შეიძლება იმდენი ვერ გააკეთოთ მშობლებისთვის, რამდენსაც ისურვებდით. თუ ატყობთ, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა მძიმე ტვირთად გექცათ, დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან კვალიფიციურ ადამიანებს მიმართეთ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
ბიბლიაში ნათქვამია: „არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29).
როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გათვალისწინება: მართალია, მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა გაკისრიათ, მაგრამ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ და, თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლეზეც და შვილებზეც. აუცილებელია, კარგად იკვებოთ, საკმარისად იძინოთ და სათანადოდ დაისვენოთ (ეკლესიასტე 4:6). გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ დროდადრო ვინმე შეგენაცვლებათ. შედეგად, ემოციურად, გონებრივად და ფიზიკურად მზად იქნებით, რომ კვლავაც განაგრძოთ მშობლებზე ზრუნვა.
მოითხოვს ბიბლია, რომ ხანდაზმულ მშობლებზე სახლში ვიზრუნოთ?
ბიბლია არ აკონკრეტებს, სახლში უნდა იზრუნონ თუ არა შვილებმა მშობლებზე. ზოგი ოჯახი არჩევს, რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეთ მშობლები სახლში. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ მათ მშობლებზე მოხუცებულთა სახლში იზრუნებენ. ოჯახმა ერთად უნდა მოითათბიროს და ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს (გალატელები 6:4, 5).
a ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ნაშრომში აღნიშნული იყო: „შესაძლებელია, [მარიამის ქმარი] იოსები დიდი ხნის მკვდარი იყო და დედაზე იესო ზრუნავდა. მაგრამ ვინ იზრუნებდა მარიამზე იესოს სიკვდილის შემდეგ? . . ქრისტემ ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვის კარგი მაგალითი მოგვცა“ (The NIV Matthew Henry Commentary in One Volume, გვერდები 428, 429).